სტიქია

ძლიერ წვიმას თბილისსა და რუსთავში ზარალი მოჰყვა

112.ge

გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო, თბილისში 50-მდე სამაშველო გამოძახება დაფიქსირდა. როგორც სააგენტო ინტერპრესნიუსი საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, გამოძახებების უმეტესობა სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს უკავშირდებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, მაშველები მოქალაქეების დასახმარებლად ღამის 3-4 საათამდე მუშაობდნენ. ძლიერ წვიმას ძველი შენობების ნგრევა არ გამოუწვევია. შესაბამისად, არავინ დაზარალებულა.

გასულ ღამეს ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ პრობლემები რუსთავშიც შექმნა. ქარიშხალმა მეგობრობის გამზირზე ფოსტის შენობას სახურავი გადახადა, სანაპიროს ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის მილი დააზიანა. კომპანია რუსთავგაზმა უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ქუჩას გაზმომარაგება დროებით შეუწყვიტა.

გარდა ამისა, მეგობრობის გამზირზე ძლიერმა ქარმა რადენიმე ხე წააქცია. დაიტბორა მე-12 მ/რ-ის, თოდრიას, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია. ქალაქის უდიდეს ნაწილს დილამდე არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რადგან მოხდა ავარიული გათიშვა. სახანძრო და სამაშველო სამსახურებმა და რუსთავწყალმა სანიაღვრე ჭების წმენდა დაიწყეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც, მეგობრობის გამზირზე დროებით მოძრაობაც იყო შეჩერებული. ადგილზე იმყოფებოდნენ რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

 

კომენტარები