რელიგიური შეუწყნარებლობა

ხოჯა სულიკო ხოზრევანიძემ სამთაწყარო მუქარის გამო დატოვა

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

ხოჯა სულიკო ხოზრევანიძემ სამთაწყარო დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ხოჯა ამბობს, რომ სოფლის მცხოვრებლებისგან რელიგიური ნიშნით მუქარის გამო ჯანმრთელობას უჩივის და სამკურნალოდ აჭარაში მიდის. მისი თქმით, სამთაწყაროდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი სოფელში დაძაბული მდგომარეობაა.

"დაწყნარდება ალბათ სოფელი. სალოცავში არ დავდივართ, მაგრამ მაინც არის მუქარები, ყოველდღე, რომ არ გადაიფიქროთ და გასვლა არ გაბედოთო. ავად ვარ ამდენი ნერვიულობისგან. აჭარაში შვილი ცხოვრობს, ჩავალ და ვიმკურნალებ. გზაში ვარ ახლა", - განუცხადა ხოჯამ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

სულიკო ხოზრევანიძის ოჯახის წევრები ჯერ კიდევ სამთაწყაროში რჩებიან.

"ჩემი შვილებიც არ გადიან სალოცავად და ალბათ, დაანებებენ თავს", - ამბობს ხოჯა.

სამთაწყაროში რელიგიურმა შეუწყნარებლობამ თავი რამდენიმე თვის წინ იჩინა. 28 ივნისს, პარასკევის ტრადიციული ლოცვის შემდეგ 200-მდე მართლმადიდებელი თანასოფლელი სულიკო ხოზრევანიძის სახლთან შეიკრიბა და სოფლიდან გაძევებითა და ჩაქოლვით დაემუქრა. შეკრებილები ფიზიკურად გაუსწორდნენ ხოჯას მეუღლეს. სულიკო ხოზრევანიძე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას არასათანადოდ მოექცნენ და დაპატიმრებით დაემუქრნენ.

ხელისუფლებას დამნაშავეთა დასჯისკენ უკვე არაერთხელ მოუწოდეს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

სამთაწყარო მესამე სოფელია, სადაც მუსლიმებს ავიწროებენ. მანამდე, რელიგიურ უმცირესობას პრობლემები ნიგვზიანსა და წინწყაროში შეექმნა. ნიგვზიანის, წინწყაროსა და სამთაწყაროს მოვლენების გამო პასუხისგება ამ დრომდე არავის დაკისრებია.

 

კომენტარები