შსს

შსს: გამოვლენილია საერთაშორისო ნარკოტრაფიკის საქმე

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრაფიკის საქმე გამოავლინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, რომელიც სხვადასხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით ჩატარდა, აღნიშნული ავტომანქანის ძარაზე დამონტაჟებულ სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კერძოდ, 500 გრამიან შეკვრებად დაფასოებული 232 ერთეული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, საერთო წონით 116 კგ" - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულია თურქეთისა და მოლდოვის რესპუბლიკის ორი მოქალაქე.

"დაკავებისას თურქეთის მოქალაქე მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანას, მოლდოვის რესპუბლიკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით მართავდა. მას თან ახლდა მოლდოვის მოქალაქე. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 3 ივლისს გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით. თურქეთის მოქალაქემ საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვისათვის უკანონოდ შემოიტანა 116 კგ ჰეროინი, რომლის ღირებულებაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. 
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.  

კომენტარები