უმაღლესი განათლება

პრემიერი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღარ დანიშნავს

parliament.ge

უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერმინისტრი აღარ დანიშნავს - ამის შესახებ დღეს, 12 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე იმსჯელეს.

დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე მუხლობრივად განიხილეს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განახლებული პროექტი, კენჭისყრაზე კი აღნიშნული ინიციატივა ოდნავ მოგვიანებით დადგება. 

როგორც პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ ნეტგაზეთის კორესპონდენტს განუცხადა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

"რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვისაც უნივერსიტეტში უჭირავს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა და აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი", - აღნიშნა კიღურაძემ.

მისივე თქმით, არ შეიძლება მხოლოდ აკადემიურმა საბჭომ შეარჩიოს მოვალეობის შემსრულებელი, რადგან "საბჭო არის წინა ხელისუფლების მიერ ჩანერგილი".

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ცვლილებების პირველად ვარიანტში, უმაღლესი სასწავლებლების რექტორის მოვალეობის შემსრულებლები პრემიერს უნდა დაენიშნა. ცვლილებების ამ ვარიანტს, ოპოზიციის გარდა, უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმაც არ დაუჭირა მხარი.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი სერგო რატიანი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის შემოღებას საპარლამენტო და სამოქალაქო პროტესტს უკავშირებს.

"ოპოზიციის პროტესტის შემდეგ, აგრეთვე, დიპლომატიური პროტესტის შემდეგ იყო პროტესტი უნივერსიტეტების და არასამთავროების მიერ გამოთქმული და სადავო მუხლი, რომელიც პრემიერმინისტრს უფლებას ანიჭებდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაენიშნა, უმრავლესობამ დათმო. მე მინდა აქ ხაზი გავუსვა უმრავლესობის 12 წევრის პრინციპულ პოზიციას. თუმცა კანონში რჩება ბევრი ცუდი მუხლი, რომელიც ზღუდავს დოქტორანტების უფლებებს და, სხვათა შორის, არჩევნების დროსაც მას არ აძლევენ უფლებას მონაწილეობის, მაშინ როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სწორედ აკადემიურმა საბჭომ აირჩიოს მოვალეობის შემსრულებელი. ამჟამინდელი ფორმულირებით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს ყველა აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, ვისაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი", - აღნიშნა რატიანმა ნეტგაზეთთან საუბარში. 

კომენტარები