განათლება

სამართლიანობის აღდგენა უმაღლეს განათლებაში

ნინო მაჭარაშვილი
0 კომენტარი

უნივერსიტეტებისთვის „რეალური ავტონომიის" მინიჭების ეგიდით, მთავრობა მათი ავტონომიის შეზღუდვისკენ მორიგ ნაბიჯებს დგამს – პარლამენტში უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება.
კანონპროექტი უმაღლეს სასწავლებლებს ავტონომიის მოპოვებას მათ საქმეებში სახელმწიფოს „დროებითი ინტერვენციის" გზის გავლით სთავაზობს. ამ გზაზე კი უნივერსიტეტები, მნიშვნელოვან ასპექტებში, კიდევ უფრო იზღუდებიან. მათ შორის, იზრდება სახელმწიფოს როლი სასწავლებლის უმაღლეს მმართველობაში: ცვლილება, რომლის მიხედვით უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ამიერიდან არა აკადემიური საბჭო, არამედ პრემიერმინისტრი დანიშნავს, ინიციატივის ყველაზე სადავო ნაწილად იქცა.

საიდუმლო არ არის, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვან დაბრკოლებებს უქმნიდა განათლების სისტემის, მათ შორის – უმაღლესი განათლების, თავისუფლებისა და დეცენტრალიზაციის თავდაპირველ იდეას – ამის მაგალითად დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროს შექმნილი რეგენტთა საბჭო გამოდგება. ცვლილებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტონომიურობისგან კიდევ უფრო აშორებს: თუ ყველა წინა ხელისუფლების პერიოდში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივა იყო, 2006 წლიდან დღემდე კანონი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლებას აკადემიურ საბჭოს ანიჭებს. მტკიცება, რომ ცვლილება მიზნად რეალური ავტონომიის „შექმნას" ისახავს, ვერ ცვლის ფაქტს: სახელმწიფოს მიერ რექტორის თუნდაც დროებით დანიშვნა ნაკლები ავტონომიაა, ვიდრე მისი უნივერსიტეტის შიგნით არჩევა.

უმაღლესი სასწავლებლები იზღუდებიან აკადემიური პერსონალის საკუთარი გადაწყვეტილებით არჩევანშიც: ცვლილებების პროექტის მიხედვით, წესდება რექტორის კვალიფიკაციის ცენზი და დაწესებულების ხელმძღვანელობის კანდიდატს დოქტორის ხარისხის ფლობა მოეთხოვება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები იზრდება დეკანის შემთხვევაშიც.

ცენზი შეეხებათ ასისტენტ-პროფესორებსაც. კანონის მოქმედი რედაქციით, ეს თანამდებობა შეიძლება დაიკავოს დოქტორმა ან დოქტორანტმა. პროექტის მიხედვით, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ეს ნიშნავს, რომ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობას დოქტორანტი ვეღარ დაიკავებს.

ევროპის 29 ქვეყნის რექტორს თანამდებობის დასაკავებლად უშუალოდ დოქტორის ხარისხი მოეთხოვება მხოლოდ ცხრაში (კვიპროსი, ფინეთი, ბელგია, საბერძნეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი). 16 ქვეყანაში კი კანონში მისი კვალიფიკაციის ცენზი გაწერილი საერთოდ არ არის.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მყოფი 232 ასისტენტ-პროფესორიდან, დოქტორის ხარისხი არ აქვს 56-ს. ილიას უნივერსიტეტში კი სულ 52 ასისტენტ-პროფესორია, მათ შორის დოქტორის ხარისხს არ ფლობს 29. აკადემიური თანამდებობის არმქონე პირს უმაღლეს სასწავლებელში სწავლება არ შეუძლია. სამაგიეროდ, შემოდის ახალი რგოლი – ასისტენტის აკადემიური თანამდებობა, რაც ბიუროკრატიულ დაბრკოლებად იქცევა კარიერული განვითარებისთვის.
ის ასისტენტ-პროფესორები, რომელთაც შესაბამისი ხარისხი ამ ეტაპზე არ აქვთ, ამბობენ, რომ ცვლილებები მათ არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს – როგორც სტატუსის, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, რის გამოც, შესაძლოა, მათი კურსები და მიმართულებები საერთოდ გაუქმდეს. დიდი ალბათობით, პირობების გაუარესების შემთხვევაში, ახალგაზრდა კადრები უნივერსიტეტს დატოვებენ ან, პარალელურად, სხვა სამსახურის მოძებნას შეეცდებიან, რაც მათ ნაკლებ დროსა და მოტივაციას დაუტოვებს, იზრუნონ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაზე.

განათლების სამინისტროს ცნობით, ამ ადამიანებს კონტრაქტების დასრულების საშუალება მიეცემათ და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტენ საქმიანობას. გაურკვეველი რჩება, რა რესურსით მოხდება ყოფილი ასისტენტ-პროფესორების ჩანაცვლება და რა ბედი ეწევა კურსებს, რომელსაც ისინი კითხულობენ. რიგ სფეროებში შემცვლელების მონახვა შეუძლებელი იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესაძლოა, დოქტორის ხარისხის მფლობელები საერთოდ არ აღმოჩნდეს – მაგალითად, სფეროებში, რომელიც ეხება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ინჟინერიას. მსგავსი სიტუაციაა სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებითაც. საბოლოოდ კი, კურსებისა და მიმართულებების გაუქმება უნივერსიტეტებს პრობლემებს შეუქმნის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის თვალსაზრისით.

უნივერსიტეტებს პერსონალისთვის ხელფასების განსაზღვრის თავისუფლებაც ეზღუდებათ – აკადემიური და ადმინისტრაციული თანამდებობებისთვის ხელფასების ზღვარი წესდება. ეს, სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სავარაუდოდ, ნაკლებ კონკურენტულს გახდის კერძო უნივერსიტეტებთან, რომელთაც სასურველი კანდიდატებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების მეტი თავისუფლება ექნებათ.

ცვლილებების ავტორები და მომხრეები აპელირებენ ევროპულ გამოცდილებაზე, თუმცა ის ერთმნიშვნელოვანი არ არის. მაგალითად, არსებობს ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის კვლევა, რომელიც ევროპის 29 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ავტონომიურობას ზომავს. მათგან რექტორს თანამდებობის დასაკავებლად უშუალოდ დოქტორის ხარისხი მოეთხოვება მხოლოდ ცხრაში (კვიპროსი, ფინეთი, ბელგია, საბერძნეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი). 16 ქვეყანაში კი კანონში მისი კვალიფიკაციის ცენზი გაწერილი საერთოდ არ არის. ამასთან, ქვეყნების უმრავლესობაში, რექტორის დანიშვნას არანაირი დასტური არ სჭირდება გარე ხელისუფლებისგან.
კანონპროექტის გასაჯაროებისთანავე ცხადი გახდა, რომ მისი სამიზნე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტია – საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც, მმართველი გუნდის წარმომადგენელთა თქმით, „ჩანერგილი რექტორები და ჩანერგილი სამეცნიერო საბჭოებია" და ამიტომ „ქირურგიულ ჩარევას" საჭიროებენ. ამ გზით, ინიციატივის მხარდამჭერთა სიტყვებით რომ ვთქვათ, „სამართლიანობის აღდგენის" პოლიტიკური პროცესი უმაღლესი განათლების სფეროშიც სრული მასშტაბით გაიშალა.

გასული ათწლეულების მსგავსად, ამჟამინდელი ხელისუფლებაც ცდილობს, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე გავლენა მოიპოვოს. „სამართლიანობის აღდგენის" პროცესში განსაკუთრებით აქტიურობენ წინა ხელისუფლების დროს განაწყენებული აკადემიური წრის წარმომადგენლები. ხელისუფლებას კი, როგორც ხშირად ხდება, იმათი დაჯილდოება სურს, ვინც მის მმართველობაში მოსვლას რაიმე ფორმით ხელი შეუწყო.

იმაზე, რომ მთავრობას უმაღლეს სასწავლებლებზე კონტროლის მოპოვება სურს, კრიტიკოსების თქმით, არა მხოლოდ ხსენებული კანონპროექტი, არამედ ზოგადად, ტენდენცია მიუთითებს. საქმე ისაა, რომ ავტონომიურობისა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის არგუმენტით, განათლების სამინისტრო, მოკლე ხანში, უკვე რამდენიმე სკანდალს ითვლის:

პირველი ხმაურიანი შემთხვევა უკავშირდება აგრარულ უნივერსიტეტს, რომელსაც მარტში განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაცია გაუუქმა. ბევრის აზრით, დარღვევები, რის საფუძველზეც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, უმნიშვნელო იყო და რეალურ მოტივს პოლიტიკურ ოპონენტთან ანგარიშსწორება წარმოადგენდა.

ავტონომიის შეზღუდვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებია: აპრილში მიღებული შესწორება შესაძლებელს ხდის არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) გარდაქმნას საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ). განხილვებისას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცხადებდა, რომ ამ ცვლილების სამიზნე სწორედ უნივერსიტეტები იყო.

მას შემდეგ, რაც გასულ წელს უნივერსიტეტებს სტატუსი შეეცვალათ და არასამეწარმეო იურიდიულ პირებად გარდაიქმნენ, მათ სახელმწიფო შესყიდვებისას მეტი თავისუფლება უნდა მიეღოთ. ამასთან, სასწავლებლებს საშუალება მიეცათ, შეექნათ განვითარების ფონდი და მეტი თავისუფლება მიიღეს შიდა სტრუქტურის არჩევანშიც. მაშინ ავტონომიურობის ზრდისკენ მიმართული ეს პოზიტიური ცვლილება რეგენტთა საბჭოს შექმნამ დაჩრდილა, რომელსაც უნივერსიტეტების ფინანსებისა და ქონებრივი ურთიერთობების კონტროლი დაევალა.

რეგენტთა საბჭოს გაუქმება დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო. თუმცა ეს ორგანო ჯერ კიდევ არსებობს – მეტიც, კანონპროექტს, რომელიც მის გაუქმებას ითვალისწინებდა, განათლების კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა, უნივერსიტეტების სტატუსი კი მალე საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება. სახელმწიფოს უკეთესი ბერკეტები ექნება, სსიპ-ის სტატუსით არსებული სასწავლებლის საქმიანობაში ჩაერიოს – მოახდინოს მათი რეორგანიზაცია საკუთარი შეხედულებებისამებრ და, სურვილის შემთხვევაში, უფრო მარტივად გადაიბაროს უნივერსიტეტების ქონება.

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ცვლილების შემთხვევაში, სსიპ-ად ქცეული უნივერსიტეტების რექტორები პრემიერმინისტრმა განათლების მინისტრის წარდგინებით, მოვალეობის შემსრულებლად უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი ხელახლა აირჩიონ. ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება უმაღლესი განათლების კანონში ფორსირებული ცვლილებები.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციული მოწყობის, აკადემიური პერსონალის შერჩევის და ფინანსური თავისუფლების შეზღუდვით უმაღლესი სასწავლებლები იმ აკადემიურ თავისუფლებას ვერ მიიღებენ, რასაც განათლების სამინისტრო მაღალფარდოვნად აღწერს ახლახან გამოქვეყნებულ დეკლარაციაში. „ჩანერგილების" აღმოჩენა და მათი გარედან ჩანაცვლება კი, განათლების პროცესის დაზარალების გარდა, გამოიწვევს იმას, რომ მომავალში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მის მიერ შერჩეული „სწორი" კადრები თავად აღმოჩნდებიან „ჩანერგილები".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები