სასამართლო

კოტე კუბლაშვილი პოლიციისგან სასამართლოზე თავდასხმის გამოძიებას მოითხოვს

ტაბულა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი ახალციხის სასამართლოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.  

5 ივლისს აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სასამართლოს მიერ წამებაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი უფროსის გამართლებას აპროტესტებდნენ, სასამართლოს შენობას ქვები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.

„თუკი ვინმეს არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთადერთი გზა არის ამ გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრება. ვერანაირი აქცია, ყვირილი, შეძახილები თუ ტაშის კვრა სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კუბლაშვილის თქმით, „ამ აქციაზე მოხდა დანაშაული და ეს დიდწილად არის პოლიციის პასუხისმგებლობის საკითხი“.  მისი განცხადებით, პოლიციას სასამართლოს შენობისა და პერსონალის დასაცავად სათანადო ზომები არ მიუღია, „იდგნენ გვერდზე და უყურებდნენ, თუ როგორ ესროდნენ აქციის მონაწილეები სასამართლოს სხვადასხვა ნივთებს“, რის შედეგადაც შენობის ფანჯარა ჩაიმსხვრა და ერთ-ერთი თანამშრომელი დაშავდა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, პოლიცია მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერია და ინციდენტის გამოძიება დაიწყო. „მოვუწოდებ პოლიციას, გამოძიებულ იქნას ეს საკითხი და მკაცრად დაისაჯოს ის პირები, ვინც ეს ჩაიდინა“,  - განაცხადა კუბლაშვილმა.  

მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება მალე მოხდება და ეს საქმე სასამართლოში დროულად შევა. მან შსს-ს სასამართლოს თანამშრომლის ია ბარამიძის საქმე შეახსენა, რომელმაც სამართალდამცავები უკანონო თვალთვალში და ზეწოლაში დაადანაშაულა და რომლის საქმის გამოძიების რაიმე შედეგი ამ დრომდე ცნობილი არ არის. 

კომენტარები