საპრეზიდენტო არჩევნები 2013

გიორგი თარგამაძე: ჩვენ 27 ოქტომბრის არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, - ეს განცხადება თარგამაძემ  გააკეთა კონფერენციაზე, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქრისტიან-დემოკრატები მონაწილეობენ.

"ალბათ სიმბოლურია, რომ ეს განცხადება გაკეთდა დღევანდელ დღეს - პეტრე-პავლობის დღესასწაულზე და კონფერენციაზე, რომელსაც ჩვენი ევროპული მეგობრები ესწრებიან. ჩვენი განზრახვიდან ჩანს, თუ რა მიმართულებით უნდა იაროს საქართველომ. ესაა ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი ამოცანა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ საქართველოს, როგორც თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ეს შეუძლია მხოლოდ ქრისტიან-დემოკრატიულ იდეოლოგიას. ესაა ის იდეები, რისთვისაც მე და ჩემი თანამოაზრეები ვიბრძოდით ყველა არჩევნების დროს. ჩვენ 27 ოქტომბრის არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. ყველა არჩევნებში მონაწილეობას არათუ აქვს აზრი, არამედ ესაა ჩვენი პიროვნული, პარტიული და ეროვნული ვალდებულება. მე იდეალისტი ვარ და ღრმად მწამს, რომ ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული პოლიტიკით შეიძლება ქვეყნის გამთლიანება და გაძლიერება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობა მივიღო საპრეზიდენტო არჩევნებში", - განაცხადა თარგამაძემ.

გიორგი თარგამაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტა - ის, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი არ დააყენა, შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ფაქტობრივად პრაიმერი იქნება ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის.

"თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში 27 ოქტომბრის არჩევნები არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი და, დიდი ალბათობით, გაიმართება მეორე საპრეზიდენტო ტური, მე ჩემს ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან ერთად მზად ვარ სათანამშრომლოდ. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს შეიძლება იყოს გარკვეული პრაიმერი. ასე რომ, საინტერესო არჩევნები გველის", - განაცხადა თარგამაძემ. 

კომენტარები