მთავარი პროკურორი

კბილაშვილი: თეთრი საყელოს დანაშაულზე დაპატიმრება რეკომენდირებული არ არის

Archil Kbilashvili
Tabula
სასტუმრო თბილისი მარიოტში, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებით, შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში წინასწარი პატიმრობისა და გირაოს გამოყენების პრაქტიკაზე მსჯელობენ. 
 
როგორც შეხვედრის დაწყების წინ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დანაშაული რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მისი განმარტებით, ე.წ. თეთრი საყელოს ტიპის დანაშაულზე აღმკვეთ ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენება რეკომენდირებული არ არის. 
 
"ინტელექტუალური შესაძლებლობებით ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებს, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებს, რომელიც მითვისებას, გაფლანგვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ფიზიკური ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს, თეთრი საყელოს დანაშაული ეწოდება, როდესაც ადამიანს შეუძლია კაბინეტში სუფთად ჩაიდინოს დანაშაული. საუბარია, რომ თეთრი საყელოს კატეგორიის დანაშაულებთან დაკავშირებით ამაღლდეს სტანდარტი დაკავებისა და დაპატიმრების კუთხით. საერთო სტანდარტი მსოფლიოში - ევროპასა და ამერიკაში მიუთითებს, რომ ამ ტიპის დანაშაულებში რეკომენდებულია, არ იქნეს დაკავება-დაპატიმრება გამოყენებული", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
"ცენტრ-პოინტის" საქმე არის ე.წ. "თეთრი საყელოს" შესაძლო დანაშაულის ერთ-ერთი ნიმუში, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
კბილაშვილმა "თეთრი საყელოს ერთ-ერთ ნიმუშად" ცენტრ-პოინტის მფლობელების საქმე დაასახელა და განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს ოდენობა მითვისებული ან გაფლანგული თანხის ადეკვატური იყო.
 
"ცენტრ-პოინტის საქმე არის თეთრი საყელოს ერთ-ერთი ნიმუში შესაძლო დანაშაულისა, როდესაც საუბარია მითვისება-გაფლანგვაზე. ჩვენ ქალბატონების მიმართ არც დაკავება განგვიხორციელებია და არც პატიმრობა მოგვითხოვია, უბრალოდ გირაოს რაოდენობა იქნა შერჩეული იმ ნიშნით, რომ ჩვენი გადასახედიდან ადეკვატური ყოფილიყო მითვისებული ან გაფლანგული თანხისა. სასამართლომ ეს მოთხოვნა შეამცირა და რაღაც ნიშნულზე ჩამოიყვანა. რაც შეეხება გადახდის შესაძლებლობას, კანონი ითვალისწინებს როგორც თანხით, ასევე ქონებით უზრუნველყოფას. ამდენად, ჩაითვალა, რომ დასახელებული ზომა არის ადეკვატური და მათ ერთი თვე აქვთ განსაზღვრული ამის შესასრულებლად. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.
 
მთავარი პროკურორის თქმით, წარსულში მნიშვნელობა არ ჰქონდა დანაშაულის ტიპს და ამჟამად ტენდენცია შერბილდა.
 
"ჯერ კიდევ განვიცდით იმ გავლენას, რაც გვქონდა, ამიტომ ვიკრიბებით, რათა ვიმსჯელოთ, მაღლა ავწიოთ სტანდარტი, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებში მაქსიმალურად ფრთხილი ვიყოთ, თავი ავარიდოთ დაკავებას. გამოვყოთ კრიტერიუმები, რა შემთხვევაშია ეს აუცილებელი და შევეცადოთ, რომ ეს იყოს მთელ საქართველოში ერთიანი პრაქტიკა", - განაცხადა კბილაშვილმა.
 
მიმდინარე შეხვედრას ესწრებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციის, შს და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები და ადვოკატები. 

კომენტარები