17 მაისის მოვლენები

მამა ანთიმოზი: ვერაფრით ვერ დავადგინე, ვინ დადო Youtube-ზე ჩემზე მასალა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

დღეს, 15 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისის მოვლენებში მონაწილე ორი სასულიერო პირის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი დღის ორ საათზეა ჩანიშნული.

ბრალდებული ანთიმოზ ბიჩინაშვილი მიიჩნევს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია:

"არანაირი დანაშაული მე არ ჩამიდენია. ვერაფრით ვერ დავადგინე, Youtube-ზე ვინ დადო მასალა და ვერც ვერავინ ვერ დამიდგინა, ვინც ესე ფარული კამერით თუ მობილურით მიღებდა და მერე Youtube-ზე დადეს. ჩემი ბერ-მონაზვნური ღირსება არ მაძლევს უფლებას, რომ ვიღაცას ვუჩივლო და მერე გამოძიება დაიწყოს. პირიქით, ვეხმარებოდი პოლიციას და ის ბავშვები თუ ადამიანები გადავარჩინე", - ამბობს სამების ტაძრის არქიმანდრიტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მთავარმა პროკურორმაც. არჩილ კბილაშვილის თქმით, საკითხი სენსიტიურია, თუმცა ის, ვინც შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, უნდა გასამართლდეს:

"თუ შესაძლო დანაშაული ჩაიდინა პირმა, ის ამისათვის უნდა გასამართლდეს. არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია თუ საერო მოღვაწე. რა თქმა უნდა, ვგრძნობთ სიმძიმეს იმისა, რომ როდესაც ბრალდება არის წარდგენილი სასულიერო პირის მიმართ, სენსიტიურობა მატულობს, მაგრამ ამის ხარჯზე არ შეიძლება სტანდარტის დარღვევა და უთანასწორო პოზიციის დამკვიდრება. აქიდან გამომდინარე, რაც დადგინდება ღია, გამჭვირვალე სასამართლოს შედეგად, ის შედეგი იქნება ყველას მიერ გაზიარებული", - ამბობს კბილაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა შუამდგომლობას დააყენებს პროკურატურა პროცესზე, უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროცესი ღიაა და შუამდგომლობის შესახებ იქ გახდება ცნობილი.

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან სასულიერო პირების მხარდამჭერ აქციას გეგმავს ქართული დასი.

მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი შსს-მ 23 მაისს წაუყენა, მას შემდეგ, რაც 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული მცირერიცხოვანი აქცია მრავალრიცხოვანი კონტრაქციის მონაწილეებმა ძალადობრივად დაარბიეს. სასულიერო პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა), რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები