კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა

ივანიშვილი: ჩვენ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ერთგული ვიქნებით

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის მრავალმხრივი ფორმატის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა და ამაზე ბოლო პერიოდში ჩვენთან ჩატარებულ ღონისძიებათა სიმრავლეც მეტყველებს. რაც შეეხება თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატს,  ჩვენ ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე ვდგავართ - დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე  და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი, 2013 წლის ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან აღნიშნული შეთანხმების პარაფირებაა.

"დარწმუნებული ვარ, რომ როგორც წინა, ისე ახალი მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები აისახება ვილნიუსის სამიტის შედეგებზე. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის დაიწყოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება მის ძალაში შესვლამდე, რასაც ეგრეთ წოდებული ასოცირების დღის წესრიგით შეძლებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.  

პრემიერმა ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის - სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც, ისაუბრა.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველო წარმატებით ასრულებს სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და "რეადმისიის" შეთანხმებებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველომ გადადგა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს არის ჩვენი ევროპულ ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩემი ბრიუსელში ვიზიტისას განვაცხადე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკითხში ევროკავშირის საიმედო პარტნიორია და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ევროპულ სატრანსპორტო სივრცეში ინტეგრაცია და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარება", - აღნიშნა პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 

"ჩვენ დიდად ვაფასებთ იმას, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საქმეში. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში დაინიშნა ჩემი სპეციალური წარმომადგენლი, რამაც საშუალება მოგვცა კონკრეტული პრაგმატული ნაბიჯები გადაგვედგა ვაჭრობის, ეკონომიკისა და კულტურული კავშირების მიმართულებით. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ორმხრივ ფორმატში შევძლებთ რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჟენევის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ფორმატია რუსეთთან კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად და ჩვენ ამ პროცესის ერთგული ვიქნებით", - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.

საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" ბათუმში მიმდინარეობს. კონფერენციას ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები