საპრეზიდენტო არჩევნები 2013

პრემიერი: არჩევნებისას პრიორიტეტი პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფაა

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

2013 წლის ოქტომბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიმართვა გაავრცელა. ივანიშვილმა მიმართვისას აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილებების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება უნდა გახდეს. 

"ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია და სურვილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბიცია და სურვილი - საქართველოში ჩატარდეს სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, როგორიც ეკადრება ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. სწორედ ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება და დემოკრატიული პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრება ქვეყანაში. საქართველოში უნდა დასრულდეს ის სამარცხვინო პრაქტიკა, როდესაც მმართველი გუნდი მთელ სახელისუფლებო რესურსს მიმართავდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვას. ჩვენი ხელისუფლება ყველა მოქალაქისა და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელისუფლებაა. ამიტომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული სისტემა, იქნება ეს საბიუჯეტო თანხები, პოლიცია თუ სხვა საჯარო დაწესებულებები, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად. მივმართავ კოალიცია ქართულ ოცნებაში გაერთიანებულ და სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი - ამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დავამტკიცოთ, რომ სამაგიეროს გადახდა არ არის ჩვენი პრინციპი. ჩვენი პრინციპებია თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ოპონენტის პატივისცემა. სხვა შემთხვევაში, თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ისევე მოვექცევით, როგორც ისინი ჩვენ გვექცეოდნენ, კვლავ იმ მოჯადოებულ წრეზე სვლას გავაგრძელებთ, რომელსაც ათწლეულებია თავი ვერ დავაღწიეთ და რის გამოც ქვეყანა წელში ვერა და ვერ გაიმართა", - განაცხადა ივანიშვილმა. 

პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც მიმართა და მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნები უსამართლობასთან გამიჯვნისა და პოლიტიკური მომავლის შექმნისათვის გამოიყენონ. 

"თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს - ამგვარი აქტები საკუთარ სინდისთან და ღმერთთან პირისპირ დარჩენის დროს მოგვეთხოვება ყველას. შეეცადეთ ქართველ ხალხს გულწრფელად აუხსნათ, რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ, ეს ქვეყანას სჭირდება. თქვენ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, თუ როგორ გარდაუვლად იყრება წყალში ქვეყნისათვის სამსახურის ყველა მცდელობა, როდესაც იმავდროულად ერთპიროვნული მმართველობა მკვიდრდება, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია ცხადდება, ძალაუფლება კანონის ჩარჩოებს სცდება და განსხვავებული აზრი იდევნება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენ მოგეცეთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. დანარჩენი - ქართველი ხალხის გადასაწყვეტია", - მიმართა პრემიერმინისტრმა უმცირესობის წარმომადგენლებს. 

ივანიშვილმა პროკურატურისა და პოლიციიის წარმომადგენლებსაც მიმართა და სთხოვა, თავი შეიკავონ "დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში".

"ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა. არჩევნებში პროკურორიც და მოსამართლეც ხალხია და ხალხის თავისუფალმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს, ვის რა ნდობა აქვს დღეს და ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალში", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები