0 კომენტარი

ცხელ პოლიტ-ეკონომიკურ ზაფხულში, ერთი შეხედვით, საზოგადოებრივი თემები საინტერესო არ არის, თუმცა პოლიტიკური ორომტრიალის პარალელურად, ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები და ინტერესჯგუფები სოციალური პოლიტიკის განხილვასაც „ახერხებენ".

ახლახან ჩატარდა კონფერენცია, სახელწოდებით „ადრეულ ასაკში ბავშვთა სიცოცხლისა და განვითარების შესახებ". ძალიან წარმომადგენლობითი კონფერენცია იყო. გასაგებია, რომ მედია ყოველთვის უახლოესი საათების სენსაციური ამბებითაა დაინტერესებული და კონფერენციაზე, მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერმინისტრს გარსშემოხვეული ჟურნალისტები კონფერენციის თემატიკისაგან დიამეტრალურად განსხვავებულ საკითხებზე უსვამდნენ კითხვებს. თუმცაღა, ჩემი ჭკუით, ამ კონფერენციაზე განხილული საკითხები უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე საზოგადოების ერთდღიანი ინტერესი.

ძნელი სათქმელია, რამ გამოიწვია საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურება და სოციალურ პოლიტიკაში ცვლილებების ლობირება. შესაძლოა, ასეთი ღონისძიებები საერთაშორისო ორგანიზაციის ჭარბი ბიუჯეტის დასაბალანსებლად და სათავო ოფისთან აქტივობის დასაფიქსირებლად მოწყობილი თავყრილობები იყოს, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით „უბურღავენ ტვინს" ისედაც შეჭირვებულ ხელისუფლებას.

წინა ხელისუფლება სოციალური პოლიტიკის ნაწილში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების რჩევებს ყოველთვის არ ითვალისწინებდა და შედარებით დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. სოციალური სფერო მთელ მსოფლიოში ყოველთვის საარჩევნო პოლიტიკასთანაა კავშირში. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და ამის ფაქტობრივი დადასტურება საარჩევნო ციკლებისა და სოციალური ხარჯების ცვალებადობის ზუსტი კორელაციაა.

ხარჯების ცვალებადობის ამპლიტუდა წინა ხელისუფლების დროს გარკვეულ ჩარჩოში იყო მოქცეული. ხელისუფლების ცვლილებამ სოციალური ხარჯების პროცენტული ზრდის რეკორდი დაამყარა ბოლო ათწლეულში, თუმცა ისიც ცხადია, რომ ციური მანანას მომლოდინე ერის იმედების გამართლება რთულია.

წინა ხელისუფლებას დონორებთან ურთიერთობაში ეხმარებოდა მიზნები, რომელსაც ორივე მხარე იზიარებდა და შედეგები, რომლებსაც მეტ-ნაკლები ენთუზიაზმით ეთანხმებოდნენ. მიუხედავად არჩეული საშუალებებისა, საბოლოოდ, სოციალური პოლიტიკის შედეგი მაინც სიღარიბის მექანისტიკური შემცირებით, ჯანმრთელობის ინდიკატორების გაუმჯობესებით, მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდით და მსგავსი პარამეტრებით იზომება. ამ სტატიის თემა არ არის, სინამდვილეში რა იწვევს ამ პარამეტრების გაუმჯობესებას და ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ხელისუფლების სოციალურ პოლიტიკას მართლაც შეუძლია ზემოხსენებულ პარამეტრებზე დადებითად ზემოქმედება.

თუ საწყის ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი მთავრობის პოლიტიკის მიმართ და განსხვავებული ინტერვენციების ან ინტერვენციების მასშტაბის მომხრენი იყვნენ, შემდგომში, მათ მიერვე ჩატარებული კვლევების შედეგები ადასტურებდა საერთო სასურველი შედეგის მიმართულებით მოძრაობას და ამის უარყოფა რთული იყო.

როგორც ჩანს, არამხოლოდ გუბაზიესთვის დადგა სამართლიანობის აღდგენის ნანატრი ჟამი. დონორებმაც ჩათვალეს, რომ მოვიდა დრო, საქართველოს მთავრობამ სოციალურ პოლიტიკას ძირფესვიანად გადახედოს და მათ დაკრულზე დაიწყოს ცეკვა, როგორც ეს შევარდნაძის პერიოდში ხდებოდა.

რა პრობლემაა, თუ პოლიტიკა შედეგს ვეღარ მოიტანს? ყოველთვის შეიძლება წარუმატებლობა დააბრალო არასაკმარის რესურსებს და მეტი მოითხოვო. ამას რა სჯობს? გაჩნდება ახალი პროექტები, კონსულტანტების დახმარების და ქვეყნის მიერ სესხების აღების საჭიროება.

ალბათ ყველამ იცით, რომ UNICEF-ი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდია. ზემოთ ნახსენები ღონისძიებაც მისი ორგანიზებით ჩატარდა. როგორც UNICEF-ის ვებგვერდიდან შეგვიძლია შევიტყოთ, აპლოდისმენტებს იმსახურებს მთავრობის სოციალური ინიციატივები: „ახალმა მთავრობამ ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელთა შორისაა ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა, სოციალური შეღავათების გაორმაგება და პენსიების გაზრდა", – აღნიშნავს UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში, საშა გრაუმანი.

ეს ყველაფერი UNICEF-ს აინტერესებს არა ზოგადად, არამედ მისი ზრუნვის სამიზნე ჯგუფის, ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების გამო. UNICEF-ი ქართველი ბავშვების სიღარიბეზე ნერვიულობს.

ამ ორგანიზაციაში კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ. მათ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ დროის კონკრეტულ მომენტში, მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებული 10%-დან 54% იღებს სოციალურ დახმარებას. იციან, რომ მოსახლეობის შემოსავლები და ხარჯები ცვალებადია. დღეს თუ ერთ ოჯახს შეუმცირდა შემოსავალი, მეორეს გაეზარდა. ასევე იციან, რომ ოჯახები ცვალებადი შემოსავლებით დაბალშემოსავლიან ჯგუფში ნახევარზე მეტია და კეთილდღეობა მხოლოდ ფულით არ იზომება. არანაკლებ მნიშვნელოვანი ინდიკატორებია ქონება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გადაიქცეს შემოსავლად, ნათესავების, მეზობლების და მეგობრების წრე, რომლებიც გაჭირვებაში შეიძლება დაგვეხმარონ. განათლების დონე და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც კრიზისიდან გამოსვლის შანსებს ზრდის ან ამცირებს, საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ახალი სამუშაოს პოვნის შესაძლებლობაზე მოქმედებს.

მიუხედავად საკმარისი კომპეტენციისა, UNICEF-ის რეკომენდაციები ხელისუფლების მიმართ ლეიბორისტ ნათელაშვილსაც შეშურდება. ის ურჩევს მთავრობას, ბავშვებისთვის საყოველთაო დახმარება შემოიღოს. ერთ-ერთ მოსაწონ ვარიანტად შემოთავაზებულია ბავშვზე 30 ლარი, რაც ქვეყანას 300 მილიონი ლარი დაუჯდება წელიწადში. ორგანიზაციის შეფასებით, 30-ლარიან ყოველთვიურ სარგებელს 0-დან 16 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე, შეუძლია შეამციროს უკიდურესი სიღარიბე 9.1%-დან 4.5%-მდე და ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე – 9.4%-დან 3.9%-მდე. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების საერთო რაოდენობა 77000-დან შემცირდება 26000-მდე. ხომ ლამაზი ციფრებია? ამას ჰქვია შედეგი. მოდი, ვნახოთ, რას ნიშნავს ეს პრაქტიკულად.

დავუშვათ, ოჯახში 4 ადამიანია, ორი მოზრდილი და ორი ბავშვი. კვლევაში ეს ოჯახი უკიდურესად ღარიბად ითვლება, თუ მისი ერთი წევრის ხარჯი თვეში 61 ლარზე ნაკლებია. თუ მთავრობა ამ ოჯახს ბავშვზე 30 ლარს ანუ ჯამში 60 ლარს დაუმატებს, გამოვა, რომ საშუალოდ ოჯახის წევრის შემოსავალი გაიზრდება 15 ლარით და გახდება 76 ლარი. თავად განსაჯეთ, რამდენად შეიცვლება ამ ოჯახის მდგომარეობა. ვაშა! ასეთ შემთხვევაში მთავრობას ექნება ფანტასტიკური შედეგი და ის ორჯერ შეამცირებს უკიდურეს სიღარიბეს ბავშვებში.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი მიზანი იგივეა და ვაგრძელებთ წინა ხელისუფლების უსამართლო სოციალურ პოლიტიკას. ამოცანად ვისახავთ 77000 ბავშვის უკიდურესი სიღარიბიდან ამოყვანას. გვაქვს უსამართლო სოციალური დახმარების სისტემა, რომელსაც UNICEF-ის, მსოფლიო ბანკის და ახალი ხელისუფლების შეფასებით, შეცდომები მოსდის, მაგრამ ეს შეცდომები არც ერთის შეფასებით არ აღემატება 30%-ს.

ამ შეცდომების დასაზღვევად, წარმოვიდგინოთ, რომ ვამჯობინებთ არა 77000 ბავშვის, არამედ ორჯერ მეტის, 154000 ბავშვის მოძებნას, რათა არავინ გამოგვრჩეს მიზნობრივი ჯგუფიდან. ასეთ შემთხვევაში მიზნობრიობა შესაძლებელია გავზარდოთ მინიმუმ 90%-მდე. წარმოვიდგინოთ, რომ 30 ლარის ნაცვლად, ამ ბავშვებს ვეხმარებით ორჯერ მეტით, ანუ 60 ლარით.

რას მივიღებთ შედეგად? იმავე ოჯახის თითოეული წევრის შემოსავალი გახდება 91 ლარი და უკიდურეს სიღარიბეში დაგვრჩება 8000-მდე ბავშვი.

შეფასების კრიტერიუმები UNICEF-ის შედეგი უსამართლო სისტემის შედეგი
ოჯახის წევრის (მათ შორის, ბავშვის) შემოსავალი 76 91
უკიდურეს სიღარიბეში დარჩენილი ბავშვების რაოდენობა  26.000 8.000
გადასახადის გადამხდელის ხარჯი წელიწადში 300.000.000 111.000.000

საინტერესოა, რომ UNICEF-ის დოკუმენტებში არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები გადასახადის გადამხდელების შესახებ. თითქოს 300 მილიონი ციური მანანა იყოს და მას იგივე მოსახლეობა არ იხდიდეს, მათ შორის – უკიდურესად გაჭირვებული, ბავშვიანი ოჯახებიც.

გარდა ამისა, ასე მარტივად ხომ არ იქნება? საჭიროა, რომ საქართველოს ბავშვების 100% დადიოდეს ბაღში, ბუნებრივია, სახელმწიფოს ხარჯზე, ქალებმა ჭამონ პური, რომელიც სავალდებულოდ იქნება გამდიდრებული საკვები დანამატებით. ბუნებრივია, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ არ ვაკონტროლეთ პურის ცხობა. შემთხვევით ვინმემ ჩვეულებრივი პური არ შეჭამოს იაფად, რომელსაც დღემდე ჯანმრთელობისათვის რისკის ფასად მივირთმევთ. ასეთი ჩარევა პურს თუ გააძვირებს, რა პრობლემაა?! სადაც 300 მილიონი, იქ კიდევ მივუმატებთ. იქნებ მეტიც დავხარჯოთ საშას შექების ხათრით?

ეს ყველაფერი, UNICEF-ის ანგარიშით, საქართველოს 10 წელიწადში 1.3 მილიარდის ეკონომიას მოუტანს და ამის „ანალიზი" თუ არ დამეზარა, შეიძლება მომავალში მოგითხროთ.

ყველაზე ჩქაროსნული ავტობანი ჯოჯოხეთისკენ ასფალტის ნაცვლად მთლიანად გულისამაჩუყებელი სურვილებისგანაა დამზადებული. განა რა უნდა იყოს იმაზე გულისამაჩუყებელი სურვილი, ვიდრე ბავშვების კეთილდღეობა და მათზე განსაკუთრებული ზრუნვაა. სკოლიდან მახსოვს, ლენინს რომ უყვარდა ბავშვები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები