ფარული ჩანაწერები

ფარული ჩანაწერების შემნახველ პირებს ამნისტია შეეხებათ

0 კომენტარი
ფოტო: parliament.ge

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროეტი, რომელიც უკანონოდ მოპოვებული პირადი ჩანაწერების შემნახველი პირების ამნისტიას ეხება.

ამ საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ამნისტია შეეხებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც უკანონოდ აქვთ მოპოვებული აღნიშნული ჩანაწერები და არა მათ, ვინც თავად მიიღო მონაწილეობა ამ ჩანაწერების შექმნაში.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივას კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წამომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

"საზოგადოება აღმოჩნდა სრულიად დაუცველი წინა ხელისუფლების მიერ სისტემური კონტროლისა და ტოტალური კონტროლის და უკანონო ჩანაწერების გამო. ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მათი ურთიერთობები იყო კონტროლის ქვეშ. ამიტომ გვინდა პრობლემა კომპლექსურად დავძლიოთ. ამისთვის ერთ-ერთი ასეთი გზა, რომლითაც ეს საფრთხე იქნება არიდებული, არის ინიციატივა ამნისტიის შესახებ, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი იდეა იყო და ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ამ საკითხზე. ყველა ის პირი, ვის ხელშიც აღმოჩნდა უკანონო ჩანაწერი, ამ პირებს ვაძლევთ შესაძლებლობას, კანონის მოქმედებიდან ერთი თვის მანძილზე საგამოძიებო ორგანოებში წარადგინონ ეს ჩანაწერი. თუ ისინი გაავრცელებენ ამ ასლებს და ასევე ვინც განახორციელა ეს ჩანაწერი, არ გაათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან. ეს გზა არის ერთ-ერთი საშუალება დავიცვათ საზოგადოება ასეთი ჩანაწერების გავრცელებისგან, რამდენადაც არსებობს ინფორმაცია, რომ არის ჩანაწერები გატანილი", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნდობა დაბალია, თუმცა კანონპროექტს მხარი მაინც დაუჭირეს:

"ნდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არის ძალიან მინიმალური, რამდენიმე მოტივაციის გამო. პირველი, იმის გამო, რომ დღემდე არ არის შესწავლილი გიორგი ფარესიშვილის მიმართ განხორციელებული ქმედება, მხოლოდ ხვედელიძის მიმართ ვიხილეთ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ კარგად იცით, რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მიბრძანდება უკრაინაში. არც ნაცვლიშვილის მიმართ, არც ხუხაშვილის მიმართ არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ არის განხორციელებული. სამინისტროს ნდობას ასევე ზიანს აყენებს ის, რომ დღემდე ინახავს და უფრთხილდება პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას. შესაბამისად, ამ პირობებში მათ მიერ კანონის აღსრულება, რაც არ უნდა კარგი კანონპროექტი იყოს, მიგვაჩნია, რომ სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა ამის მიუხედავად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს, რადგან მიგვაჩნია, რომ თუკი სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა არსებობს, გამკაცრდება მიდგომები, ეს იქნება კონკრეტული სიგნალი ყველასთვის, რომ ადეკვატური დამსჯელობითი ღონისძიებები იქნება განხორციელებული", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირინა პოპიაშვილი

კომენტარები