ტაბულა ART

ინტერვიუ გიორგი ლიფონავასთან

„არსებობენ რეჟისორები და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არიან რეჟისორები. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც იციან მიზანი, საით მიდიან და როგორ მივიდნენ და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც მიზანი აქვთ და არც მასთან მისასვლელი გზა". გიორგი ლიფონავა

გიორგი ლიფონავასთვის ყველაზე კარგი შეგრძნება იმის ცოდნაა, რომ სწორ გზაზე დგას და იმ საქმეს აკეთებს, რაც მოსწონს. რეჟისორის აქტივში რამდენიმე მუსიკალური კლიპი, სატელევიზიო სერიალები და ორი სრულმეტრაჟიანი ფილმია. პირველმა, საახალწლო კომედიამ „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს", იმ დროისთვის კინოთეატრებში დასწრების რეკორდი მოხსნა და დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ქართულ ფილმად რჩება. ბოლო ნამუშევარმა კი, პროვოკაციული სახელწოდებით „ჭამა და სექსი", ეკრანებზე გამოსვლისთანავე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მათთვის, ვისაც მოეწონა, „ჭამა და სექსი" ჩვენი საზოგადოების „ცოდვების" ყველაზე სრული კინოაღწერა და ქართული კინოსთვის მიცემული შანსია, რომელმაც ის იმ მემკვიდრეობითი კარნავალურობიდან უნდა გამოიყვანოს, რომელშიც აქამდე იმყოფება – პირველი ქართული ფილმი, რომელიც სოციალურ თემატიკაზეა შექმნილი და ამავე დროს არ არის ალეგორიული. კრიტიკოსებმა კი ის ფასტფუდ-ხელოვნებად შერაცხეს, რომელსაც ბევრი დაღეჭვა და გადამუშავება არ სჭირდება, და რეჟისორს ურჩიეს კამერა „გამოეწია", რათა გარემომცველი რეალობა უფრო კარგად დაენახა.

რამდენადაც ვიცი, რეჟისორობა არასდროს გისწავლიათ. ამიტომაც ალბათ ლოგიკური იქნება ჩვენი საუბარი დავიწყოთ შეკითხვით, როგორ მოხვდით კინოში?

გადასაღებ მოედანზე მოულოდნელად აღმოვჩნდი. ძალიან პატარა ვიყავი, რეზო ესაძის ფილმში რომ გადამიღეს. 15 წლის ასაკში კი საერთოდ სხვანაირად დავინახე სამყარო. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში მუსიკა გაჩნდა. ეს იყო გარდამტეხი ჩემს ცხოვრებაში. მანამდე სიცარიელე იყო. მელომანი გავხდი, თმები გავიზარდე და ჯგუფი შევქმენი. მერე ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა. ქართული ფილმების ფირიდან ახლად შემოსულ ვიდეოკასეტებზე გადაწერა მევალებოდა. ათასი ნაგავი მაქვს ნანახი. ბევრი კარგი ფილმი, მაგრამ ათჯერ მეტი ნაგავი. სამსახურიდან გამომდინარე მიწევდა ამის ნახვა. კინოც იქ შემიყვარდა. ყოველ წელს სხვადასხვა კინოფესტივალის გასაშუქებლად დავდიოდი. მომწონდა ფესტივალური გარემო და თვითგამოხატვის ის ფორმა, რომელსაც კინო ჰქვია. თვითნასწავლი რეჟისორი ვარ, თეატრალური არ დამიმთავრებია. ახლა ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ აზრიც არ ჰქონდა იქ სწავლას, ეს არაფერს შეცვლიდა. თუ შეცვლი და, პირიქით, უარესობისკენ. ტელევიზიაში ვმუშაობდი და პრაქტიკული გამოცდილებაც იქ მივიღე.

სანამ თქვენს ბოლო ფილმზე ვისაუბრებთ, მინდა შევეხო თემას, რომელსაც გამუდმებით ახსენებენ თქვენი კრიტიკოსები. 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში, გადაიღეთ „მიშა მაგარია". ბევრი თვლის, რომ ეს კონფორმიზმი იყო და თქვენც ხელისუფლების კარის რეჟისორს გიწოდებთ.

ეს კლიპი გადავიღეთ იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილის რეიტინგი ყველაზე დაბალი იყო. ჩემი აზრით, მაშინდელ ვითარებაში ეს მკვეთრად გამოხატული ნონკონფორმისტული ნაბიჯი იყო. თან ეს ჩვეულებრივი შეკვეთა იყო, რომელიც უნდა შეგვესრულებინა ისევე, როგორც სხვა მსგავსი შეკვეთები. მაგრამ „მიშა მაგარია" ამავე დროს ჩემი და ჩემი მეგობრების განწყობასაც გამოხატავდა. ძალიან საშიში სიტუაცია იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც. საშიშროება იყო, რომ ყველაფერი, რაც მოპოვებული გვქონდა იმ პერიოდისთვის, დაგვეკარგა. ამ საშიშროებას ვგრძნობდით და, გულწრფელად ვამბობ, გვქონდა შეგრძნება, რომ რაღაცას ვაკეთებდით ქვეყნისთვის. ვიცი, რომ ბევრისთვის ეს დღემდე დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეა. ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვინც ცოტათი მაინც პროგრესულად აზროვნებს, ავტომატურად გამოდის ხელისუფლების მომხრე. მე ვერ დავუჭერ მხარს ოპოზიციას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ქსენოფობია, ჰომოფობია და ა.შ.

საინტერესოა „მიშა მაგარიას" რეჟისორისგან მისი კლიპის მთავარი გმირის შეფასება. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა.

დღეს მიხეილ სააკაშვილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მას აკლია დამაჯერებლობა იმაში, რისიც სწამს თვითონ. ის ვერ აჯერებს ადამიანებს იმ იდეებს, რომლებზეც უნდა ააშენოს სახელმწიფო და იძულებულია წავიდეს კომპრომისებზე და გადადგას პოპულისტური ნაბიჯები. რასაკვირველია, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს პოპულისტური ნაბიჯები მუშაობს, მაგრამ არ არის განვითარება. მას აქვს პრობლემები კრეატივში. საშუალოზე დაბალი ინტელექტის მქონე მღვდელი უფრო ადვილად აჯერებს ხალხს იმას, რომ იაპონია ცოდვებისთვის დასაჯა კომბლიანმა ღმერთმა, ვიდრე სააკაშვილი ახერხებს მიიტანოს მათთან ძალიან მარტივი იდეები. იქნება ეს თუნდაც ის კონცეპტუალური თუ მსოფლმხედველობრივი მიმართულება, რომელიც უნდა აირჩიოს ქვეყანამ, მაგალითად დასავლეთისკენ სვლა, თუ ნებისმიერი სხვა რამ. დღეს აქცენტი კეთდება მექანიკურ სვლებზე და მექანიკურად მოქმედ ადამიანებზე, მექანიკური ადამიანების მიერ გატარებული იდეები კი ხალხამდე არ მიდის. იდეებს ახსნა სჭირდება და ამას ვერ გააკეთებენ ისინი, ვისაც ამ იდეების არ სჯერა. თუ მიზანი საზოგადოების მსოფლმხედველობის შეცვლა და გემოვნების ჩამოყალიბებაა, ენა, რომელზეც მას უნდა ელაპარაკო, არის ხელოვნება. ჩემს შემთხვევაში – კინო.

იცოდით, რაც მოჰყვებოდა ამ კლიპს?

იმ დროს ამაზე არ გვიფიქრია, თუმცა ალბათ ჰო, ამ კლიპის გადაღება ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი იყო. და რა მოჰყვა რო?

ის, რომ გიორგი ლიფონავას ნებისმიერ ნამუშევარზე ახსენდებათ, რომ ეს ის არის, ვინც „მიშა მაგარია" გადაიღო.

ვინ ამბობს ამას? ისინი, ვისი აზრიც პრინციპში არ მაინტერესებს. ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც ნეგატიურად იქნებიან განწყობილი ნებისმიერი ჩვენი პროდუქტის მიმართ, ეს კლიპი რომც არ გადაგვეღო. ეს კიდევ ცალკე თემაა, მათთვის ჩვენნაირი ადამიანები ყოველთვის მიუღებელი იქნებიან. როდესაც Myvideo-ზე ფილმის ტრეილერი დავდეთ, ამ საიტზე გინების ყველა რეკორდი მოიხსნა. განსაკუთრებით ფილმის სათაურის გამო მლანძღავდნენ. ფიქრობდნენ, რომ პორნოგრაფიას ვიღებთ. სიმართლე რომ ვთქვა, Myvideo-ს საშუალო სტატისტიკური იუზერები და ის კინომცოდნეები, რომლებმაც ჩემი ფილმი გააკრიტიკეს, ერთ რამეში ძალიან ჰგვანან ერთმანეთს – ერთნიც და მეორენიც სტერეოტიპულად აზროვნებენ. მე ახალი აღმოჩენები გავაკეთე ალეკო ცაბაძის ფილმის, „რენე მიდის ჰოლივუდში", პრემიერის შემდეგ. ბოლოს უკვე მეგონა, რომ მე და ჩემი მეგობრები ძალიან სუბიექტურები ვართ და ამ ქვეყანაში ჩვენი პროდუქციის გარდა არაფერი მოგვწონს. უკვე ვფიქრობდი, ხომ არ გავგიჟდით- მეთქი. მაგრამ ცაბაძის ფილმმა დამაწყნარა. მივხვდი, რომ მარტონი არ ვართ. არადა პრემიერის შემდეგ ისეთი უკმაყოფილო სახეებით გამოვიდნენ ადამიანები დარბაზიდან, რომ არ ვიცი, ესენი საერთოდ რაზე ფიქრობენ. ძალიან სტერეოტიპულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ძალიან მაშინებს.

ვისთვის არის განკუთვნილი თქვენი ნამუშევრები?

კადრი ფილმიდან "ჭამა და სექსი"
ფოტო: ფორმულა კრეატივი

მე ჩემს პროდუქტს ვაკეთებ ყველასთვის – ვიღაცისთვის ის მისაღები იქნება, ვიღაცისთვის არა. არ დაიჯერებთ, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ფორმა, რომლითაც მაყურებელს ჩემს სათქმელს ვაწვდი, იყოს ნაკლებად გამაღიზიანებელი. ყველაზე კარგად ქართველებს ვიცნობ და შესაბამისად ფილმებსაც მათზე ვიღებ. ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად ეს არ მოსწონთ. ბოლო სურათით აშკარა სარკე გავაკეთეთ, დავუდეთ და ჩავახედეთ და აშკარად მახინჯები არიან იმ სარკეში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამაზე იცინიან, კვდებიან სიცილით, მაგრამ თან ფიქრისთვისაც გაჩნდა საზრდო, ანუ აქტუალური იყო.

თუმცა თქვენი ფილმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ „ჭამა და სექსს" აქტუალობა აკლია.

ამას გოგი გვახარია ამბობს. ეს მისთვის არ იყო აქტუალური. მისთვის რაც იყო აქტუალური, მან დაწერა თავის რეცენზიისმაგვარში. თვითონვე უწოდა ასე. დაწერა, რომ მე ფილმით დავინტერესდებოდი, ბებიას კარის ჭუჭრუტანაში მთავარი გმირების სექსისთვის რომ ეყურებინაო. ფილმის ავტორთაგან არც ერთს არ გვყავდა ასეთი ბებია. სამაგიეროდ ყველას გვყავს ბებია, რომელიც მწნილს აკეთებს. ეგ არის რეალობა. არა, მე მესმის, რომ შეიძლება არსებობდეს ბებია, რომელიც შეიჭვრიტებოდა, მაგრამ მე ასეთ ბებიაზე ფილმი არ გადამიღია. ისეთ ბებიაზე გადავიღე, რომელიც კომბოსტოს ამწნილებს. ჩემი აზრით, გვახარიას არ მოეწონა ის, რომ ადამიანები გავაკრიტიკე. მას მოსწონს, როდესაც აკრიტიკებ სისტემას. მაგრამ სისტემა საზოგადოების ნაწილია. მე იმ საზოგადოებას ვაკრიტიკებ, რომელმაც შვა მონსტრი, რომელსაც ახლა სისტემა ჰქვია. გვახარიასგან განსხვავებით, გიგი თევზაძე მიგვიხვდა ჩანაფიქრს – „ჭამა და სექსი" არის დასაბამი ახალი ქართული კინოსი. ამით სათავე დავუდეთ ახალ ხედვას, ახალ თვითირონიას, ახალ თვითკრიტიკას. ამ ფილმით ახალი კამერა დავდგით სულ სხვა ოთახში.

თუმცა, იმავე გვახარიას აზრით, ზედმეტად ახლოს დადგით. მან თქვენი ფილმი სერიალს შეადარა.

ეს საინტერესო თემაა. შეიძლება რაღაც ანარეკლი ჰქონდეს და ეს გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი სერიალებს ვიღებდი. მაგრამ მე მომწონს ეს ესთეტიკა კინოში და ვფიქრობ, რომ მას აქვს არსებობის უფლება. რატომაც არა? ესეც ხომ სტერეოტიპია, რომ კინო ასეთი არ უნდა იყოს. რატომ არ უნდა იყოს? ვინ იცის, როგორი უნდა იყოს ახალი ქართული კინო? გვახარიამ არ იცის, როგორია ახალი ქართული კინო. ძველი ფრანგული კინო როგორია, იცის.

და მაინც, რა არის ახალი ქართული კინო, როგორ შეაფასებთ იმ ფილმებს, რომლებიც დღეს ეკრანებზე გამოდის?

ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებასთან ერთად, კინოს გადაღება ადვილი გახდა, შესაბამისად, ბევრი ახალი ფილმიც გამოვიდა. გასაგებია, რომ მათი უმეტესობა უხარისხოა, მით უმეტეს, რომ სკოლა არ არსებობს და ოცწლიანი ჩავარდნა გვაქვს. ის, რომ ბევრი ცუდი ფილმი გამოდის, ერთი მხრივ კარგია, იმიტომ რომ ჩემს არასრულფასოვნების კომპლექსს ვიკმაყოფილებ; თუმცა მეორე მხრივ, რასაკვირველია, ცუდია, იმიტომ რომ აფუჭებს ბაზარს, ამცირებს მოთხოვნას და თანამედროვე ქართული კინემატოგრაფისადმი ნიჰილიზმს აჩენს. მაგრამ, თუ ქართული კინოს აღორძინებაზე ვლაპარაკობთ, ის პროცესები, რაც მიმდინარეობს, საერთო ჯამში მაინც დადებითად უნდა შევაფასოთ. ერთხელ უკვე ვახსენე და გავიმეორებ, ალეკო ცაბაძის „რენე მიდის ჰოლივუდში" არის იმის მაგალითი, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოშიც იქმნება ძალიან ხარისხიანი კინო, ძალიან სოციალური და ძალიან ღრმა. ამ ფილმმა ოპტიმიზმით შემახედა ქართული კინოს მომავალს.

 

კადრი ფილმიდან "ჭამა და სექსი"
ფოტო: ფორმულა კრეატივი
მაგრამ თქვენ თქვით, რომ დარბაზში არ მოეწონათ. ისევ იმავე მიზეზის გამო, რატომაც შეიძლება „ჭამა და სექსი" არ მოეწონოთ?

იმის მიუხედავად, რომ ეს ორი ფილმი თითქოს ერთმანეთის მსგავსია – თემებით, მსოფლმხედველობით, მიდგომით – განსხვავებაც არის. ეს განსხვავება ფორმაშია. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს გამოცდილება ისეთი ფორმის, როგორიცაა კომედია. ეს მსუბუქი ფორმაა, მოხერხებული, მოქნილი და რაც მთავარია ყველასთვის მისაღები. რაც ცაბაძემ ამ შემთხვევაში არ გამოიყენა. მისი ფილმი მაყურებელს ნაჯახივით დაეჯახა, ამიტომაც ვერ მიიღეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა კინო კომედიაა, ამასაც შავი კომედიის ნიშნები აქვს და ჩვენც ვიცინეთ.

თქვენი პირველი და მეორე ფილმი რომ შეადაროთ ერთმანეთს, რამდენად გაიზარდეთ როგორც რეჟისორი?

ამ შემთხვევაში მარტო ჩემზე ვერ ვისაუბრებთ. მთლიანად გუნდი უნდა განვიხილოთ – სცენარისტები, რეჟისორი, ყველა, ვინც ფილმზე იმუშავა. პირველი ფილმი ჩვენთვის იყო საკუთარი ძალების მოსინჯვა – შეგვიძლია თუ არა კარგი კინოს გაკეთება. შეიძლება ითქვას, გარდამტეხი იყო ჩვენთვის ეს სურათი, იმიტომ რომ, შედგა და უფრო თვითდარწმუნებულები ვმოქმედებთ ახლა. ხმამაღლა ვიცინით სავსე დარბაზში კინოზე, რომელზეც ჩვენ გარდა არავინ იცინის.

ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როცა პირველად გნახეთ მუშაობის პროცესში „ჭამა და სექსის" გადაღებებზე. ველოდებოდი რეჟისორს, რომელიც ხმის გამაძლიერებლით ივლიდა და მსახიობებს და გადამღები ჯგუფის წევრებს ბევრს უყვირებდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მუშაობის პროცესში ძალიან მშვიდი ხართ. მარტო ორი სიტყვა ისმოდა თქვენგან – „წავიდა" და „სტოპ".

არადა საერთოდ არ ვარ მშვიდი. ეს კარგად იცის ყველამ, ვინც მიცნობს. მაგრამ გადაღებების დროს მთავარია მიზნის მიღწევა. იქ ფუჭ ქმედებებზე დასაკარგი დრო არ არსებობს. ეკრანზე მსახიობი ჩანს, ის უნდა იყოს იქ კარგი და თუ გადაღების დროს ნერვები მოუშალე, ამ მიზანს ვერ მიაღწევ. თან არ არსებობენ ცუდი და კარგი მსახიობები. ისევე, როგორც ცუდი და კარგი რეჟისორები. არსებობენ რეჟისორები და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ არიან რეჟისორები. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიზანი და იციან როგორ მივიდნენ ამ მიზნამდე და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არც მიზანი აქვთ და არც მასთან მისასვლელი გზა. ერთი პერიოდი საქართველოში, არჩევანი, რომ გამხდარიყავი მსახიობი, განპირობებული იყო სურვილით, რომ არაფერი გეკეთებინა. ეს ყველაზე ადვილი პროფესია იყო. მიიღებ შესაბამის პოზას, მოხუჭავ თვალს, წარმოთქვამ გაზეპირებულ ტექსტს და მორჩა – შენს საქმეს აკეთებ. არადა ასე არ არის. როლის შესრულებისთვის მისი გააზრება და ბევრი შრომაა საჭირო, რაც მსახიობებს აუცილებელი არ ჰგონიათ. დათვის ფორმას რომ ჩაიცვამ, ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ დათვი ხარ. ამიტომაც ამ პროფესიისადმი ცოტა კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს. ძალიან ცუდი ხარისხის მსახიობები გვყავს ქვეყანაში. ორი-სამი მსახიობია სულ, რომელსაც შეუძლია გააზრებულად ითამაშოს. ამის გამო ზოგჯერ გიწევს ტყუილის თქმა და სხვა გზით მიღწევა იმის, რაც გინდა, რომ ვიზუალურად ჩანდეს ეკრანზე. რეჟისორობა რაღაცით ფეხბურთის მწვრთნელის სამუშაოს ჰგავს. ჩლუნგ ფეხბურთელს ძალიან მარტივად რომ უნდა აუხსნას რთული ტაქტიკური ნახაზი.

ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი მსახიობების მთავარი პრობლემა ზედმეტი თეატრალურობაა.

ასეც არის. სცენის რაღაცნაირ სიყვარულს უდებენ ჩვენთან მსახიობებს, თითქოს წამლავენ. თუ ჩააბარე თეატრალურში, პრიორიტეტული არის თეატრი და მერე ყველაფერი დანარჩენი. რატომ არის ასე, ვერ ვხვდები. თან ქართული თეატრი ზოგადად ძალიან ჩამყაყებულია, არ ვითარდება. არ მიყვარს და არც მაქვს იქ სიარულის სურვილი.

პროექტი „დერვიშები". თქვენი გადაღებულია კლიპები მათ „სულიკოზე".

დერვიშების პროექტში არ იყო მარტო რეჟისურა, თავიდან ბოლომდე პროცესში ვიყავი ჩართული. ამ ბოლო დროს ყველაფერი, რასაც „ფორმულა კრეატივთან" ერთად ვაკეთებ, მიმართულია იქით, რომ ადამიანებმა გადააფასონ ღირებულებები, რომლებიც ერთ დროს, ჯერ კიდევ ცხოვრების დასაწყისში ჩამოიყალიბეს და იმის შემდეგ აღარ გადაუხედავთ. მე რომ გვერდიდან ვუყურებდე ამ ყველაფერს, შევაფასებდი, რომ ამ პროექტს პრეცედენტი არ აქვს და არის აშკარა კონცეფციის მატარებელი. თან ეს ყველაფერი განხორციელდა სრულიად ახალი სივრციდან – ინტერნეტიდან. ამ პროექტმა კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ დაგვანახა ჩვენი საზოგადოების სახე. მიზანი ისევ სტერეოტიპების ნგრევა იყო, იმ ყალბი პათეტიკის გამოაშკარავება, რომლის მიღმაც სიცარიელეა. სიყალბეს უბედურება მოაქვს ადამიანებისთვის.

და რას სთავაზობთ სანაცვლოდ?

მე ვერაფერს შევთავაზებ. მე ვსვამ კითხვებს და მოვუწოდებ ფიქრისკენ. მეც ძიებაში ვარ. ნებისმიერი ადამიანი ძიებაში უნდა იყოს, ყოველდღე უნდა იფიქროს ამაზე და დაუსვას კითხვები საკუთარ თავს. მე ვერ ვუკარნახებ ვერავის ვერასოდეს იმას, თუ რა უნდა იყოს მისთვის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა იცხოვროს. ჩემზეც ვერ ვილაპარაკებ. ასეთი გულწრფელი ვერ ვიქნები. იმიტომ, რომ მეც, რა თქმა უნდა, ჩემი კომპლექსები მაქვს და არ შემიძლია ისევე გულწრფელად ვილაპარაკო თქვენთან, როგორც ამას საკუთარ თავთან ვაკეთებ. ამიტომაც არ ვლაპარაკობ კინოში საკუთარ თავზე. მე ვლაპარაკობ ხალხზე, იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ. ვიღებ საზოგადოებას და ვახედებ სარკეში. ამით იმავე სარკეში მეც ვიხედები, იმიტომ რომ თავადაც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. ჩვენ შორის განსხვავება ის არის, რომ მე ვფიქრობ ამ თემაზე და ის – არა. თან ვცდილობ არ ვიყო ისეთი, როგორებიც ჩემი ფილმის გმირები არიან. ალბათ რეცეპტიც ეს არის, უფრო მეტი გულახდილობა საკუთარ თავთან. ნუ ხართ მატყუარები და ნუ ხართ სტერეოტიპულები. ჩემი კინო ყოველ შემთხვევაში არის ეს და სხვა არაფერი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, როდესაც რაღაც ქმედებების შედეგად ადამიანებში აგრესიას ვიწვევ, ეს რაღაც სიამოვნებას მანიჭებს ხოლმე. არ ვიცი რა არის ეს, შეიძლება მაზოხიზმია, შეიძლება სადიზმი, მაგრამ ასეთ შემთხვევებში მაქვს განცდა, რომ მიზანს მივაღწიე. ზოგჯერ ადამიანები მიყვარს და ზოგჯერ ასევე მკაფიოდ ვგრძნობ, რომ არ მიყვარს. თუმცა რაკი ჩვენ ისეთ კინოს ვაკეთებთ, რომელიც ცოტათი ჭკუის დარიგებას და მორალის კითხვას ჰგავს, ესე იგი, საბოლოო ჯამში, მაინც თბილი გრძნობები გამაჩნია, რადგან თუ ვინმე არ გიყვარს, მაშინ საერთოდ არ იზრუნებ მასზე. ვხედავ, რომ ადამიანები უბედურები არიან. იმიტომ რომ ძალიან ბევრ წესს და კანონს უფიქრებენ საკუთარ თავს. ან როგორ შეიძლება არ იყო უბედური, მარხვის დროს ხორცი რომ გელანდება.

როგორ ფიქრობთ, მიაღწევთ წარმატებას?

მესმის, რომ რთულია კინოთი საზოგადოების შეცვლა. ვიცი, რომ ეს არ მოხდება ხვალ და ზეგ, არც ორი და ალბათ არც მეტი ფილმის შემდეგ. მაგრამ ისიც ვიცი, რომ არჩეულ გზას არ უნდა გადაუხვიო, გულწრფელი უნდა იყო და რაღაც ძვრები იქნება. არ ვიცი რა არის წარმატება, ვერ ვხვდები. შეიძლება წარმატებაა რომელიღაც ელიტარულ კინოფესტივალზე წასვლა და მთავარი პრიზის მოგება. ეს იმ შემთხვევაში, თუ წარმატება რეზონანსია. მაგრამ ამ რეზონანსს ფული არ მოაქვს. ახლა მაგალითად ყველაზე მეტად ფული მჭირდება და არ მაქვს. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი წარმატება იქნება, ის ვალები რომ გაგვასტუმრებინა, რომლებიც პირველი ფილმების გადასაღებად ავიღეთ. ეს პატარა ბაზრის პრობლემაა, მაგრამ შესაბამისად ვალებიც პატარაა. ეგ ხომ პირდაპირპროპორციულია ერთმანეთთან. მგონია, რომ სადღაც მაინც გავარღვევთ და საერთაშორისო წარმატებაც მოვა. თუმცა ეს არ არის თვითმიზანი. ჩვენ ამ საზოგადოების ისეთივე ნაწილი ვართ, როგორც ყველა, უბრალოდ ჩვენ შორის განსხვავება არის ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ უფრო მეტს, მუდმივად ძიებაში ვართ, და სწრაფად ვვითარდებით. საზოგადოების ჯერ კიდევ პასიურ ნაწილს კი ვურჩევთ, წამოვიდნენ ჩვენს გზაზე და მათაც ეძებონ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, საბოლოოდ ეს გზა სად მიდის, დარწმუნებული ვარ, რომ ის სწორია.

კომენტარები