მერიის მაღალჩინოსნების დაკავება

უგულავა: ამ საქმეზე მორალური ქენჯნები ერთადერთი წულუკიანს შეიძლება ჰქონდეს

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

თბილისის მერი აცხადებს, რომ საკრებულოსა და მერიის 23 თანამშრომლის დაკავების საქმესთან დაკავშირებით, აუცილებელია პასუხი აგოს ყველა პირმა, ვინც დაკავების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციაში ისაუბრა.

"ნოდარ ხადურს ეხება ეს, იმიტომ, რომ მისი უწყების დარღვევაზეა საუბარი და შესაბამისად, მან უნდა აგოს პასუხი, ან იმ მაღალი თანამდებობის პირებმა, ვინც უკანონოდ 23 ადამიანი მიიყვანეს, დააპატიმრეს, ბორკილები დაადეს. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა დაახლოებით 250-მდე ადამიანი, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ უკვე შარში იყვნენ, გაუშვეს და უთხრეს, რომ თუ საჭირო გახდება მოგვიანებით დაუძახებდნენ", - განაცხადა უგულავამ.

თბილისის მერიმა მერიის დაკავებული თანამშრომლების  საქმის სასამართლო პროცესის რუსთავში გადატანა მოსამართლის პიროვნებას დაუკავშირა. როგორც უგულავამ განმარტა, მოსამართლე მადონა მაისურაძე, რომელიც ამ პროცესს უძღვებოდა, მოსამართლე ჩემიას მეუღლეა, რომელმაც თავის დროზე, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

"რუსთავში გადატანა მოხდა ერთადერთი მიზეზის გამო. იმიტომ, რომ იქ როგორ ჩანს, კარგად იყო გაკვალული გზა მოსამართლემდე. ვინ იყო მოსამართლე და როგორ მოხდა ამაზე ზეწოლა. ეს საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მთელი წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ფრაზას: ვისია, ვისია მოსამართლე ჩემია? მოსამართლე ჩემია გახლავთ ის მოსამართლე, რომელმაც გირგვლიანის ბრალდებაზე ის რამდენიმე პოლიციელი გაამართლა. ეს მოსამართლე ჩემია არის ამ ქალბატონი მოსამართლის ქმარი და იმ დღეს, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდნენ ეს მოსამართლე ჩემია იყო სათათბირო ოთახში, სადაც გადაწყვეტილებას იღებდნენ. შეუძლია გამოძიებას ამოიღოს ის ყველაფერი, სად იყო და როგორ იყო და ეს ყველაფერი დადგინდეს", - აცხადებს უგულავა.

თბილისის მერის მტკიცებით მოსამართლე ჩემიასთან გარიგება შედგა, რათა იგი არ დაისაჯოს მათ შორის გირგვლაინის საქმის გამო. მისივე თქმით, ამ გარიგების დამდები იყო დავით ჩხატარაშვილი.

"ამ ადამიანებს ჩემიას და მის მეუღლეს ამოძრავებთ თვითგადარჩენის ინსტინქტი. ძალიან ცუდია, როდესაც მოსამართლე ვერ ამართლებს საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ გამოძიებას აინტერესებს, შეუძლია ამოიღოს და ნახოს, ვინ როდის, რას ურეკავდა და ელაპარაკებოდა. ჩხატარაშვილი არის ყოფილი პროკურორი, რომელიც საქმეებს ულაგებდა ლაშა ნაცვლიშვილს. ეს არის იმ სამართლიანობის აღდგენა, რომელსაც ივანიშვილის მთავრობა ხალხს დაპირდა", - აცხადებს უგულავა.

თბილისის მერმა ისიც განაცხადა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ერთადერთი პიროვნება, ვიც შეიძლება იყოს დაინტერესებული დარღვევების გამოძიებით, არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

"მე მაინც მგონია, რომ ამ საქმესთან დაკავშრებით მორალური ქენჯნები ერთადერთი შეიძლება წულუკიანს ჰქონდეს. მას და მე საერთო არაფერი გაგვაჩნია, ცოცხალი არც კი მყავს ნანახი ეს ადამიანი, მაგრამ მგონია რომ მხოლოდ ის დაინტერესდება ამ საქმით", - განაცხადა უგულავამ. 

კომენტარები