საპრეზიდენტო არჩევნები 2013

კბილაშვილი: წინასაარჩევნოდ დაკავებებისგან თავშეკავებაზე მოწოდება შესრულდება

Archil Kbilashvili
Tabula

მთავრი პროკურორის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში დაკავებებისგან თავშეკავების შესახებ პრემიერის მოწოდება შესრულდება.

როგორც არჩილ კბილაშვილმა რადიო პალიტრას გადაცემაში განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე პროკურატურის გამოხმაურება „ქმედებაში გამომჟღავნდება":

"პრემიერის მოწოდების აზრი არის ის, რომ პირის მიმართ, რომელიც მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და არის მის მიმართ ინფორმაცია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ, თუ გადაუდებელ აუცილებლობასთან არ გვაქვს საქმე. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ყოველივე პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვად არ იყოს აღქმული და მას ზეწოლის იარლიყი არ დაედოს. სრულიად დასაბუთებული და მისაღები განცხადებაა და ამიტომ ის შესრულდება", - განაცხადა კბილაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა მიმართვა დღეს, 10 ივლისს გაავრცელა. ივანიშვილმა პროკურატურისა და პოლიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში.

მოწოდებას გამოეხმაურნენ უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

კომენტარები