კონფერენცია

ივანიშვილი: კოაბიტაციის პროცესი რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა", ბათუმში, დღეს დილით დაიწყო. კონფერენცია საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

სიტყვით გამოსვლაში ივანიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე კოაბიტაციის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი "რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს". 

"ყველასათვის ცნობილია, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენი ქვეყანა კოაბიტაციის რეჟიმში ცხოვრობს. ეს პროცესი ძალიან რთულად, მაგრამ მაინც მიმდინარეობს, რისი ნათელი დადასტურებაა პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგი, ერთობლივად მიღებული საპარლამენტო რეზოლუცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ, აგრეთვე, ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. რამდენიმე დღის წინ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს და მივაღწიეთ შეთანხმებას მთელ რიგ საკითხებზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

"მინდა დაგარწმუნოთ - ჩვენ ყველა პირობას შევქმნით იმისათვის, რომ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ კურსს და განაცხადა, რომ ეს კურსი ახალი ხელისუფლების პირობებშიც უცვლელია. 

"ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენს ხალხს კარგად ესმის, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია ის ერთადერთი გზაა, რომელიც დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას. ეს ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანია და ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიიწერს ამას საკუთარ დამსახურებად, რადგან ამ არჩევანს თავისი მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა, თავისი კულტურითა და ღირებულებებით", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" ბათუმში მიმდინარეობს. კონფერენციას ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

კომენტარები