თავდაცვის მინისტრი

ალასანია: რაც სტადიონზე მოხდა, ბუნებრივია

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ავღანეთში დისლოცირებული ქართული შენაერთები უფრო უსაფრთხო ადგილას გადავიდნენ. ამის შესახებ ალასანიამ გაზეთ ყველა სიახლესთან ინტერვიუში განაცხადა.

"ავღანეთში ჩვენი კონტინგენტი გადასულია მუშაობის სრულიად ახალ რეჟიმზე. უსაფრთხოების ის სამუშაოები, რაც ავღანეთში ჩემი ვიზიტისას ქართული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობასა და NATO-ს სარდლობასთან ერთად დაიგეგმა, პრაქტიკულად შესრულებულია. ის ორი მცირე ბაზა, რომელთა დახურვაც დაგეგმილი იყო, დაიხურა. ჩვენი შენაერთები გადავიდნენ უფრო უსაფრთხო ადგილას", - აცხადებს ირაკლი ალასანია.

მისივე თქმით, თალიბანის სახელით გასულ თვეს გავრცელებული ვიდეომასალა, ქართულ ბაზაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას არ უკავშირდება.

"იმ ვიდეომუქარის ინტერნეტში გამოჩენა არანაირად არ უკავშირდება ჩვენს ბაზაზე ტერორისტულ თავდასხმას. თალიბანი ზოგადად არის გააქტიურებული. ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებშია ამის რაც შეიძლება სწრაფად გამოძიება. უნდა გავიგოთ, რა სახის ანტიქართულ კამპანიასთან გვაქვს საქმე. ვხედავ კავშირს ამ ვიდეომუქარასა და იმ ამორალურ წერილს შორის, რომელიც New York Times-ში დაიბეჭდა და რაც ემსახურებოდა ავღანეთში მყოფი ჩვენი კონტინგენტის დისკრედიტაციას", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრი დინამო არენასთან მომხდარ ინციდენტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "რაც სტადიონზე მოხდა, ბუნებრივია".

"ქართულ-რუსული ურთიერთობები რთული და წინააღმდეგობრივია. ქართველ საზოგადოებას სწორად აქვს გაიგივებული რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო შეიარაღებული ძალები. ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული. ამავდროულად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის გაუმჯობესებას მხარს უჭერს 70%-ზე მეტი. სხვა გზა და ალტერნატივა არ გვაქვს - მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, უნდა გვქონდეს სწორი დამოკიდებულება. ურთიერთობა საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ?", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე თქმით, ახალგაზრდობის ასაკში, ამ საპროტესტო აქციაში, სავარაუდოდ, თავადაც მიიღებდა მონაწილეობას.

"იმ ახალგაზრდების ასაკში რომ ვიყო, ამ საპროტესტო აქციაში ალბათ მეც მივიღებდი მონაწილეობას და გავაპროტესტებდი რუსი დეპუტატის სტუმრობას, მაგრამ პოლიტიკოსებს და საზოგადოების იმ წარომადგენლებს, რომელთაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში წვლილი შეაქვთ, ამ საკითხზე მსჯელობისას უფრო მეტი დაფიქრება და წინდახედულება მართებთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

კომენტარები