შს მინისტრი

ღარიბაშვილი: დინამო არენასთან დაკავებულები პოლიციელებს აგინებდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დინამო არენასთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაკავებულმა ახალგაზრდებმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩვენი ხალხისა და თითოეული პოლიციელის. ეს პოლიციელები იბრძოდნენ აგვისტოს ომში და ამ პოლიციელებს ძალიან უცენზურო სიტყვებით, საშინლად, დამამცირებლად მიმართავდნენ ეს ახალგაზრდები. ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია, ისინი აგინებდნენ პოლიციელებს და პოლიციას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს მინისტრმა, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას, პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

"მე მოვისმინე ბრალდება, რომ ჩემმა მესაზღვრეებმა, შსს-მ და პირადად მე შემოვუშვით რუსი ოკუპანტების წარმომადგენელი დეპუტატი. მინდა შევახსენო ყველას და მათ შორის პრეზიდენტს, აგვისტოს ომის შემდეგ დუმის 5 დეპუტატი, მათ შორის ედინაია რასიას წარმომადგენელი იყო ჩამოსული. მაქვს ლოგიკური შეკითხვა, თუ სპორტულ ღონისძიებაზე ჩამოსული დეპუტატი ქმნის პრობლემას საქართველოს უსაფრთხოებისთვის, მაშინ რატომ არ უქმნიდა 5 დეპუტატი პრობლემას წინა ხელისუფლებას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკააშვილი დინამო არენასთან მომხდარ ინციდენტს გუშინ გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ახალგაზრდების საპროტესტო აქცია კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და სამართალდამცველებმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს.

"სამართალდამცველებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა და აღკვეთეს მათი კონსიტუტიციური უფლება, გაემართათ მშვიდობიანი აქცია. საქმე გვქონდა პოლიციის მხრიდან პოლიტიკური შინაარსის ქმედებასთან. ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი იყოს გაშვებული. ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული, არსებობს რაღაც წესები, რომელიც ყველა თავმოყვარე ქვეყანამ უნდა დაიცვას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 7 ივლისს, პოლიციამ დინამო არენასთან, კლუბ თავისუფალი ზონის სამი აქტივისტი დააკავა, რომლებიც თბილისისა და მოსკოვის დინამოს ამხანაგურ მატჩზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ.

კომენტარები