NDI-ის კვლევა

NDI: პრეზიდენტად 29% მარგველაშვილს ისურვებდა, ენმ-ს კანდიდატს 10%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის პოლიტიკური რეიტინგების ნაწილს აქვეყნებს.

კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 73% დადებითად პასუხობს, 27% უარყოფითად. ამავე კითხვაზე მარტში დადებითად 68% პასუხობდა, ხოლო 32% უარყოფითად.

კითხვაზე, ყველაზე მეტად ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა იმ ნაწილის 29%, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას იღებს, პირველ არჩევნად ასახელებს გიორგი მარგველაშვილს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი პირველი არჩევნით 10%-მა დაასახელა.

ნინო ბურჯანაძე პირველი არჩევნით 5%-მა დაასახელა, გიორგი თარგამაძე 4%-მა.

კითხვაზე პასუხი არ აქვს 26%-ს, არცერთ კანდიდატს არ ისურვებდა 7%, ხოლო უარი პასუხზე 5%-მა განაცხადა. მეორე არჩევანი არ აქვს 41%-ს. 

კვლევის მიხედვით, ხვალ რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 54% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ნაციონალურ მოძრაობას 10%. პასუხი არ აქვს 19%-ს, ხოლო უარი პასუხზე 7%-მა განაცხადა.

გამოკითხულთა 52%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, მარტში ეს მონაცემი 60% იყო. მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც მარტში, 10%-მა დაასახელა. არცერთი პარტია -15%. პასუხი არ აქვს 10%-ს.

ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 24%-ისთვის, მნიშვნელოვანია 51%-ისთვის, ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს 12% -ს, ხოლო უმნიშვნელოდ მიაჩნია 4%-ს.

გამოკითხულთა 47% ყველაზე ძლიერი ოპოზიციურ პარტიად ნაციონალური მოძრაობას ასახელებს, ხოლო 5% ქართულ ოცნებას.

კვლევა 2013 წლის ივნისში ჩატარდა და მის ფარგლებში 2,338 რესპონდენტი მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები