ციხის სკანდალი

კბილაშვილი: ბედუკაძის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიცვლება

მთავარი პროკურორი ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას აღარ დაუბრუნდება. არჩილ კბილაშვილის თქმით, ამის შესაძლებლობას საპროცესო კანონი არ უშვებს და მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება:

"სურვილიც რომ მქონდეს რაიმეს შეცვლის, ამის შესაძლებლობა არ არსებობს, აქედან გამომდინარე, დარჩება ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია", - განუცხადა ჟურნალისტებს კბილაშვილმა. 

მთავარმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით საქმის კურსში არ იყვნენ პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები, მათ შორის, არც იუსტიციის მინისტრი:

"პრემიერი არ იყო საქმის კურსში იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მივიღე. ესაა კანონით კონკრეტულად მთავარი პროკურორის მიერ მისაღები გადაწყვეტილება. მას წინ უძღოდა თათბირი ჩემს კოლეგებთან, მაგრამ ეს არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის მსჯელობის საგანი, მათ შორის, საქმის კურსში არ იყო არც იუსტიციის მინისტრი", - ამბობს მთავარი პროკურორი. 

კბილაშვილმა პრემიერის მოტივებზეც ისაუბრა:

"მე მასთან ორი-სამი დღის წინ მქონდა საუბარი და არგუმენტები, რომლებიც ახლა თქვენ მოისმინეთ, გავაცანით მასაც. მისი პოზიცია ისეთია, რომ წამება არის დანაშაული, რომელიც არ შეიძლება შეწყნარებულ იქნას. არ შემიძლია, მის აზრს პატივი არ ვცე, რადგან ეს არის მორალის ზედა ზღვარი, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ ამ შემთხვევაში ძალიან მაღალი მორალური სტანდარტის გამოყენება არ უნდა მომხდარიყო და სამართლიანი იქნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე", - აღნიშნა კბილაშვილმა. 

კბილაშვილმა ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველზეც ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილების ფორმალური მხარე მოწესრიგებულია:

"საკითხის ირგვლივ მინდა ორი ფაქტორი ერთმანეთისგან  გამოვყო. პირველია წმინდა სამართლებრივი, ფორმალური მხარე და მეორე - შინაარსობრივი ასპექტი, რაც იმ უფლების გამოყენებას დაედო საფუძვლად. ფორმალურად საკითხი მოწესრიგებული არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლში. ამ მუხლის პირველი ნაწილი მთავარ პროკურორს ანიჭებს უფლებას ნებისმიერ დანაშაულზე გამოიყენოს განსაკუთრებული უფლებამოსილება და პირი გაათავისუფლოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელისაგან ან მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება სასჯელის გადახედვის თაობაზე და ეს პირი შეიძლება იყოს ბრალდებული ან მსჯავრდებული და ასეთ უფლებამოსილებას კანონი ითვალისწინებს. ანუ ფორმალური თვალსაზრისით, მინდა ვთქვა, რომ მთავარი პროკურორის უფლება, მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ბედუკაძესთან მიმართებაში კანონით განსაზღვრული არის. ამდენად, საკითხი იმის შესახებ, იყო თუ არა გადაწყვეტილება კანონიერი - არ დგას, რადგან კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა", - ამბობს არჩილ კბილაშვილი.

ვლადიმერ ბედუკაძის საქმის გადახედვის მოთხოვნით პრემიერმინისტრმა მთავარ პროკურორს 8 ივლისს მიმართა. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია გაიზიარეს იუსტიციის მინისტრმა, შს მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა.

კომენტარები