17 მაისი

აზროვნების სიზუსტე ბოროტების პირისპირ

რატომღაც 17 მაისის და მისი შემდგომი დისკუსიების ფონზე სულ მერაბ მამარდაშვილის გამონათქვამი მიტრიალებდა: „როდესაც ზუსტად არ ვაზროვნებთ, ჩვენს სულს ეშმაკები ეპატრონებიან".

ამ დღეს ეშმაკებმა ანაფორები ჩაიცვეს და განაცხადეს, რომ უნდათ ჩვენს ქვეყანას დაეპატრონონ, თან გამჩერებელი არავინ ეგულებოდათ. ამ ვითარებაში, მთავარი კითხვაა: ვის და რას შეუძლია მათი გაჩერება?

პასუხის პოვნას ზუსტი აზროვნება სჭირდება. მე არა მაქვს პრეტენზია, რომ პასუხი მაქვს და ის ზუსტი იქნება, თუმცა მინდა, ვეცადო.

აღშფოთება და აზროვნება

პირველი რეაქცია ადამიანებისგან, ვისაც პატივს ვცემ, იყო აღშფოთება და დამნაშავეთა, პირველ რიგში, ეკლესიის მსახურთა, დაგმობა. ეს თავისთავად ადეკვატური და ზუსტი პასუხია. მორალურად ცალსახა პოზიცია ველურობის და განუკითხავი ძალადობის წინააღმდეგ ის საფუძველია, რასაც ცივილიზაცია ემყარება. თუ საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობა ასეთ პოზიციას დაიკავებს, ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი თითქმის გაცემული იქნება. მაგრამ დღევანდელ საქართველოში ასეთი უმრავლესობა არ არსებობს. 17 მაისის მოძალადენი იმიტომაც მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცნენ, რომ საზოგადოებისგან მორალური მხარდაჭერა ეგულებოდათ და მისი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიუძღოდნენ წინ.

ასე რომ, ამ ეტაპზე ისიც ვაჟკაცობაა, ველურობას თავისი სახელი დაარქვა და ტაბურეტიანი მღვდელი გმირად არ გაიხადო. ადამიანებმა, ვისაც ნორმალური ზნეობრივი ინსტინქტი შერჩა, სწორედ ამის გამო საერთო საფრთხის ქვეშ იგრძნეს თავი და სოლიდარობის გრძნობა გაუჩნდათ. ერთმანეთთან კამათი ნაკლებად უნდათ: მთავარია, ელემენტარული, მაგრამ ეჭვქვეშ დაყენებული ჭეშმარიტებების გარშემო ერთიანობა შენარჩუნდეს.

რაც ბუნებრივია. მაგრამ მცირე ჯგუფში იმის გამეორება, რა ცუდია ბოროტება, ნარცისულ სასოწარკვეთას ამკვიდრებს: ცოტანი ვართ, იმედი არ არის, ერთადერთი ნუგეშია, რომ ჩვენ მაინც კარგები ვართ.

ამავე დღეებში ამოვიკითხე ერთ-ერთ ბლოგში: ამგვარი უმსგავსობის ახსნაც კი გამართლებააო. კი, ემოციურად შეიძლება გავიგო ასეთი პოზიცია, მაგრამ არსებითად ეს ინტელექტუალური კაპიტულანტობაა. მას საფუძვლად უდევს შიში: ცივი გონებით რომ მიუდგები ბოროტებას, აღშფოთების ინტენსივობა გაგინელდება და მას ისე ენერგიულად ვეღარ შეებრძოლები. მაგრამ, სულ მცირე, ის მაინც უნდა გააანალიზო, როგორ მოხვდი სიტუაციაში, სადაც იმას, რაც ცალსახად ბოროტება გგონია, უმრავლესობა ტაშს უკრავს.

ამ სტატიას 17 მაისიდან ერთი თვის თავზე ვწერ და მირჩევნია, მომხდარს რაციონალურად და ანალიტიკურად მივუდგე. მომხდარის მორალური შეფასება ჩემთვის ცხადია: ეს იყო სირცხვილის დღე საქართველოსთვის და, კერძოდ, მისი ისტორიულად დომინანტური ეკლესიისთვის. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, კარგად იყოს, მაგრამ ამ ტექსტის წაკითხვას მისთვის აზრი არ უნდა ჰქონდეს. ჩემთვის მთავარია, რაზე ვისაუბროთ ამ შეფასების შემდეგ.

რატომ?

ის, რომ 17 მაისი შემზარავი და აღმაშფოთებელი იყო, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის უნდა გაგვიკვირდეს. მას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგან ზოგიერთზე მოკლედ ვიტყვი.

ჰომოფობია და ცივილიზაცია. უცხოს წინაშე შიში, რომელიც ადვილად გადადის სიძულვილში, ყველა საზოგადოების თანშობილი სინდრომია. განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია (განსაკუთრებით, თუ მას არ მალავენ) „უცხოობის" გამორჩეულად ძნელად ასატანი შემთხვევაა. არ მკითხოთ რატომ – ფაქტია, რომ ასეა.

ამის თქმისთვის დამესევიან რუსოისტი მემარცხენეები, ვისი აზრითაც ადამიანი ბუნებით საყვარელი და ბუნჩულა არსებაა, ოღონდ ცუდი მთავრობები ან საზოგადოებრივი ინსტიტუტები აფუჭებენ. ამ განწყობის ხალხს რამეზე რომ ეტყვი, „ბუნებრივიაო", ჰგონიათ, რომ ამ რამის გამართლება გინდა, რადგან თავად 1960-იანი წლების იდეოლოგიისთვის დამახასიათებელი „სპონტანურობის" კულტზე აღიზარდნენ.

ცივილიზებულ საზოგადოებას შეუძლია ადამიანის ელემენტარული იმპულსების, უპირველეს ყოვლისა აგრესიის, მოთოკვა. ყველაზე ლიბერალური და, შესაბამისად, ცივილიზებული საზოგადოებების გამოცდილება სწორედ ამას მოწმობს. ჩვენი პრობლემაა არა ჰომოფობიის სიჭარბე, არამედ ცივილიზაციის ნაკლებობა.

სინამდვილეში, ქსენოფობიას და მის კერძო სახეს – ჰომოფობიას, ბოლომდე ვერასოდეს დაძლევ, მაგრამ ის, ისევე როგორც სხვა ადამიანური იმპულსები, შეიძლება დააოკო და შედარებით უწყინარ კალაპოტში მოაქციო. საწყისს, რომელიც ამას აკეთებს, ჰქვია ცივილიზაცია: ცივილიზებულ საზოგადოებას შეუძლია ადამიანის ელემენტარული იმპულსების, უპირველეს ყოვლისა აგრესიის, მოთოკვა. ყველაზე ლიბერალური და, შესაბამისად, ცივილიზებული საზოგადოებების გამოცდილება სწორედ ამას მოწმობს. ჩვენი პრობლემაა არა ჰომოფობიის სიჭარბე, არამედ ცივილიზაციის ნაკლებობა.

ძალადობა, როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმი. ამ დეფიციტის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ძალადობა სოციალური კონტროლის ლეგიტიმურ იარაღადაა მიჩნეული. გარკვეული ტიპის ადამიანები (მათ შორის, ცხადია, „პიდარასტები") საცემები არიან, და ეს ნორმალურია. ადამიანი, ვინც ასე თვლის, სულაც არ არის ბოროტი: ის, უბრალოდ, თავისი საზოგადოების პარადიგმაში აზროვნებს. ძალადობა პრეცივილიზაციური დემოკრატიის იარაღია: საზოგადოება ამით ამკვიდრებს და იცავს ზნეობრივ კონსენსუსს.

მოდერნიზაცია (ვესტერნიზაცია), როგორც კულტურული ძალადობა. 17 მაისის იდეოლოგთა გამოსვლებმა ცხადყო, რომ მათთვის „ნაცები" და „პიდარასტები" თითქმის ერთი და იგივეა და ამის გულწრფელად სჯერათ. რატომ? რაიმე საბუთი აქვთ, რომ ამ პარტიაში სექსუალურ უმცირესობათა წილი მეტია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში? თუ მან, თავისი მმართველობის დროს, ლგბტ ჯგუფებს განსაკუთრებული პრივილეგიები შეუქმნა? პირიქით, აქციის წინ ლგბტ აქტივისტებს სჯეროდათ, რომ პოსტნაციონალური ხელისუფლების სახით ნამდვილი ევროპული დემოკრატია მოვიდა და ამიტომაც გაბედეს ის, რაც ბოლოს აღარ გააბედინეს. საერთო აღიარებით, ივანიშვილმა 17 მაისთან დაკავშირებით ლიბერალური ღირებულებების აზრით გაცილებით უფრო სწორი განცხადებები გააკეთა, ვიდრე სააკაშვილმა: სიტყვით მაინც, „პიდარასტების" ნამდვილი დამცველები „ქოცების" ლიდერები უფრო გამოდიან, ვიდრე „ნაცების".

მაგრამ 17 მაისის დამრბევთა თვალში სწორედ „ნაცები" არიან დასავლური ღირებულებების, დასავლური ცივილიზაციის შემომტანები, რასაც ისინი თავის მიმართ კულტურულ ძალადობად აღიქვამენ. ამ ცივილიზაციის ქვაკუთხედია კანონზე დამყარებული სახელმწიფო, რომელიც ლეგიტიმური ძალადობის მონოპოლიას აცხადებს და ამით კანონგარეშე ტოვებს „სახალხო" ძალადობას, როგორც სოციალური კონტროლის მექანიზმს. ჩვიდმეტმაისელებს „მოძალადე ხელისუფლება" აღაშფოთებს არა იმიტომ, რომ ვიღაცას სცემა, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოების აგენტებს (მაგალითად, „კაი ბიჭებს") ლეგიტიმური ძალადობის უფლებას ართმევს. ისინი სრულიად სწორად ასკვნიან: „თუ ძალის გამოყენება მხოლოდ სახელმწიფოს უფლებაა, ესე იგი, ჩვენ პიდარასტები ვეღარ გვიცემია". მაგრამ თუ „პიდარასტებს" ვერ ვცემთ, თვითონ გამოვდივართ „პიდარასტები" (გავიხსენოთ უკან გარჭობილი ცოცხების მძლავრი მეტაფორა).
„პიდარასტების" რიტუალური ცემით ჩვიდმეტმაისელებმა დემონსტრაციულად დაიბრუნეს სოციალური ძალადობის უფლება. სახელმწიფო ამას წინ ვერ აღუდგა და, მეტიც, პირდაპირ გვითხრა: სწორია, რომ წინ არ აღვუდექიო. ამით დამყარდა ძალაუფლების ახალი ბალანსი: „ნაცების" საქმე ნამდვილად დამარცხდა, საზოგადოებამ აჯობა სახელმწიფოს.

„სტალინური მართლმადიდებლობა". სახელმწიფოსთან აშკარა კონფლიქტზე წასვლა მხოლოდ „კაი ბიჭებს" შეიძლება ვერ გაებედათ, ეკლესიას რომ მათი ლეგიტიმაცია (ანუ კურთხევა) არ მოეხდინა და წინ არ გაძღოლოდათ. რატომ მოიქცა ეკლესია ასე?

დომინანტი მართლმადიდებლური ეკლესიები თითქმის ყველა ქვეყანაში ანტიდასავლური და ანტილიბერალური ძალების სათავეში არიან. სექსუალური უმცირესობების ან „გეი-პარადების", როგორც დასავლური ლიბერალიზმის სიმბოლოს, წინააღმდეგ ბრძოლა ამ შემთხვევაში მხოლოდ საბაბია. შეიძლება, ამის მიზეზი ისაა, რომ მართლმადიდებლურმა სამყარომ ჯერაც ვერ აპატია ჯვაროსნებს კონსტანტინოპოლის აოხრება 1204 წელს (ჩემგან დავამატებ: ჯვაროსნები მაშინ ნამდვილად ძალიან ცუდად მოიქცნენ). მაგრამ ჩვენთვის უფრო აქტუალური მიზეზი ალბათ ისაა, რომ თანამედროვე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, როგორც იერარქიული ორგანიზაცია (სიტყვა „ეკლესიის" მისტიკურ საზრისს ახლა არ შევეხები) სტალინის 1943 წლის „შემობრუნების" შედეგია, როცა მან გადაწყვიტა, მისთვის გარკვეულ ფარგლებში ხელი შეეწყო, ოღონდ თავისგან კონტროლის პირობით. (გამოთქმა „სტალინური მართლმადიდებლობა" პირველად ზაზა შათირიშვილმა იხმარა 1990-იანი წლების სკანდალურ სტატიაში, თუმცა არ ვიცი, ახლა როგორ უყურებს საკუთარ შეფასებას.)

შესაძლოა, სტალინმა მართლმადიდებლური ეკლესიების აღორძინება იმიტომ გადაწყვიტა, რომ, დასავლეთთან უფრო ინტენსიური ურთიერთობის პირობებში, დამატებითი იარაღი დასჭირდა იდეოლოგიური დივერსიებისთვის: ახალი მართლმადიდებლობა მოკავშირედ გამოადგებოდა დასავლურ ცივილიზაციასთან ბრძოლაში. თუ ასეა, ეს მემკვიდრეობა ცოცხალია.

მაგრამ დავუბრუნდეთ დასმულ შეკითხვას: რამ უნდა შეაჩეროს სტალინური მართლმადიდებლობის და კაი ბიჭების კოალიცია? აქ მოკლედ აღვწერ ორ ტიპურ შეცდომას, რომელიც ჩვენს მოწინავე საზოგადოებას ახასიათებს და პრობლემასთან პირდაპირ კავშირშია.

შეცდომა პირველი: განათლება გვიშველის

ძალიან პოპულარული აზრია: „ეს ყველაფერი გაუნათლებლობის ბრალია. იმისათვის, რომ ამგვარი სამარცხვინო ეპიზოდები მომავალში აღარ მოხდეს, განათლებაა საჭირო".

ზოგადად, ეჭვი არ მეპარება, რომ განათლებული საზოგადოება გაუნათლებელს სჯობია, და, კერძოდ, მასში უფრო მცირეა უკონტროლო ძალადობის შანსი. მაგრამ მთლად მე-18 საუკუნის განმანათლებლობის ილუზიებს ნუ გავიმეორებთ. განათლება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი.

დიდროს და ვოლტერის შემდეგ კაცობრიობას გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა: იაკობინელების, ბოლშევიკების, ნაცისტების ტერორს განათლებული ადამიანები პრაქტიკულადაც ჩაუდგნენ სათავეში და რაციონალური თეორიებითაც გაამართლეს. დღეს ისლამური ფუნდამენტალიზმი განათლებული საშუალო კლასებიდან მოდის და არა წერა-კითხვის უცოდინარი მასებიდან.

სულაც არაა აუცილებელი, განათლებული ადამიანი ლიბერალი იყოს. განათლებას გააჩნია. საბჭოთა საზოგადოება საკმაოდ განათლებული იყო: ეს სამართლიანად ითვლებოდა კომუნისტური სისტემის ერთ-ერთ მიღწევად. მაგრამ სისტემა დაინგრა და მისგან გამოსული ხალხი ერთმანეთს დაერია ერთობ პრიმიტიული ლოზუნგებით: სათავეში კი „ინტელიგენცია" ჰყავდა.

ასე რომ, გააჩნია, ვინ განათლებს და რით. ვითომ ჩვენი სკოლის მასწავლებლები და „ინტელიგენცია" იმ იდეების მატარებელია, რაც ახალ 17 მაისებს გამორიცხავს? უფრო პირიქით მგონია. თუმცა, ამ კითხვაზე ოპტიმისტური პასუხიც რომ გვქონდეს, იმისთვის, რომ განათლების სისტემამ საზოგადოება შეცვალოს, დიდი დროა საჭირო. მანამდე რა ვქნათ? სწორი პასუხი: სახელმწიფომ თავისი ელემენტარული ფუნქციები უნდა შეასრულოს.

შეცდომა მეორე: „ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის"

ეს ძალიან პოპულარული ფრაზა ახასიათებს ეგრეთ წოდებულ შუაშისტებს, ვისაც საზოგადოების მორალურ მოძღვართა პოზიციაზე აქვთ პრეტენზია. „ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის" კონკრეტულად გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს გამოყენებული ძალადობა იმის თანაბრადაა დასაგმობი, რაც 2013 წლის 17 მაისს მოხდა. პოლიტიკური ბალანსიც დაცულია: „ნაცების" მხარდაჭერას ვერავინ დაგაბრალებს.

ეს გათანაბრება „შუაშისტების" თავებში არსებული დაბნეულობის განსაკუთრებით თვალსაჩინო გამოხატულებაა. იმისდა მიუხედავად, როგორ შევაფასებთ ხელისუფლების და პოლიციის მოქმედებას ორ ნახსენებ ეპიზოდში, იმან, თუ რა ფორმით „დაგმო" მათი მოქმედება საზოგადოების დიდმა ნაწილმა, გზა გაუხსნა ველურობის ზეობას 17 მაისს. იგივე ითქმის ზოგიერთი ჩვენი საამაყო ინტელექტუალის პოზიციაზე, ვინც გაემიჯნა 2004 წელს უფრო ადრეული რელიგიური ტერორისტის – ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ გამოყენებულ დამსჯელ აქციას.

თუ მიუღებლად მივიჩნევთ ძალადობას რომელიმე ჯგუფის მხრიდან სოციალური კონტროლის განსახორციელებლად – ანუ იმას, რაც მოხდა 17 მაისს, ესე იგი, ის ვიღაცამ უნდა გააჩეროს. ეს ვიღაცა ერთადერთია: სახელმწიფო. ამ უკანასკნელს მრავალი ფუნქცია აქვს, მაგრამ ყველაზე ძირეულია ის, რომ საზოგადოების კანონმორჩილი წევრები ძალადობისგან დაიცვას, ამისთვის კი ხანდახან ძალის გამოყენებაა აუცილებელი. 17 მაისის შოკმა „შუაშისტები" „ნაცებივით" აალაპარაკა: სახელმწიფო სად არის, რატომ არ აჩერებს ამ ხალხსო – მაგრამ დაავიწყდათ, რომ ცოტა ხნით ადრე თვითონ მოახდინეს სახელმწიფოს ლეგიტიმური ძალის დისკრედიტაცია იმით, რომ ის „ნებისმიერ ძალადობას" გაუთანაბრეს.

ამავე მიდგომას იყენებენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები, განსაკუთრებით დასავლეთში განათლებამიღებული და ინტელექტუალური ლიდერობის პრეტენზიის მქონენი. ოღონდ მათი მხრიდან ეს შეგნებული პოლიტიკური დემაგოგიაა ჯერ 8 თებერვალს და მერე 17 მაისს თავისი უმაქნისობის გასამართლებლად: აბა, წინა ხელისუფლებას ხომ არ დავემსგავსებით და ხალხის წინააღმდეგ ძალას ხომ არ გამოვიყენებთო? უკაცრავად და, აბა, რისთვის გაქვთ ეს ძალა, თუ არა იმისთვის, რომ გააჩეროთ აგრესიული და არაკანონმორჩილი „ხალხი", როცა ის კანონმორჩილ მოქალაქეებს ესხმის თავს?

ცხადია, როცა სახელმწიფო ძალას იყენებს, მან ეს პროპორციულად და კანონის ფარგლებში უნდა გააკეთოს. ამ მხრივ, ჩვენს წინა ხელისუფლებასთან საკამათო ბევრი გვქონდა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს სრულიად ლეგიტიმური კამათი არ უნდა ავურიოთ ფსევდოჰუმანისტურ დემაგოგიაში, რომელიც სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევას აპრიორი გმობს, როგორც „ძალის პოლიტიკას" და ვერ ხედავს მორალურ დისტანციას მასსა და ველურობაში ჩავარდნილი ბრბოს ქმედებას შორის. სანამ ამ გარჩევას ვისწავლით, კიდევ ბევრ 17 მაისს ვნახავთ.

კომენტარები