ჯეიმს აპატურაი

ჯეიმს აპატურაი - საქართველომ პასუხი უნდა გასცეს NATO-ს წუხილებს

0 კომენტარი

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, თბილისს ივნისის პირველ დღეებში, მისივე თქმით, ორი მიზეზით ეწვია – საქართველოში NATO-ს კვირეულის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად, რომელიც 3-10 ივნისს გაიმართა, და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მოსამზადებლად, რომელიც თვის ბოლოს არის დაგეგმილი. ტაბულასთან ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ საქართველოში არსებულ ვითარებასა და ქვეყნისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების პერსპექტივაზე ისაუბრა. ასევე, შეეხო მსოფლიოში მიმდინარე მთავარ მოვლენებს.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებით რომ დავიწყოთ, როგორც იცით, რუსმა მოსაზღვრეებმა ოკუპაციის ხაზი გადმოსწიეს. როგორი რეაქცია აქვს ამაზე NATO-ს და რა მექანიზმები არსებობს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ვაიძულოთ?

ჯეიმს აპატურაი ფოტო: დიმა ჩიკვაიძე
როგორც იცით, ჩვენ აქ ადგილზე არ ვიმყოფებით. ამიტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირის მისიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადეს, რომ ეს მოქმედება არაკანონიერია, არღვევს 2008 წლის შეთანხმებას და დამატებით სირთულეებს უქმნის ადგილობრივ მცხოვრებლებს. ჩვენ ამ პოზიციას ვიზიარებთ. ცხადია, NATO-ს მხრიდან აქტიურ მონაწილეობაზე არავინ საუბრობს, ამ ეტაპზე ჩვენ – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს – ბევრის გაკეთება არ შეგვიძლია. პრემიერმინისტრმა ჩემთან საუბარში აღნიშნა, და პრეზიდენტმაც ასე თქვა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საერთაშორისო პოზიცია იყოს მტკიცე და ერთიანი.

პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ საქართველოს „მკაცრად აქვს დაგეგმილი" 2014 წლისთვის MAP-ის მიღება. როგორ შეაფასებდით მის გეგმას, რას ველოდოთ 2014 წლის სამიტზე?

მივესალმებით, რომ პრემიერმა ასეთი ამბიციური გეგმა დასახა, ეს ძალიან კარგია და კარგია, რომ პარლამენტიც თანხმდება ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია, როდის იქნება სამიტი და მე მგონი, ამის შესახებ საუბარი და სამიტზე განსახილველ თემათა სიის შედგენა ახლა მიმდინარეობს. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კონკრეტული დიპლომატიური პროცესის დაწყებაზე საუბარი ნაადრევია. ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი წარმატებულად ჩაივლის, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები მიმდინარეობს და შედეგები სახეზეა, საქართველომ პასუხი უნდა გასცეს იმ წუხილებს, რომელიც NATO-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებასთან, 17 მაისსა და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით აქვს. სწორედ ამაზე მუშაობა შეგვიძლია ახლა და მოგვიანებით, გარკვეულ ეტაპზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ თუ რა შეიძლება მოხდეს სამიტზე.

როგორ შეაფასებდით NATO-სა და საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკას სირიასთან მიმართებით?

NATO-ს როლი ამ მიმართულებით უმთავრესად თურქეთში პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემის დაყენებით შემოიფარგლა. ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ამას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. ახლა აღარ არსებობს თურქეთში კონფლიქტის გავრცელების საშიშროება. ეს თურქებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მაგრამ კონფლიქტის გავრცელების შანსი ძალიან მცირეა. მაშინ როცა ლიბანს და ერაყს ეს პრობლემა უდგათ. სირიის კონფლიქტი რელიგიურ დაპირისპირებას ქმნის მთლიანად რეგიონში, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ჩემი აზრით, რუსეთის გადაწყვეტილება, ასადის რეჟიმს თანამედროვე სისტემებით დაეხმაროს, ძალიან სამწუხაროა. პრობლემა ისაა, რომ არ არსებობს სამხედრო გამოსავალი, არცერთი გარე სამხედრო აქტორისთვის არ არსებობს კონფლიქტის მოგვარების გზა, NATO-ს ნამდვილად არ აქვს კონფლიქტში აქტიურად ჩართვის გეგმა და ყველას იმედი გვაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკება შედეგს გამოიღებს, მაგრამ ესეც რთულია, რადგან ოპოზიცია ერთიანი არ არის. მდგომარეობა საშიშია. გაერო გარკვეულ გეგმებს აწყობს, პოსტასადური და ზოგადად პოსტკონფლიქტური სიტუაციისთვის, სხვადასხვა სცენარებს განიხილავს, მაგრამ გაეროს არ აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ მარტომ მოაგვაროს ეს პრობლემა. ასე რომ, ბევრი კითხვა გვაქვს პასუხების გარეშე. მასობრივი ჰუმანიტარული პრობლემა, მზარდი პოლიტიკური არასტაბილურობა და რელიგიური დაპირისპირება მთლიან რეგიონში.

აქ ერთგვარი სამკუთხედი იკვეთება, რუსეთი იარაღს აწვდის ასადს, ასადი პრობლემებს უქმნის NATO-ს წევრ ქვეყანას – თურქეთს. ეს როგორ გავლენას ახდენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და რუსეთის ურთიერთობებზე?

უშუალოდ NATO-რუსეთის ურთიერთობებზე ხელშესახები უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების ხელისუფლებები შეშფოთებულნი არიან რუსეთის მოქმედებით. საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ყველაფერი ერთმანეთს არ დავუკავშიროთ, ასე რომ, ჩვენ კვლავინდებურად ვცდილობთ რუსეთთან ავღანეთისა და ანტისარაკეტო სისტემების შესახებ საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თემა არ იძვრის. ასეა თუ ისე, რუსეთის ამ ნაბიჯმა გავლენა იქონია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობაზე.

საუბრობენ NATO-ს ჩრდილოეთით გაფართოებაზე, რომ მას შეიძლება შეუერთდნენ ფინეთი და შვედეთი. მათაც დასჭირდებათ MAP-ი?

კარგი კითხვაა და სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ორივე ქვეყანას ძალიან თანამედროვე თავდაცვის სისტემები აქვს, ორივე ქვეყანა დემოკრატიულია და უკვე ინტეგრირებულია NATO-ში, ჩვენთან ერთად არიან თითქმის ყველგან, ჩვენთან ერთად გადიან წვრთნებს, ჩართულები არიან ჩვენი შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში – ასე რომ, არ ვიცი, რა დრო დასჭირდებათ NATO-ს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რეალურად, MAP-ი სწორედ ამისთვისაა საჭირო. ისინი კი უკვე აკმაყოფილებენ ამ სტანდარტებს.

ISAF-ის მისია მალე ავღანეთს დატოვებს. კრიტიკოსების ნაწილი ერაყის მაგალითს იშველიებს და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნაადრევმა გასვლამ ქვეყანაში სტაბილურობა შეარყია და ერაყელებმა ვერ შეძლეს მშვიდობის შენარჩუნება. ახლა სირიიდან კონფლიქტის შემოდინების საფრთხეც გაჩნდა. აქედან გამომდინარე, ისინი შიშობენ, რომ ავღანეთიდან გასვლაც ნაადრევია, რომ ავღანეთის სამხედრო ძალები ვერ მოახერხებენ NATO-ს გასვლის შედეგად შექმნილი ვაკუუმის შევსებას. თქვენ რას იტყვით?

ჩვენი სამხედრო ძალების შეფასებით, ავღანელები ამას შეძლებენ. ჩვენი სამხედროები თვლიან, რომ სამართალდამცავები შეძლებენ იმ ფუნქციების შესრულებას, რასაც ახლა ჩვენ ვასრულებთ, ანუ უსაფრთხოების შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, წვრთნები გაგრძელდება და NATO-ს გარდა, იქნება ბილატერალური დახმარებაც. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოწვევები არ იქნება, მაგრამ, ჩვენი აზრით, ამ გამოწვევებს ავღანელები გაუმკლავდებიან. უფრო მეტს ვფიქრობთ სხვა პრობლემებზე, როგორიც მაგალითად პოლიტიკური სისტემა, არჩევნები, კორუფცია და, ზოგადად, ეფექტური მმართველობაა. ამ ნაწილებში გავლენის მოხდენის მექანიზმები არ გვაქვს. 10-წლიანი დახმარების, ასობით მილიარდი დოლარისა და ამდენი მსხვერპლის გაღების შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ მხოლოდ პოლიცია და ჯარი ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს.

რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილზე და თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა ოფიციალურად პირველად განაცხადა ჩინეთის ჩართულობის შესახებ. NATO-ს სტრატეგია რა არის კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრთანაც ვაპირებ საუბარს. ამ დროისთვის კონსენსუსი გვაქვს, რომ ჩვენი სისტემის დაცვა უნდა გავაუმჯობესოთ. ეს საკმაოდ რთული საქმეა, რადგან ძალიან ბევრი სისტემა გვაქვს და ისინი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. შემდეგი საკითხია, უნდა ჩაერთოს თუ არა NATO, თუ მის ინდივიდუალურ წევრზე კიბერთავდასხმა მოხდება. ამ საკითხზე ახლა ვფიქრობთ. მესამე საკითხია, რა წვლილი უნდა შევიტანოთ საერთაშორისო უსაფრთხოებაში, როგორ დავეხმაროთ ჩვენს პარტნიორებს, რომელთაც ძალიან უნდათ ამ თემაზე თანამშრომლობა. მაგრამ ჯერ მზად არ ვართ. ამ პროცესში NATO-ს არაწევრი ქვეყნების ჩართვა შეიძლება პრობლემატური იყოს, რადგან გამოვა, რომ ჩვენი სისტემა სხვას უნდა ვაჩვენოთ. ასე რომ, მოსაფიქრებელია, როგორ ვითანამშრომლოთ პარტნიორებთან ისე, რომ ჩვენი სისტემა საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები