მთავარი პროკურორი

პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს კბილაშვილის გათავისუფლებას სთხოვს

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას და შესაბამისი წინადადებით მიმართვას სთხოვს.

ამის შესახებ თეა წულუკიანს, მიხეილ სააკაშვილის სახელით, წერილით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა შაბათს, 13 ივლისს მიმართა.

მიმართვას ჯერ არ გასცნობია იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, ის პრეზიდენტს წერილითვე უპასუხებს:

"მე ვიცნობ პრეზიდენტის ზეპირ მოწოდებებს ამ საკითხთან მიმართებაში და მე ამ მოწოდებებს ვუპასუხებ. თუ წერილი არის შემოსული, მე ამ წერილს, ჯერჯერობით, არ ვიცნობ, ალბათ, სულ ახლახან შემოვიდა. თუ წერილი შემოვიდა, მივბრუნდები, გავეცნობი და პასუხს გავცემ ასევე წერილობით", - ამბობს თეა წულუკიანი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას კბილაშვილის გადაყენების მოთხოვნით 11 ივლისს მიმართა. მოგვიანებით, პრემიერმა ივანიშვილმა თქვა, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება იუსტიციის მინისტრის პრეროგატივაა. არჩილ კბილაშვილის გათავისუფლების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პრემიერმა მას ციხის წამების ამსახველი კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გადაწყვეტილების გადახედვა სთხოვა.

კომენტარები