ციხის სკანდალი

გიორგი ლომია: ბედუკაძემ გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე მოითხოვა და ეკუთვნოდა

timer.ge

საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი ესაუბრა პატრიოტთა ალიანსის გენერალურ მდივანს გიორგი ლომიას, რომელსაც, საქართველოს მთავარი პროკურორის თქმით, ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმართა წამების ამსახველი კადრები გადასცა. ლომია აცხადებს, რომ ბედუკაძეს კადრები უანგაროდ არ დაუთმია.

"არსებობს განსხვავება გადაცემასა და გამორთმევას შორის. ბედუკაძეს წამოსცდა, რომ ეს კადრები ჰქონდა, რის შემდეგაც ჩვენი მხრიდან დაიწყო მასზე ზეწოლა ამ კადრების გამოსართმევად. 8 თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით, ხომ არ იყო ეს პროვოკაცია, რადგან ციხის თანამშრომელს ბოლომდე არ ვენდობოდი. თუმცა, როდესაც მასალა პროვოკაციულია, მისი ავტორი ინტერესდება და გაჩქარებს, ბედუკაძე კი ამ მასალაზე არ მაწუხებდა. 8 თვის მანძილზე კიდევ ორჯერ შევხვდით და დავრწმუნდით, რომ პროვოკაციული ქმედება მისი მხრიდან ნულამდე დადის. აპრილში შეხვედრისას ვუთხარი, რომ მზად ვართ, ეს საქმე დავიწყოთ, თუმცა ამისთვის აუცილებელია კარანტინის კადრების გადაღება, რადგან მარტო ბედუკაძის მიერ გადაღებული კადრებით დავიღუპებოდით. ეს ჩაითვლებოდა ერთი ჯალათი პიროვნების დანაშაულად, რომელიც ხალხს აწამებს და ფულს იღებს, დაიჭერდნენ იმ ხალხს, ვისი დავალებითაც ვითომდა აწამებდა და ეს ვიქნებოდით ჩვენ თუ ვინმე ოცნებიდან, მნიშვნელობა არ აქვს. უფრო გამკაცრდებოდა რეჟიმი ციხეში და შემდეგ რამის გადაღება უკვე შეუძლებელი იქნებოდა", - აღწერს ლომია საქმის ვითარებას ინტერპრესნიუსთან საუბარში.

ლომიას ინფორმაციით, ბედუკაძეს წამების ამსახველი ვიდეოკადრების სანაცვლოდ რიგი მოთხოვნები ჰქონდა.

"იმაზე მეტიც შევასრულეთ, რაც მან მოითხოვა, რადგან ევროპაში მისი რაღაც-რაღაცეები საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. მან გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე მოითხოვა და ეკუთვნოდა და უზნეო საქციელიც პლუსს არ უწერს, მაგრამ ის ასეთი პიროვნებაა და ჩვენთვის სულერთია. სასამართლო პროცესი დასრულდა, ის უკვე გარეთ არის და იყოს გარეთ. მისი წვლილი ჩვენ არ დაგვიკარგავს, მაგრამ ის, რომ ვინმემ მეტი გააკეთა და ვინმემ - ნაკლები, ტყუილია, რადგან ეს იყო ერთი ჯაჭვი. რომელიმე ადამიანს რომ თავისი ფუნქცია ჯეროვნად არ შეესრულებინა, ეს არ მოხდებოდა", - განაცხადა ლომიამ.

ლომია აცხადებს, რომ "კარანტინის დაშლის" კადრების გადასაღებად ბედუკაძეს გადასცეს სპეციალური აპარატურა, თუმცა მან აღნიშნული კადრები ვერ გადაიღო.

"არ ვიცი, შეეშინდა, ვერ გაბედა თუ რა მოხდა, მაგრამ ვერ გადაიღო. გარდა ამისა, ის ჩვენ გვჭირდებოდა ბელგიის სასამართლოში, როგორც მოწმე და ამიტომ 23 ივნისს გავამგზავრეთ ბელგიაში, თუმცა ვუთხარი, რომ მჭირდებოდა აქ ვინმე, ვინც არ გაგვცემდა, მაგრამ კარანტინის კადრებს გადაგვიღებდა და მან მე შემახვედრა ბორის ფარულავას", - აცხადებს ლომია.

მისი ინფორმაციით, ბორის ფარულავას გადაეცა თანხა, რომლითაც მან ერთ-ერთ რესტორანში "შემთხვევით" შეახვედრა ერთმანეთს ლომია და დავით აკობია. სწორედ აკობიას დახმარებით მოიპოვა ლომიამ "კარანტინის დაშლის" კადრები.

"ვუყიდე შარვალი, რომელზეც დავამაგრეთ ღილის ფორმის ფარული კამერა, ჩავუტარე ტრენინგი და მეოთხე გადაღებაზე კამერას უკვე კარგად ფლობდა. პროცესი იმანაც გააჭიანურა, რომ აკობია სამ დღეში ერთხელ მორიგეობდა, ჩვენ კი პარასკევი დღე გვჭირდებოდა. როგორც იქნა, 24 აგვისტოს კარანტინის კადრების გადაღება მოხერხდა. ვიდრე კარანტინის კადრები არ გვექნებოდა, ბედუკაძის მიერ გადაღებული ვიდეომასალის გასაჯაროება იყო ძალიან საშიში, რადგან ეს იყო ბომბი მაიმუნის ხელში", - განაცხადა ლომიამ.

ლომია აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მთავარი პროკურორის განცხადებაც იმის შესახებ, რომ კადრები ბედუკაძემ მას გასავრცელებლად გადასცა.

"თუ გენერალურ პროკურორს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, მაშინ ან არ უნდა საუბრობდეს ამ ინფორმაციაზე, მაგრამ თუ განგებ ავრცელებს არაზუსტ ინფორმაციას, ამას სხვა მიზეზებიდან გამომდინარე აკეთებს. ბედუკაძეს ჩემთან წამოსცდა, რომ ჰქონდა ეს კადრები, დანარჩენი კი ჩვენი ზეწოლის შედეგია. ბედუკაძეზე ათი ათეულობით ათასი ევრო დაიხარჯა, თუმცა ინფორმაციას, რომ მან დიდი თანხა მიიღო ნაღდი ფულის სახით, არც უარვყოფ და არც ვადასტურებ", - აღნიშნა ლომიამ. 

კომენტარები