ტაბულა ART

კარლო კაჭარავა

ეს არის google და Wikipedia, იმ დროში, როდესაც ინტერნეტი ჯერ არ არსებობდა – ასეთი აზრი გაუჩნდება ყველას, ვინც კარლო კაჭარავას უნიკალურ არქივს თვალს გადაავლებს. მე-20 საუკუნის ბოლო ოცწლეულში კარლო კაჭარავა მართლაც ერთგვარი ინტერნეტ-სივრცის ფუნქციას ასრულებდა ქართული ხელოვნებისა თუ სახელოვნებო წრეების დასავლურ არტსამყაროსთან დასაკავშირებლად. ბედნიერებაა, რომ ქვეყნის უახლეს ისტორიაში გვყავდა ადამიანი, რომელიც ერთდროულად მხატვარი, პოეტი, თეორეტიკოსი, არტკრიტიკოსი, ფილოსოფოსი და 80-90-იანი წლების არტპროცესების ერთგვარი მმართველი გახლდათ. ტაბულა Art-ს აქვს პატივი წარმოგიდგინოთ ქართველ 80-იანელთა "გურუს" აქამდე გამოუქვეყნებელი ჩანაწერები და ჩანახატები.

კარლო კაჭარავა
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ფრაგმენტები დღიურებიდან (1993 წელი)

4 ივლისი

ვნახე ორი გამოფენა – მამუკა ჯაფარიძის „ROLEX" („მე რომ ლექსი დავწერე") და „ბავშვების" (მაია სუმბაძე, სალომე და ნიკა მაჩაიძეები, გიორგი სუმბაძე) გამოფენა, შარდენის ქუჩაზე, პატარა საგამოფენო სივრცეში. „ROLEX" – ჩვენი ცივილიზებული სამყაროს ნაგავსაყრელი ვართ, მაგრამ ის ნაგავსაყრელი, რომელშიც მათი სიზმრები იქმნება", – თქვა ერთხელ მამუკა ჯაფარიძემ. როგორც ჩანს, მისი „ROLEX"-იც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დასავლური განვითარებული სრულყოფილი ტექნოლოგიის ჩვენებური სალონური, კვაზიმეტაფიზიკური პათოსით და კუსტარული საშუალებებით რეპრეზენტაცია, რომელიც ტენდენციური სქემებით ამრავალმნიშვნელოვნებს დასავლური ყოფის ატრიბუტს.

„ბავშვების" გამოფენა გულისამაჩუყებელია იმ უჩვეული პირდაპირობით, გამჟღავნებული ნოსტალგიით პიროვნების ნორმალური, თავისუფალი და უსაფრთხო ცხოვრების წესისადმი, რაც ჩვენს რეალობაში წარმოუდგენელ რეალობად კიდევ დიდ ხანს დარჩება. ნიშანდობლივია – ვითომ მრავალმნიშვნელობებით დატვირთული, უმეტესად ნონფიგურატიული ოპუსების ნაცვლად (მხედველობაში მაქვს, ჩვენში საკმაოდ გავრცელებული დილეტანტური აბსტრაქციონიზმი), „ბავშვების" სურათებში იგრძნობა თხრობითობისაკენ მიდრეკილება ცხოვრების წესის აღწერისათვის, რომელიც მათ უყვართ და, რომელიც შესაძლებელია ახლოსაა მათ შინაგან ცხოვრებასთან (ძირითადად, იგულისხმება 60-იანი წლების „კონტრკულტურისა" და ბევრისათვის დასავლეთშიც დამახასიათებელი ნოსტალგია „ვუდსტოკის").

„ბავშვების" სურათებს კარგად ემჩნევა, რომ ესენი არიან ახალგაზრდა ყმაწვილები, რომლებმაც უკვე გაიგეს ნამდვილი თავისუფლების გემო და აღარასოდეს არ მოტყუვდებიან ჩვენში გაბატონებული რეაქციონერული პატრიოტიზმის ზერელე იდეოლოგიით, რომელიც ეროვნულობისადმი აპელაციით გაუთავებლად ამკვიდრებს სოციალური ჩაგვრის ბარბაროსულ ფორმებს, რომლებმაც ყველანაირ გარეშე მტრებზე მეტად გაანადგურეს ჩვენი ქვეყანა. ამ ყმაწვილების სახითაც კარგად ჩანს, რომ მათთვის საბჭოური სინამდვილის მეხოტბეებიდან ეროვნული ელიტის რიგებში გადაბრძანებული მუდამ მენტორული ტონით და დიდაქტიკური პათეტიკით დუჟმორეული „ერის მამები" უბრალოდ მკვდრები არიან, თუმცა ჩვენს რეალობაში ბევრი მათგანი თავიანთი შვილიშვილების თაობის ყმაწვილებზე უკეთ გამოიყურება, უკეთ იკვებება და უკეთესი მადაც აქვს. წადით! წადით რეზერვაციიდან, რომელიც ე. წ. „მამებმა" შეგიქმნეს.

ხელოვნება წარმოუდგენელია სოციალური ფუნქციის გარეშე. ხელოვნება მოღვაწეობის ერთადერთი ფორმაა, რომელიც პიროვნებას თვითშემეცნების საშუალებას აძლევს. ხელოვნების როლი ადამიანისათვის ბედნიერების დაპირებაა. მარკუზე ბედნიერებას სადღაც, უტოპიურ საზოგადოებაში ხედავდა, რადგან შეუძლებელია ბედნიერების მიღწევა „რეპრესირებულ ცივილიზაციაში".

8 აგვისტო

ჩემთან მოვიდნენ მამუკა ჯაფარიძე და ნიკო ლომაშვილი. მამუკამ მოიტანა კასეტა, რომელზეც ჩაწერილია რადიოგადაცემა ჩარლზ ბუკოვსკის შესახებ. ჩარლზ ბუკოვსკი ამჟამად 73 წლისაა და კალიფორნიაში ცხოვრობს. ჩემი აზრით, ბუკოვსკის ცხოვრება ძალიან ჰგავს ჰენრი მილერის ცხოვრებას. მასაც 73 წლის ასაკში 40-ოდე წლის, ახალგაზრდა, ბოლო ცოლი ჰყავს, ის ტიპური წარმომადგენელია ამერიკული ანდეგრაუნდის პარტიის. ისეთივე როგორც ბეროუზი, ის ჰგავს „ბიტნიკებს", ის მოსწონს ემირ კუსტურიცას, რომელიც სიღარიბის კულტურის ტრფიალია.

ბუკოვსკი წარმოშობით, როგორც ჩანს, ებრაელია. ის დაბადებულია გერმანიაში, საიდანაც სამი წლის ასაკში წამოუყვანიათ მშობლებს, ემიგრანტებს. პურიტანულ, შეზღუდულ ოჯახში გაზრდილს, მშობლების სიკვდილის შემდეგ მამისეული სახლი გაუყიდია 16000 დოლარად და მთელი ეს ფული სასმელში და იპოდრომის ტოტალიზატორში გაუნიავებია. შემდეგ ის ისე ხშირად იცვლიდა ქალაქებს, ბარებსა და ქალებს, რომ თვითონაც ვერაფრით ვერ ეხმარება თავის ბიოგრაფებს, რომლებსაც ამა თუ იმ ბიოგრაფიული დეტალის დაზუსტება უნდათ. (შუქი მოვიდა ათი წუთით და ისევ გაქრა, ალბათ, ამაღამ ჩვენ არ ჩაგვირთავენ. საავადმყოფო და მის გასწვრივ სექტორი განათებულია – ჩვენ ,,ეკონომიაში" მოვყევით).

ბუკოვსკის შესახებ გადაცემაში ჟღერდა ტომ უეიტსის სიმღერებიც. ჰო, ეს ხომ ერთი კულტურაა. ნიშანდობლივია ბუკოვსკის ნაწარმოებების სათაურებიც: „პური ლორით", „ყვავილი, მუშტი და ბესტიარიული ღრიალი" (ლექსების კრებული მაშინ გამოვიდა, როცა ბუკოვსკი 35 წლისა იყო), „ამას შექსპირი არ აკეთებდა". ყველაფერი ეს, ისევ ფრენსის ბეკონის მხატვრობას მაგონებს. თუნდაც ამ რადიოგადაცემის ერთი ფრაზა რად ღირს: „ის ისეთივე ცოცხალია, როგორც სპერმა და სისხლი". აი, ასეთია ავანგარდის კიდევ ერთი კლასიკოსი, კერპი. ბუკოვსკის უყვარს ანტონენ არტო. წელს რუსეთში ჟურნალმა „ისკუსტვო კინომ" გამოაცხადა ბუკოვსკის რომანის „ჰოლივუდის" დაბეჭდვის შესახებ.

9 აგვისტო

დღეს ხელფასი ავიღე – 6400 კუპონი. სიგარეტის ყიდვა მინდოდა. ფასები საშინლად არეულია. MAGNA ზოგან 5000 კუპონი ღირს. „ნაკადულში" 3000 ღირდა. სხვაგან 4500. LM 5000 და მეტი, ჩინური 2500, ზოგან კი 3500. ისევ ორი „პრიმა" ვიყიდე, თითო 500 კუპონად. 225 კუპონი მივეცი კათოლიკე მწერლის ჟილბერ სესბორნის წიგნში (ორი რომანი), 400 კუპონად ვიყიდე უილკი კოლინზის „მთვარის ქვა". შინ ჟილბერ სესბორნის წიგნის კითხვა დავიწყე. დროებით გადავდე გიუნტერ დე ბროინის წიგნი ჟან-პოლზე. დილით სამსახურში წასვლამდე ამოვიწერე ციტატები სიუზან სონტაგის წერილიდან ჰეფენინგზე. დღის მეორე ნახევარში ვთარგმნე კეიტ პატრიკის წერილი, რომელიც „აიკას" მასალების ჩემეულ საქაღალდეში ვიპოვე. ძალიან მომეწონა!

ჩემი შემოსავალი წელიწადში 25 დოლარია. დღეს „იბერვიზიით" გადმოსცეს, საქართველოში ეკონომიკური აღორძინება ამერიკის სენატის პროგნოზით 1997 წელს დაიწყებაო, მანამ გაძლებას მართლა კარგი გაძლება უნდა. დღეს მეტროში აბსოლუტურად უცხოდ ვგრძნობდი თავს. ამ მკვდარ ქალაქში ჩემი არაფერია – თუ ცოცხალი და კარგადმყოფი ვიქნები, ალბათ, მომიწევს აქაურობის დატოვება. ღმერთი იყოს ამაში ჩემი შემწე! რაღაც ძალიან პათეტიკურად ვწერ. ახლა ტელევიზიით ისევ მინისტრთა კაბინეტის გადადგომაზე ლაპარაკობენ. „იბერვიზიით" „ბოდიში თქვენ გელით სიკვდილი" უნდა აჩვენონ. კიტოვანი „იბერვიზიით" ედპ-ს აგინებს – ახალი კომკავშირიაო, ახლა უკვე გია ჭანტურია აგინებს კიტოვანს. ახლა უკვე ზურაბ ჟვანია მოუწოდებს ორივეს ღირსების შენარჩუნებისაკენ. დედას მოეწონა ზურას საუბარი. აი ეს დღეც – თავისი იუგოსლავიით, ბელგიის მეფის ბოდუენის დაკრძალვით, ჟენევაში კიდევ ერთი მოლაპარაკებით და ა. შ.

მე და დედამ ვუყურეთ ქართულ კომედიას, ახლა Genesis-ის კონცერტს ვუყურებთ. კოლინზი დასარტყამ ინსტრუმენტებთან აძვრა და თვითონ უკრავს როგორც მაშინ – 70-იან წლებში. ღმერთო, უკვე 90-იანი წლებია! ჩვენთვის მშიერი, საძაგელი, მარცხით სავსე წლები.

ოლეგ ტიმჩენკო, კარლო კაჭარავა, ნიკო ცეცხლაძე.
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ენდი უორჰოლს 1991 წელს თბილისში, სექტემბრის დემონსტრაციების დროს ესროლეს და არა 1967 წელს ნიუ-იორკში. ქართველებმა ესროლეს ენდი უორჰოლს, მოხუც ჯადოქარსა და პედერასტს, ვერცხლისფერი „ინგლისური" პარიკით. მასთან ერთად ესროლეს, რასაც ის წარმოადგენდა: დემოკრატიას, თავისუფალ ეკონომიკას, პიროვნების თავისუფლებას, ინიციატივას, სექსუალურ თავისუფლებას, ინდივიდუალიზმს, „მაკდონალდს", ჰოლივუდს, შოუბიზნესს, „როლინგ სტოუნზს" და „ველვეტ ანდეგრაუნდს", არტ-ბიზნესს, სონაბენდის და ლეო კასტელის გალერეებს, პოლ ტეკს, „ისტ ვილიჯს", დენის ჰოპერის „უზრუნველ მხედარს" და ნილ ჯორდანის „მონა ლიზას", ცხადია, ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება.

საქართველოში ენდი უორჰოლი მოკლეს, ვითომ შემთხვევით, უნებურად – ასეც რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში მაშინვე გამოჩნდა რაღაც კანონზომიერი. თბილისელებისათვის უორჰოლის ვერცხლისფერი პარიკიც კი არასაკმარისად მბზინვარე აღმოჩნდა: მათ უბრალოდ ვერც კი შეამჩნიეს „პიჟონურად" ჩაცმული მოხუცის არაბუნებრივი თმის ფერი. ცოტათი უფრო ადრე ფრენკ ზაპამ ერთ ინტერვიუში თქვა: „და თუკი ჩვენ გვყავს მთელი ერი, რომელსაც არ სურს თავის შესახებ სიმართლის ცოდნა, რომელსაც არ სურს არაფრის ცოდნა მის გარშემო არსებულ სამყაროზე, არ სურს არაფრის ცოდნა, საერთოდ არაფრისა და არავის შესახებ, მაშინ უბრალოდ აუცილებელია იმ უბადრუკი ფანტაზიების რაღაცგვარი გამოკვება, რომლებითაც ეს ერი ცხოვრობს. ხოლო რადიოსადგურთა კონსულტანტებმა მშვენივრად იციან ეს ფანტაზიები".

America – 500

მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ქართველი მხატვრები ამ ექსპოზიციით (რომელიც შარშან მომზადდა), ბოლოს და ბოლოს მიესალმნენ ამერიკის აღმოჩენის 500 წლისთავს. სამწუხაროდ ამერიკა ჩვენთვის ისევე შორს არის, როგორც ჩვენს ბავშვობასა და სიყმაწვილეში იყო, როცა ყოველივე ამერიკულის სიყვარულს გვიკრძალავდნენ. შესაძლოა ამის გამოცაა განსაკუთრებით ღირებული ეს მოკრძალებული მისალმება ქვეყანასთან, რომელიც იყო, არის და იქნება დემოკრატიის, სოლიდარობის და თავისუფალ პიროვნებათა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის და დაფასების უკეთესი მაგალითი.

ეს გამოფენა ცხადყოფს ჩვენს რომანტიზირებულ წარმოდგენებს ამერიკის ისტორიის, მისი სინამდვილისა და მისი კულტურის შესახებ: აქ, ამ ექსპოზიციაში უხვადაა ამერიკული სიმბოლიკა, რომელიც საბჭოთა იმპერიის პირობებში კარიკატურული ნეგაციის კონტექსტში ფიგურირებდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტია თანამედროვე ვიზუალური კულტურის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის იმიტაცია-ინტერპრეტაციები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებლად გულწრფელად ვამჟღავნებთ ჩვენს სიყვარულსა და მადლიერებას ამერიკული კულტურისა და მისი ლეგენდარული პერსონაჟებისადმი. ,,ჩვენი" ამერიკა ისევე ბანალურია როგორც ამერიკა, რომელიც არასოდეს უფრთხის ბანალობებს. ,,ჩვენი" ამერიკა კეთილდღეობებისა და ჰუმანური დამოკიდებულებების ერთგვარად იდეალიზირებული სახე-სიმბოლოა.

ამერიკული

ამერიკული კარგია ჯინსები.
ამერიკული კარგია კონსერვები.
ამერიკული კარგია მანქანები.
ამერიკული კარგია გზები.
არ ვარგა ამერიკული მორალი -
ის სპობს ხიდის ქვეშ მძინარეთა სიზმრებს და ოცნებებს
იმათგან ამ ხიდებზე მანქანებით რომ დასრიალებენ.
ამერიკულ ფილმებში წვიმს მხოლოდ სარკმლების მიღმა – სადღაც.
ამერიკულ ფილმებში ყოველთვის კარგი იმარჯვებს.
ამერიკულ ფილმებში სამოქალაქო ომი ლამაზია.
ამერიკულ ფილმებში მუსიკა არ ვარგა.
ამერიკულ ფილმებში კატასტროფიულად შემცირდა სიგარეტის მწეველთა რიცხვი:
ამერიკულ ფილმებში ბევრს მხოლოდ "ცუდები" სვამენ.
კარგია ამერიკული მუზეუმები, ბანკები, ოფისები.
კარგია ამერიკული სასტუმროები.
კარგია ამერიკული სანაპიროები.
კარგია ამერიკული დროშა.
კარგია "ამერიკენ ექსპრესი".

1992

ამერიკა – სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და გახდება, ისე როგორც მესამე სამყაროს ქვეყნებში იყო. რას ნიშნავს იგი? რას ნიშნავს მისი ექსპანსია? და ა.შ. რა უნდა მას ჩვენგან? ვისი მეგობარია, მხოლოდ მდიდრების? ვისი მეგობარია ამერიკა? მხოლოდ მდიდრების.

კომენტარები