კონფერენცია

ივანიშვილი: განსხვავებულობის გამო არავინ დაისჯება

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას, პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოსთვის ევროპული კურსის და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაბრა.

"ქვეყნის სათავეში მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელსაც მთავარ მიზნად დასახული აქვს ჩვენი ხალხის დემოკრატიული მისწრაფების რეალური განხორციელება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ აქტიური ევროპული ტიპის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და ასე ავაშენოთ ნამდვილი დემოკრატია. დასავლეთში ჩვენ მარტო ის კი არ გვხიბლავს, რომ თქვენ მშვიდობას და ეკონომიკურ კეთილდღეობას მიაღწიეთ, არამედ ჩვენ ვხედავთ თქვენს უმთავრეს მიღწევას - იმას, რომ თქვენთვის თავისუფალი ადამიანი გახდა მთავარი ღირებულება. სწორედ თანამედროვე ევროპის მაგალითი ადასტურებს, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მხოლოდ თავისუფალი ადამიანების მონაპოვარი შეიძლება იყოს. თქვენ, ევროპელებმა, შეძელით და აღკვეთეთ ყველა ეთნიკური თუ რელიგიური ექსტრემიზმი, ყველა ის იდეოლოგია, რომლებსაც შეიძლებოდა შესწირვოდა ადამიანის უფლებები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვს. მისივე თქმით, განსხვავებულობის და თავისუფალი აზრის გამო არავინ დაისჯება. 

"საქართველო უძველესი კულტურის და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, თუმცა ისტორიული ქარტეხილების გამო, დემოკრატიასა და თავისუფლებაში ცხოვრებას ჩვენ ახლა ვსწავლობთ. და ამაში ჩვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარებისა და მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა დამყარდეს. გარწმუნებთ, ყველა ერთი იქნება კანონის წინაშე, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური კუთვნილებისა. განსხვავებულობის გამო, თავისუფალი აზრისთვის, თავისუფალი სიტყვისთვის არავინ დაისჯება".

საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" ბათუმში მიმდინარეობს. კონფერენციას ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები