საქართველო-რუსეთი

მავთულხლართები დათმობების პასუხად

დიმიტრი ავალიანი
0 კომენტარი

პირველად, რუსეთთან ურთიერთობის „დალაგების" პროცესის დაწყების შემდეგ, ახალმა მთავრობამ მოსკოვისგან მკაფიო მესიჯები მიიღო იმის შესახებ, რომ თბილისის მიმართ მისი მტრული პოლიტიკა არ იცვლება. ეს იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება გამოაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში კრემლის გაღიზიანებას ყოველმხრივ ერიდებოდა და გარკვეულ დათმობებზეც წავიდა.

მაისში, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ზოლზე განლაგებული რუსი მესაზღვრეები „საზღვრის" მოწყობას აქტიურად შეუდგნენ. თანაც, საოკუპაციო ზოლი რიგ ადგილებში რამდენიმე ათეული მეტრით გადმოსწიეს და მავთულხლართები ქართული სოფლების – დიცისა და დვანის ტერიტორიაზე ისე გაავლეს, რომ სავარგულებიც და საცხოვრებელი სახლებიც „საზღვრის" მეორე მხარეს აღმოჩნდა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა განაცხადა, რომ უშუალოდ „საზღვრის" პირას, ფაქტობრივად, მიტაცებულ ტერიტორიაზე, ახალი შენობების მშენებლობაც იგეგმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, სადემარკაციო ხაზის გადმოწევა 20-25-კილომეტრიან მონაკვეთზე მოხდა, გადმოწევის სიღრმე კი 50-დან 300 მეტრამდეა.

თავდაპირველად, თბილისს მკაფიო პროტესტი არ გამოუხატავს. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განმარტა, რომ ამ ქმედებებით რუსეთს სურს თბილისი საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებებზე დაითანხმოს და „მეტრების გადმოწევით კილომეტრები დაიკანონოს". მისი განცხადებით, საქართველო 300 მეტრის გულისთვის „ომს ვერ გამოაცხადებს".

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ, მისი აზრით, ადგილი აქვს „უფრო გაუგებრობას, ვიდრე კრემლიდან მართულ პოლიტიკას". „მე რატომღაც მგონია, რომ გაუგებრობაა, რადგან კარგად ვხედავ, რომ ანალიზის კარგი უნარი მაქვს. მე ამას არ ვტრაბახობ, თუმცა ხშირად ვიმეორებ – არ შედის ახლა ეს რუსეთის ინტერესებში", – აღნიშნა ივანიშვილმა. მან გამოთქვა ეჭვი, რომ, შესაძლოა, რუსეთში არსებობენ რაღაც ძალები, რომლებსაც „ურთიერთობების დალაგების" პროცესი არ მოსწონთ.

ფაქტობრივად, პრემიერმა მოვლენების იმგვარი ახსნა მოიშველია, რომელიც ედუარდ შევარდნაძისთვის იყო დამახასიათებელი – რომ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება საქმის კურსში არ არის, რას სჩადიან სამხედროები და ცალკეული მოხელეები საქართველოს ტერიტორიაზე. და რომ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისკენ მიმართული რაიმე ქმედებები „ცალკეულ ძალებს" და არა რუსეთის ხელისუფლებას უკავშირდება. შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა მკაფიოდ აჩვენა, თუ რაოდენ მცდარი იყო ასეთი მიდგომა, რომლის რეანიმირებას საქართველოს ახალი პრემიერმინისტრი შეეცადა.

მაგრამ მალევე ივანიშვილი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ რუსეთის ნაბიჯები მისთვის მოულოდნელია და არც ისე კარგი „ანალიზის უნარი" აღმოაჩნდა. ფაქტობრივად, იგი დაბნეულია და არ იცის, მოსკოვის ამ ქმედებებს რა დაუპირისპიროს. „მართალი გითხრათ, ესეც გაუგებარია რაც ხდება, მე ისიც ვერ ამიხსნია, რატომ ხდება, ეს არ შედის ინტერესში, ეს არ შედის იმ ანალიზში, რომელსაც მე ვაკეთებ. ჩემს ხედვებს ეს არ ემთხვევა და ეს არის ამოვარდნა იმ მოდელიდან, რომელიც მე წარმომიდგენია. მით უმეტეს, გართულება ვერ წარმომიდგენია", – განაცხადა პრემიერმინისტრმა პრაიმტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

5 ივნისს, კიდევ ერთ ინტერვიუში კი, ივანიშვილმა აღნიშნა: „მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. მე ამის არა მჯერა".

ეს ივანიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განმარტა, რომ „საზღვრის დემარკაციის" სამუშაოებს რუსი მესაზღვრეები სწორედ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების დავალებით ახორციელებენ.

პრემიერის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ კარასინმა კიდევ ერთი მესიჯი გაახმოვანა, რომელიც ასევე მოულოდნელი უნდა ყოფილიყო „დალაგებით" დაკავებული მთავრობისთვის. კერძოდ, მან განაცხადა, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის შერბილებული ვარიანტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, საერთოდ უნდა გაუქმდეს – ეს „საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა". ცვლილება, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსული უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის პირველ ჯერზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას და მათთვის მხოლოდ ჯარიმის დაწესებას ითვალისწინებს, მოსკოვისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

რუსეთის ქმედებებით აღშფოთებისა და იმედგაცრუების მიუხედავად, პრემიერმინისტრმა საჭიროდ არ ჩათვალა დასწრებოდა უშიშროების საბჭოს 5 ივნისის სხდომას იმ მოტივით, რომ ქვეყანაში განსაკუთრებული არაფერი ხდება.
რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების" პირობა ქართული ოცნების ლიდერმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე დადო. პასუხისმგებლობას რუსეთთან კონფლიქტზე იგი, ფაქტობრივად, მთლიანად წინა ხელისუფლებას აკისრებდა. თავად კი აცხადებდა, რომ „ზედმეტს არ უყიჟინებს" დასავლეთს ოკუპაციის თემაზე და რუსეთის მიმართ რიტორიკის შერბილებით მიაღწევს იმ შედეგებს, რასაც წინა მთავრობამ ვერ მიაღწია.

მოლაპარაკებები აბაშიძე-კარასინის ორმხრივი შეხვედრების ფორმატში ძირითადად სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საკითხებზე წარიმართა. საქართველოში ხარისხის კონტროლის რუსი ინსპექტორების რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, რუსულ ბაზარზე ქართული მინერალური წყალი დაბრუნდა, ასევე რამდენიმე ქართული კომპანიის ღვინის ბრენდები დარეგისტრირდა, რომლებიც რუსული სანიტარული უწყებისგან ახლო მომავალში ნებართვას ელიან.

თუმცა, როგორც მოსკოვის ბოლო ნაბიჯები მოწმობს, ახალმა მთავრობამ არათუ კონფლიქტის პოლიტიკურ დარეგულირებაში წინსვლას, კრემლის მხრიდან აგრესიული ნაბიჯების შეწყვეტასაც ვერ მიაღწია. რუსულმა მხარემ, კარასინის პირით, თბილისს ურჩია, სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან" საზღვრის დემარკაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. რუსეთში მოქმედი ევრაზიული კავშირის ლიდერმა და იდეოლოგმა ალექსანდრ დუგინმა კი ისიც განაცხადა, რომ საზღვრის პრობლემა იმ შემთხვევაში მოგვარდება, თუ საქართველო, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ერთად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.

დუგინი და სხვა რუსი ექსპერტები საქართველოში ხელისუფლების ცვლას დადებითად აფასებენ, მაგრამ ზოგიერთ მათგანი იმედგაცრუებულია იმით, რომ ივანიშვილის მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საკმარის ნაბიჯებს არ დგამს.
„ბიძინა ივანიშვილმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებას მისი მთავრობის ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა უწოდა. მაგრამ ახლა, ნახევარი წლის შემდეგ, დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ რეალურად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება", – მიიჩნევს რუსი პოლიტოლოგი იანა ამელინა. მისი თქმით, მთავარ პრობლემებად ორი ქვეყნის ურთიერთობებში რჩება საქართველოს სურვილი, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რაც, მისი თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება. „ივანიშვილის მთავრობა სტრატეგიული მიმართულების შეცვლას არ აპირებს. ეს ორი სეგმენტი კი (საქართველოს NATO-ში გაწევრიანება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსი) რუსეთისთვის პრინციპულია და ამ მიმართულებებით რაიმე დათმობები გამორიცხულია", – აცხადებს ამელინა.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ექსპერტი ანდრეი სუშენცოვი, რომელიც გასულ წელს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივების შესახებ მოხსენების მომზადებაში მონაწილეობდა, ასევე გამორიცხავს რაიმე დათმობას მოსკოვისთვის პრინციპულ საკითხებში. მისი თქმით, საქართველოში ყოფნისას იგი ესაუბრა ქართველ ექსპერტებს, რომლებსაც, მისი აზრით, „გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდათ".

„ისინი კითხულობენ: რისი მიცემა შეუძლია რუსეთს საქართველოსთვის. მე კი ვეკითხები – რატომ თვლით, რომ ახლა რამეს მოგცემთ ან შემოგთავაზებთ?". სუშენცოვის თქმით, „იყო ასეთი იდეებიც: რა მოხდება, საქართველომ რომ NATO-ზე უარი თქვას, იქნებ თქვენ რაღაც დაგვიბრუნოთ ან კიდევ რამე გაგვიკეთოთ. ეს, მიმაჩნია, ძალზე პრიმიტიული და სიცოცხლისუუნარო მიდგომაა. საერთაშორისო ურთიერთობებში ასე არ ხდება".

მოსკოვში იმასთან დაკავშირებით მოლოდინების გაჩენას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თბილისი ბევრად უფრო დამთმობი გახდებოდა, გარკვეულწილად, მთავრობის და პირადად პრემიერმინისტრის მხრიდან ცალკეულმა მესიჯებმაც შეუწყო ხელი.

იანვარში სომხეთში ყოფნისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ სომხეთის რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობას სამაგალითოდ მიიჩნევს. მოგვიანებით პრემიერმა და საგარეო უწყებამ განმარტეს, რომ ამ განცხადებაში საგარეო კურსის შეცვლის შესაძლებლობა არ იგულისხმებოდა.

ივანიშვილმა ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში. აგრეთვე პრინციპული თანხმობა განაცხადა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე. ხელისუფლების განცხადებები 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ, თანაც ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობის კონტექსტში, ასევე სასურველი სიგნალი იყო მოსკოვისთვის, რომ საქართველოს ახალი მთავრობა შეიძლება მას აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობის მთლიანად თბილისისთვის გადაბრალებაში დაეხმაროს.

გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი პრაქტიკულად თავს იკავებს რუსეთის ხელისუფლების მისამართით რაიმე სახის კრიტიკისგან, ისეთ საკითხებშიც, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო ერთიან პოზიციაზეა. ამის მაგალითი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მისი გამოსვლა იყო – როდესაც ივანიშვილს ჰკითხეს, თუ რა პოზიცია ჰქონდა მაგნიტსკის საქმესთან დაკავშირებით, მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ფონზე, სხვა ქვეყნებში ასეთი დანაშაულების შეფასებისგან თავს შეიკავებს.

როგორც ჩანს, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის სპეცწარმომადგენლის დანიშვნა, რიტორიკის შერბილება, დათმობები ისეთ საკითხებში, როგორიცაა სოჭის ოლიმპიადა, კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ა.შ., ივანიშვილს საკმარისად მიაჩნდა იმისთვის, რომ რუსეთს საპასუხო ნაბიჯები გადმოედგა ან, ყოველ შემთხვევაში, აგრესიული ქმედებები აღარ გაეგრძელებინა. და საპირისპირო შედეგით გაოგნებული დარჩა.

მაგრამ გაუგებარია, რატომ ელოდა პრემიერი რუსეთის დღევანდელი რეჟიმისგან დათმობებს და შემხვედრ ნაბიჯებს საკუთარი კეთილი ნების საპასუხოდ, რაც პუტინის პოლიტიკაში და მოქმედებების ლოგიკაში საერთოდ არ ეწერება. „ჩვენ სისუსტე გამოვავლინეთ. სუსტებს კი ურტყამენ", – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა 2004 წელს, ბესლანის ტრაგედიის შემდეგ გააკეთა. და როგორც მის მიერ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ გატარებული პოლიტიკა ადასტურებს, იგი მართლაც არ უშვებს შესაძლებლობას დაარტყას მათ, ვინც სისუსტეს გამოიჩენს.

ვლადიმირ პუტინი თანასწორუფლებიან პარტნიორად არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ აღიქვამს (მისდამი ლოიალური რეჟიმების ჩათვლით) და, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უფლება აქვს მათ ცალმხრივი დათმობები მოსთხოვოს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერი მისცეს. 2010 წელს უკრაინამ NATO-ში ინტეგრაციაზე უარი თქვა და რუსეთს ქვეყანაში მისი სამხედრო ფლოტის ყოფნა გაუხანგრძლივა. თუმცა, საპასუხო დათმობას – ბუნებრივ აირზე ფასების დაკლებას, ვერ ეღირსა. პირიქით, პუტინმა იანუკოვიჩს ახალი მოთხოვნები წაუყენა – გაზსადენების გაზპრომისთვის გადაცემა და საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას შეუძლებელს გახდის.

მანამდე კი მოლდოვამ, რუსეთის მოთხოვნით, ნეიტრალიტეტის შესახებ კანონი მიიღო, თუმცა დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ მიაღწია.

პუბლიცისტი ანდრეი პიონტკოვსკი ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის მენტალიტეტს „პეტერბურგული ვიგინდარების" ფსიქოლოგიას უწოდებს, რაც, როგორ ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში ვლინდება.

მოსკოვის პოლიტიკა როგორც საქართველოს, ასევე სხვა მისი მეზობლების მიმართ, ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ კრემლი თავის საზღვართან წარმატებული სახელმწიფოს არსებობას საფრთხედ აღიქვამს, განსაკუთრებით კი ეს საქართველოს ეხება. იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში. საქართველოს წარმატებული, რეფორმირებული, თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფო „ცუდი მაგალითი" იქნებოდა რუსეთისთვის და განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიის რეგიონისთვის. უარის თქმა ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაზე კრემლისთვის სასურველი, თუმცა მაინც არასაკმარისი იქნებოდა, როგორც ამას უკრაინის მაგალითი მოწმობს.

კრემლს სურს, საქართველოში არა კეთილგანწყობილი ან ლოიალური, არამედ სრულად მორჩილი ხელისუფლება ჰყავდეს. ისევე, როგორც სხვა მეზობლების შემთხვევაში, რომლებზეც მოსკოვს ზეგავლენა ჯერ კიდევ შეუძლია.

შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი საფრთხე, რაც საქართველოს წინაშე ამჟამად დგას, სწორედ ზემოხსენებულის გაუთვალისწინებლობას და რუსეთის მიმართ ხელისუფლების ინფანტილურ პოლიტიკას, გაუმართლებელ დათმობებს და გულუბრყვილო მოლოდინებს უკავშირდება, რისი ნათელი მაგალითიც პრემიერმინისტრის აღიარება იყო, რომ „ანალიზში" შეცდა.

როგორც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, შემრიგებლური რიტორიკა და დათმობები კრემლისთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მისი ზეწოლა წარმატებულია და თბილისი უკან იხევს. თუ საქართველო ომის დაწყებას თავად იბრალებს, სიხარულით მართავს კონცერტებს კრემლში, მონაწილეობს სოჭის ოლიმპიადაში, ბოდიშებს უხდის ონიშჩენკოს, რომელიც გამუდმებით საქართველოს შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს, ცდილობს, მოსკოვი რაც შეიძლება ნაკლებად გააღიზიანოს – ე.ი. ზეწოლამ, ემბარგომ, დეპორტაციებმა და 2008 წლის აგრესიამ შედეგი გამოიღო. და ამ გამარჯვებას გამყარება სჭირდება, რათა თბილისმა ისიც დათმოს, რისი დათმობაც ამჟამად არ სურს. პოლიტიკაზე, რომელსაც გამარჯვებები და წარმატებები მოაქვს, უარს არავინ იტყვის.

ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ მავთულხლართები ასეთი სტილით ზეწოლის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები