აქციზის გადასახადი

თამბაქოზე აქციზი იზრდება

0 კომენტარი
ფოტო: radiotavisupleba.ge

სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზი იზრდება. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფილტრიან სიგარეტზე აქციზი 5 თეთრით, ხოლო უფილტროზე - 10 თეთრით მოიმატებს. როგორც ინდუსტრიაში ჩართული კომპანიები ვარაუდობენ, უფილტრო სიგარეტი მინიმუმ 10 თეთრით, ხოლო ფილტრიანი - 20-25 თეთრით გაძვირდება. ამასთან, მათი მტკიცებით, ფასების გაზრდით მომხმარებელთა რაოდენობა არ შემცირდება და, დიდი ალბათობით, ქვეყანაში კონტრაბანდას წაახალისებს.

კომპანიების ამ განცხადებას ფინანსთა მინისტრი დღეს, თბილისი მარიოტიდან გამოეხმაურა.

"მე ძალიან გამიკვირდა ამ ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების განცხადება, ვინაიდან, ეს იყო მათთან გავლილი და შეთანხმებული მაჩვენებელი. ამან არ უნდა გამოიწვიოს სერიოზული გაძვირება სიგარეტის, მაგრამ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, რომ აქციზს აქვს არა მხოლოდ ფისკალური დატვირთვა, არამედ ეს არის მარეგულირებელი და ჩვენ თანდათან უნდა წავიდეთ იქით, რომ სიგარეტის მოხმარება შემცირდეს. ეს არის სწორედ ის მაჩვენებელი, რომელმაც არ უნდა გამოიწვიოს კონტრაბანდის ზრდა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფისკალურ ეფექტზე მნიშვნელოვანი მათთვის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. თუმცა ფაქტია, რომ სიგარეტზე აქციზის მატების მოულოდნელი გადაწყვეტილება დროში დაემთხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებას.

თავიდან საერთაშორისო ორგანიზაციებმა - მათ შორის, EBRD-იმ, Fitch Ratings-მა და IMF-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 3%-მდე დასწიეს. მოგვიანებით, ეკონომიკური ზრდის შენელება ჯერ ეკონომიკის მინისტრმა, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრმაც აღიარეს. ეკონომიკის მინისტრის გათვლებით, წელს ეკონომიკა საუკეთესო შემთხვევაში 4.5-5%-ით გაიზრდება. აქამდე მთავრობა 6%-იან ზრდას ვარაუდობდა.

პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევრის, ვახტანგ ლეჟავას გათვლებით, თუ ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვალა, წლის ბოლოს მთავრობას ბიუჯეტში ნახევარი მილიარდით ნაკლები შემოსავალი ექნება, ხოლო ქვეყნის მშპ მილიარდი ლარით შემცირდება.

ფინანსთა მინისტრის ბრძანება თამბაქოზე აქციზის ზრდის შესახებ მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ მთავრობის უფრო ადრინდელი განცხადებების მიხედვით, თამბაქოს აქციზის საკითხი 2014 წლამდე არ უნდა განხილულიყო. დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დაახლოებით ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ წელს მთავრობა მხოლოდ საზოგადოებრივი გაცნობიერების დონის ამაღლებას აპირებდა რეკლამით და სხვადასხვა საგანმანათლებლო სამუშაოს წარმოებით. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და დაახლოებით 2 თვეში მომხმარებელს დახლებზე გაძვირებული სიგარეტი დახვდება.

ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, აქციზის გაზრდის შედეგად, ბიუჯეტში ყოველწლიურად დამატებით 70 მილიონ ლარზე მეტი შევა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები