ტაბულა ART

სერგი გვარჯალაძე

„გამარჯობა, ეს მეორე არხია, მე სერგი გვარჯალაძე ვარ" – სერგი უმეტესობამ ასე გაიცნო. ეს ამბავი დიდი ხნის წინ იყო. იმ პერიოდიდან დღემდე სერგიმ შეძლო ყოფილიყო ერთნაირად წარმატებული ტელე და რადიოწამყვანი, მუსიკოსი, კინოდოკუმენტალისტი და მჭიდროდ აღმოჩნდა დაკავშირებული ბოლო ოცწლეულის არაერთ მნიშვნელოვან მედიაპროექტთან თუ მუსიკალურ მოვლენასთან.

სერგის კაფეში ვხვდები, ინტერვიუსთვის 1 საათი მაქვს, ორიდან სამამდე, მერე სამონტაჟოში მიდის. მე ხილის ჩაის ვსვამ, ის შავს და მიყვება Code Liverpool-ზე, დოკუმენტურ ფილმზე, რომელსაც თავისი ჯგუფის Genetic Code-ის შესახებ იღებს.

- ფილმის გადაღება 2012 წელს დასრულდება, „გენეტიკური კოდის" დაარსებიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ. ეს არ იქნება სურათი მუსიკალური კოლექტივის შესახებ ქვეტექსტით – რა მაგარი ბიჭები ვიყავით და რა წარმატება გვხვდა წილად. მინდა მოვყვე ჩვენს თაობაზე არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. როგორ ველოდებოდით ცვლილებებს, რა მისწრაფებები და სურვილები გვქონდა, რატომ დავიწყეთ დაკვრა, რა შეიცვალა ჩვენი ლივერპულში წასვლის შემდეგ. უკვე ვიყავი ინგლისში, შევხვდი ბაკუნა ნოზაძეს, გიტარისტს, რომელთან ერთადაც დავწერე ამ ბენდისთვის მნიშვნელოვანი ყველა სიმღერა. მივდივარ ნიუ ორლეანში, ჩვენი ბასისტის, მიშა კაჭკაჭიშვილის ჩასაწერად. დიდი ხნის შემდეგ აღვადგინე კონტაქტი დრამერთან, ბიჭიკო ოსიპოვთან, რომელიც რეალურად მაშინ ჩვენი მენეჯერიც იყო. ვხვდები ბევრ ადამიანს, რომლებსაც ვუყვები ფილმის შესახებ და მათთან საუბრისას ვხვდები, რომ ის, რაც მაშინ ჩვენს თავს ხდებოდა, არ იყო ლოკალური მოვლენა.

Genetic Code

90-იანი წლების დასაწყისში ქართულ ალტერნატიულ სცენაზე Genetic Code ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პროექტი იყო და ალბათ ერთადერთი, რომლის მუსიკასაც, პირველ რიგში თავად ჯგუფის წევრთა მხრიდან სურვილის შემთხვევაში, ჰქონდა პოტენციალი, გაცდენოდა მათი ნაცნობ-მეგობრების ვიწრო წრეს, ფართო აუდიტორიამდე მიეღწია და მეინსტრიმი გამხდარიყო. ერთ-ერთი პირველი ქართული მუსიკალური ვიდეოც მათ Artificial Love-ზეა გადაღებული. ახალი ტალღის და ახალი რომანტიზმის სტილში დაწერილი სიმღერების ჟღერადობა ყველაზე მეტად ბრაიან ფერის და მის Roxy Music-ს წააგავდა. ამ მსგავსებას ალეკო გეგეშიძის საქსოფონის პარტიებიც აძლიერებდა.

- მე ვფიქრობ, რომ 90-იანი წლების მუსიკოსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ირაკლი ჩარკვიანი იყო. მან რაღაცნაირად წერტილი დაუსვა მისიას, რომელიც ამ თაობის მუსიკოსებს ეკისრებოდა. ჩვენსა და ირაკლის შორის პრინციპული განსხვავება არსებობდა. ჩვენ სნობები ვიყავით და პოპს კატეგორიული ტონით ვეწინააღმდეგებოდით, ირაკლიმ კი თქვა – რატომაც არა. მან პირველმა ამ ქვეყანაში მოახერხა მუსიკოსისგან საკულტო ფიგურის შექმნა. ხმამაღლა განაცხადა – მე ვარ მეფე, აი ჩემი დედოფალი, ჩვენ მოვედით. მე გიმღერებ ყველაფერზე, რაც შენ დღეს გაწუხებს და შენ ამას იგრძნობ. ეს სიმღერები მელოდიური იქნება და შენ მათ მარტივად გაიგებ. ასეთი არტისტი ჩვენ არ გვყოლია. რაც შეეხება „გენეტიკურ კოდს", ალბათ ყველაზე დიდი როლი ამ ჯგუფის პოპულარობაში Artifical Love-მა ითამაშა, რომელზეც ინტერნეტში ბუმი ატყდა. სწორედ მისი მოსმენის შემდეგ მოძებნა ხალხმა ჩვენი სხვა სიმღერები. მახარებს ის, რომ რაღაც პერიოდულობით ყოველი ახალი თაობა თავიდან პოულობს ამ ბენდს, თავიდან ეცნობა, იყვარებს და ინტერესდება იმ პერიოდით.

1992 წლის განმავლობაში Genetic Code-მა მოასწრო კიდევ ორი ვიდეოკლიპის გადაღება სიმღერებზე It's Still Snow და Rumours, სტუდია მელოდიაში დემო ალბომის ჩაწერა და კონცერტების ჩატარება თბილისში, ქუთაისსა და მოსკოვში, სადაც გორკის პარკში 40 ათასი მაყურებლის წინაშე წარდგა. სამშობლოში დაბრუნებულ მუსიკოსებს აუტანელი გარემო დახვდათ. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ბიჭიკო ოსიპოვი „გენეტიკურ კოდამდე" ვალერი კოჩაროვის ჯგუფის „ბლიცის" დრამერი იყო და ამ ჯგუფის სხვა წევრების მსგავსად ლივერპულის საპატიო მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული. სწორედ მან შეძლო ინგლისელ მეგობრებთან დაკავშირება, რომლებმაც Genetic Code ლივერპულში მიიწვიეს.

- ალბათ უფრო იმიტომ წავედით, რომ საყვარელი საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იყო. იმ დროს საქართველოში არათუ მუსიკის დაკვრა, ცხოვრებაც კი სახიფათო გახდა. ნამდვილი საგიჟეთი იყო. დედაჩემის სახლის სარდაფში ვრეპეტიციობდით, გარეთ კი ისროდნენ. ქუჩაში შეიარაღებული ხალხი დადიოდა, ჩხუბობდა, მაროდიორობდა, ერთმანეთს კლავდა. თუმცა მაშინ ახლანდელ მუსიკოსებთან შედარებით გაცილებით ნაკლებს ვფიქრობდით უცხოეთში კარიერის გასაკეთებლად წასვლაზე. მოტივაცია, რის გამოც საზღვრების გადაკვეთაზე შეიძლება გეოცნება, განსხვავებული იყო. ჩვენ არ წავსულვართ იმისთვის, რომ ინგლისის ტოპ-ჩარტებში მოვხვედრილიყავით და იქაურ შოუბიზნესში დაგვემკვიდრებინა თავი. გვინდოდა მუშაობის საშუალება გვქონოდა და მათთვის, ვინც აქ გვიცნობდა, გვეჩვენებინა რა შეგვეძლო. პირადად ჩემს შემთხვევაში ყველაფერ ამას ერთი ბანალური მიზეზიც დაემატა. ლივერპულში გამგზავრების წინა პერიოდი ძალიან სერიოზული რომანის დასასრულს დაემთხვა, ასე რომ, ეს მოგზაურობა თერაპიასავით გამომივიდა. ალბათ დანარჩენებსაც საკუთარი მიზეზები ჰქონდათ. როცა ბაკუნას შევხვდი, ვკითხე, რა იყო შენი მიზანი, ვარსკვლავობა გინდოდა? ტოპ-ათეულების სათავეში ყოფნა? მითხრა, რომ არა, თავისთავად ის ფაქტი, რომ We are in England, Man, უკვე მაგარი იყო. მაგრამ იმას, რომ ინგლისში ყოფნა ყველა პრობლემის გადაწყვეტას არ ნიშნავდა, მალევე მივხვდით. სადღაც ერთ კვირაში ფული გამოგველია, უშედეგოდ ჩაიარა მენეჯერის ლოდინმაც და მივხვდით, რომ ეს ქალაქი კი არის მუსიკის მექა, მაგრამ აქ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. შენ უნდა წახვიდე, შეაწუხო ადამიანები, ნახო კლუბები, იპოვო ადგილი, სადაც დაუკრავ და ხალხი, ვინც მოგისმენს. აი მერე შეიძლება რამე გამოვიდეს.

ლივერპულში ჩასულები პორტთან მდებარე მიტოვებულ შენობაში დაბინავდნენ და საკუთარი ნიჭის რეალიზების საშუალებების ძებნას შეუდგნენ. ცოტა ხანში რამდენიმე კლუბი ნახეს. არც მსმენელების პოვნა გაჭირვებიათ. ერთ-ერთმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ კეთილგანწყობის ნიშნად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე რამდენიმე სიმღერაც კი ჩააწერინა. ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად იყო, ფულიც გაჩნდა, მაგრამ რამდენიმე თვეში ჯგუფი მაინც დაიშალა. სერგი თბილისში დაბრუნდა.

Genetic Code

- ლივერპულიდან ჩამოსვლის შემდეგ დადა დადიანი დამიკავშირდა, რომელსაც „ტაქსის" და „საბავშვო მედიცინის" პერიოდები უკვე გამოვლილი ჰქონდა. მარტო აკეთებდა რაღაცებს და შემომთავაზა ერთად გვემუშავა. ასე შეიქმნა Georgian Dance Empire. სხვათა შორის, დღემდე ბევრს ჰგონია, რომ ან მე ვიყავი „ტაქსიში" ან დადა იყო „გენეტიკურ კოდში". ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ დადა Artifical Love-ის ვიდეოშიც ჩნდება. თუმცა GDMpire-მდე ერთმანეთთან არასდროს გვითანამშრომლია. Georgian Dance Empire ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული პროექტი იყო როგორც მუსიკალურად, ისე იდეოლოგიურად, ზომიერი იუმორით და ინოვაციური ელემენტებით. ძალიან სწრაფად და პროდუქტიულად ვმუშაობდით. ყოველი ახალი სიმღერის ჩაწერის შემდეგ ვხვდებოდით, რომ უფრო საინტერესო შედეგების მიღწევა შეგვეძლო და ყველანაირ შეზღუდვას თუ წესს გვერდს ვუვლიდით. მთავარი მისია, რაც ამ პროექტს ჰქონდა, დენსის პოპულარიზაცია იყო. ამ დროს მსოფლიო უკვე Drum & Bass-ის ტალღაში იყო გახვეული და გვინდოდა, პროცესში ჩვენც ვყოფილიყავით ჩართული. ვერ ვიტყვი, რომ გლობალურ მასშტაბში ვინმეს გავუსწარით, მაგრამ გარკვეული თვითმყოფადობა გვქონდა და ჩვენი პროდუქტიც ორიგინალობით გამოირჩეოდა. ამასთანავე, დადა ყოველთვის ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენების ინიციატორი იყო. ახლაც, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც მიხვდა, რომ მუსიკა ფუნქციონალური ხდება და კომპიუტერული თამაშებისთვის დაიწყო საუნდტრეკების წერა.

ახალ ტექნოლოგიებთან სიახლოვე არც სერგისთვის არის უცხო. ჯერ კიდევ 90-იან წლებში, საზღვარგარეთ სწავლის დროს, ინტერნეტი მისთვის ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა აღმოჩნდა და ეს მაშინ, როდესაც ვებტექნოლოგიები გერმანიაშიც სიახლე იყო.

- ინტერნეტის არსებობის შესახებ გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში სწავლისას გავიგე. ერთმა არაბმა მეგობარმა მითხრა, დარეკვაზე უფრო მარტივად და იაფადაც შეიძლება დაკავშირება ადამიანებთანო და იქვე, უნივერსიტეტის გამოთვლით ცენტრში არსებულ კომპიუტერებს მივაკითხეთ. ამ ცენტრიდან გავაგზავნე პირველი მეილი დადა დადიანთან. ცოტა მოგვიანებით რესტორნებისთვის და კაფეებისთვის დავიწყე საიტების კეთება და სადღაც ორ წელიწადში რაღაც ფულიც ვიშოვე. თუმცა მალევე მივხვდი, რომ პროგრამისტი არ ვიყავი და ეს ის საქმე არ იყო, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი. უნდა ვთქვა, რომ ინტერნეტზე მეტი ეფექტი ჩემზე MP3-ის გამოჩენამ მოახდინა. ამის შესახებაც გერმანიაში სწავლისას გავიგე და მივხვდი, რომ მუსიკალურ სამყაროში რევოლუცია მზადდებოდა. ამ იდეით ისე ვიყავი შეპყრობილი, რომ როცა ერთ-ერთმა ესპანურმა საავტორო უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ საქართველოში ამ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ სასაუბროდ მიმიწვია, ჩემს მოხსენებაში საქართველოზე მეტი ადგილი MP3-მა დაიკავა. მე ვუთხარი, რომ საქართველოში ამ მხრივ მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, მაგრამ მალე ყველას ახალი სტრატეგიის მოფიქრება დაგვჭირდება, რადგან უკვე გამოიგონეს MP3 და ცოტა ხანში შეუძლებელი გახდება გააკონტროლო რა ვის ხელში მოხვდება. ეს მაშინ მათთვის დაუჯერებლად ჟღერდა.

სერგი ხშირად აკეთებდა იმას, რაც ერთი შეხედვით დაუჯერებლად ჟღერდა. დაახლოებით ასე მოხვდა მეორე არხზე, ასე გახდა რადიოწამყვანი, ასე გააკეთა გადაცემა „კომუნიკატორი", გახდა მუსიკალური ჟურნალის „ოზონის" რედაქტორი და ამ ჟურნალის ფარგლებში საღამოების და ფესტივალების ორგანიზება წამოიწყო.

- როცა მეკითხებიან რას ვაკეთებდი მეორე არხზე, მიჭირს პასუხის გაცემა. ამას სახელი არ ჰქვია. ყოველდღე 7 საათზე გავდიოდი ეთერში და ვაკეთებდი ყველაფერს, რაც თავში დამარტყამდა. მაშინ ჯერ კიდევ არანაირი ჟურნალისტური გამოცდილება არ მქონდა. დაუჯერებლად აღმოვჩნდი რადიოშიც. იყო ასეთი წამყვანი, დარეჯან გულიაშვილი, გადაცემა „როკი ნაშუაღამევს" მიჰყავდა, სადაც სტუმრად მუსიკოსებს იწვევდა. მაშინ ჯგუფ „სახლში" ვუკრავდი და იქ ასე აღმოვჩნდი. ეთერის შემდეგ ქალბატონ დარეჯანს რამდენიმე ტექნიკური რჩევა მივეცი გადაცემის ფორმატთან დაკავშირებით. მან კი მიპასუხა – ძალიან კარგი, არ გინდა შემდეგი გადაცემა ერთად წავიყვანოთ? რატომაც არა. ამ გადაცემას მალე მოჰყვა „როკი, სმოკი და", მერე ტელევიზიის პირველ არხზე გადავედი, სადაც გადაცემა „ძაპო" მიმყავდა. გადაცემის რედაქტორის ძმა გერმანიაში ცხოვრობდა და იქიდან MTV-ის ჩანაწერებს გვიგზავნიდა, რომლებსაც პირდაპირ ეთერში ვუშვებდით. იმ დროს საქართველოსთვის ეს სიახლე იყო და „ძაპოსაც" უამრავი მაყურებელი ჰყავდა. რაც შეეხება „კომუნიკატორს", ეს ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო. ამ დროს უკვე კარგად ვგრძნობდი, რა იყო საჭირო იმისთვის, რომ გადაცემა ეფექტური გამოსულიყო და რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. „კომუნიკატორის" ეთერში გასვლისთანავე უკვე ვიცოდით, რომ მალე პოპკულტურასაც მივწვდებოდით და მართლაც რამდენიმე თვეში გადაცემა „ჯეოპოპი" დავიწყეთ. ახლა აღარ მაქვს პრეტენზია, რომ როდესმე ისევ შევძლებ იმ რაოდენობის მაყურებელზე გასვლას, რომელზეც მეორე არხზე მუშაობის დროს გავდიოდი. მაშინ ხომ რეალურად მხოლოდ ორი სატელევიზიო არხი იყო და ყველა მათ უყურებდა. მაგრამ სურვილი, რომ რაღაცნაირად კვალი დატოვო და გავლენა მოახდინო, მაინც არის.

სერგი გვარჯალაძე
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

სერგის მოსწონს თანამედროვე სამყარო, სადაც საზღვრები ბარიერს აღარ წარმოადგენს, სადაც ყველაფერი ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებული და სადაც საკუთარი კვალის დატოვება ყველაზე წარმოუდგენელ ადგილებშიც კი არის შესაძლებელი.

- დაახლოებით სამი წლის წინ რუსეთიდან უცნობი გოგონა დამიკავშირდა და მითხრა, რომ მეგობრის მიცემულ დისკზე ნახა ჩვენი ფილმი ელექტრონავტებზე და აღფრთოვანებული დარჩა. მანამდე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა ქართულ მუსიკაზე და სურდა, მის მიერ აღმოჩენილი სამყარო სხვებისთვისაც გაეზიარებინა. იმის მერე გარკვეული პერიოდულობით მომდის მეილები ამ ფილმთან დაკავშირებით, ზოგი აღფრთოვანებას გამოხატავს, ზოგი მუსიკოსების კონტაქტებს ითხოვს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველანი გლობალური ქსელის ნაწილები ვართ და თუ რამე ღირებულს გააკეთებ, სხვა ადამიანებს აუცილებლად დააინტერესებ. ქართველ მუსიკოსებს ეს კარგად გაცნობიერებული ჯერ კიდევ არ აქვთ. ჩვენს მუსიკალურ სცენაზე ახლა საკმაოდ საინტერესო მოვლენები ხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე აქ ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება. ბევრი კარგი მუსიკოსი გამოჩნდა. მათგან Landmark-ს და Exit-ს გამოვყოფდი. მაგრამ ჯერჯერობით მათაც ის აკლიათ, რაც ჩვენი თაობის მუსიკოსებს აკლდა – გარემოს რეალურად აღქმა. არ უნდა ილაპარაკო, რომ სადღაც სხვაგან ხდება რამე ისეთი, რაც აქ არ ხდება. ეს არასწორია. აღარ არსებობს აქ და იქ. ჩვენ ყველანი ერთ სივრცეში ვართ, დიდი ქსელის ნაწილები. ჩვენი კაბელებით დანარჩენ სამყაროსთან ვართ შეერთებული და თუ ინოვაციურ რამეს მოიფიქრებ და გეცოდინება, რომ დღეს მარტო მუსიკა აღარ იყიდება, გეცოდინება როგორ შექმნა შენი იმიჯი, ვის და როგორ მიაწოდო შენი თავი და არ დაგეზარება სპორტსმენივით ყოველდღიური რეპეტიცია, გარემო ვერ ჩაგკეტავს. მით უმეტეს, რომ გარშემო არსებობს ადგილები, სადაც ჩასვლა რამდენიმე საათში შეიძლება. თუნდაც იგივე სტამბოლი, სადაც საოცნებო კლუბებია.

სერგისთან საუბარში შეუმჩნევლად 4 ხდება. შეთანხმებულ დროს მთელი საათით გადავაცილეთ. ვლაპარაკობთ იმაზე, რა საინტერესო პერიოდში გვიწევს ცხოვრება, რა მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება მსოფლიოში, როგორ იცვლება მანძილის გაგება და ვხვდები, რომ ეს უკვე ინტერვიუს თემა აღარ არის. ერთმანეთს ვემშვიდობებით. მე რედაქციაში მივდივარ ჩანაწერის გასაშიფრად, სერგი კი სამონტაჟოში. იქ მას Code Liverpool ელის.

ნასტასია არაბული

კომენტარები