ინვესტიცია

საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუარესდება

არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე, სტატიაში „მოსალოდნელი რეცესიის ალბათობა არ არის დაბალი", რომელიც ტაბულაში რამდენიმე თვის წინ დაიბეჭდა (#123), გავაკეთე პროგნოზი, რომ საქართველოს ეკონომიკა ემზადება ახალ რეალობაში გადასასვლელად. კერძოდ, ვივარაუდე – უმუშევრობა მოკლევადიან პერიოდში გაიზრდება, ხოლო ფასების დონე – გრძელვადიან პერიოდში, რაც სტაგფლაციას ნიშნავს. ასეთი პროგნოზის საფუძველს მაძლევდა პირდაპირ ინვესტიციებში, მშპ-ში, სამომხმარებლო დანახარჯებში, კერძო და საზოგადოებრივ დანაზოგებსა და სახელმწიფო ხარჯებში მიმდინარე მყისიერი ცვლილებები 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში და ასევე, ფასების დონის კლების ტენდენცია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2013 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც უმუშევრობა საქართველოში გაიზარდა 42000 ადამიანით, ხოლო ფასების დონე, მიმდინარე წლის მაისში, აპრილთან შედარებით – 0,7%-ით. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მშპ-ის 6%-იანი ზრდის პროგნოზის კორექტირება უნდა მოხდეს 3%-იან მაჩვენებელთან.

თუ პირდაპირი ინვესტიციების კლების ტენდენციებს დავაკვირდებით, ჩემი აზრით, ოპტიმისტური პროგნოზია, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკა შეიძლება არც გაიზარდოს. მოსალოდნელი რეცესიის პროგნოზი მართლდება. გაჩნდა ინფლაციის მოლოდინიც (პროფესიულ წრეებში), რადგან ბანკების მიერ სოფლის მეურნეობაში საბაზროზე დაბალი განაკვეთით გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ (ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება), ასეთი მოლოდინის საფუძველი შექმნა. გარდა ამისა, კულუარებში მიმდინარეობს საუბარი ფულის ემისიაზე და წლიური ინფლაციის რეალური დონის 6%-იან მიზნობრივ დონემდე გაზრდაზე.

ზემოხსენებულ სტატიაში, ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ეს ფაქტი შექმნის მოკლევადიანი რეცესიის შემსუბუქების იმიტაციას, თუმცა, გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობა დაუბრუნდება პირვანდელ დონეს, რასაც დაემატება ინფლაცია. ცხადია, რომ ეკონომიკაში იქმნება ახალი რეალობა და ამ ფაქტს სჭირდება დროული დაფიქსირება. მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტიმულები არ არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან. დროთა განმავლობაში, სურათი კიდევ უფრო დამძიმდება და საქართველოს მთავრობა უფრო მწვავე პრობლემის აღიარების წინაშე დადგება. ძირითადი მიზეზი კი არის ის, რომ პირდაპირი ინვესტიციები მცირდება, რადგან 1) მსოფლიო ეკონომიკა ვერ ვითარდება და 2) საქართველოში საინვესტიციო გარემო უარესდება.

პირველი შემთხვევა წარმოადგენს გარე ფაქტორს. ის ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება და მასზე საქართველოს საზოგადოება გავლენას ვერ მოახდენს. ეს შეიძლება მივიღოთ მხედველობაში, როგორც მოცემულობა. მეორე შემთხვევაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ გასული წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ინვესტორები არიან იმის მოლოდინში, თუ როგორ დასრულდება ხელისუფლების ცვლილება, რის შემდეგაც ეკონომიკური აქტივობა მოიმატებს და მომდევნო საანგარიშო წელს 6%-ით გაიზრდება.

ბუნებრივია, პოლიტიკური არჩევნები გარკვეულ გავლენას ახდენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობა იჩენს უფრო მეტ აქტიურობას, რის შედეგადაც იზრდება ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების რაოდენობა, ეკონომიკური სტიმულები, ფისკალური და მონეტარული ბერკეტებით საზოგადოებრივი ხარჯების ზრდის მაჩვენებლები, რაც არჩევნების შემდეგ ინფლაციის ტემპში აისახება. თუმცა, ეს ფაქტორი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას საინვესტიციო აქტივობაზე. ინვესტიციებში მიმდინარე მყისიერი ცვლილებები სისტემური კრიზისის ინდიკატორია. შედეგად, მომდევნო საანგარიშო პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკის უფრო მეტად შემცირება და ამდენად, ეკონომიკის 6%-იანი ზრდის ოპტიმიზმი არ იკვეთება. ჩემი აზრით, მიზეზი უნდა ვეძიოთ არა ხელისუფლების ცვლის ბუნებრივ პროცესში, არამედ არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ეკონომიკურ შედეგებში. კერძოდ:

1. სამართლიანობის აღდგენის თემა – შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს უკანონოდ განხორციელებული ქმედება ეპატიოს, მაგრამ მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, თუ რა შეიძლება იყოს ამის ფასი. სამართლიანობის აღდგენასა და შურისძიებაში ხშირად ტოლობის ნიშანს ვსვამთ. თუმცა, სინამდვილეში, სწორედ შურისძიების წყურვილი აზიანებს არა მხოლოდ საინვესტიციო გარემოს ან ეკონომიკას, არამედ საზოგადოება მთლიანად ემიჯნება დეკლარირებულ პრინციპებს და ფასეულობებს, რაზეც ცივილიზებული სახელმწიფო უნდა იდგეს.

2013 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უმუშევრობა საქართველოში 42000 ადამიანით გაიზარდა.

საფრანგეთში ბასტილიის ციხე აიღეს 1789 წელს. იაკობინელებმა უამრავ მონარქს მოკვეთეს თავი შურისძიების წყურვილით. არავინ დავობს, რომ მონარქები ბევრ დანაშაულს სჩადიოდნენ, მაგრამ რა მოიგო ამით საფრანგეთის საზოგადოებამ იმ პერიოდში? საქართველოს პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, დიქტატორი იყო. მანაც, ალბათ, ბევრი შეცდომა თუ გადაცდომა დაუშვა, თუმცა შურისძიებამ მოიტანა სამოქალაქო ომი, რასაც მოჰყვა ცივილიზებული მსოფლიოს გაუცხოება და ამან საქართველო ასე დააშორა ბალტიისპირეთის ქვეყნების განვითარების დონეს.

სამართლიანობის აღდგენა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება, მაგრამ შურისძიება კარგად ინიღბება სამართლიანობის აღდგენით, რასაც სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობასთან უკუპროპორციული კავშირი აქვს. აღნიშნული პრობლემა დიდი სიმწვავით წინა ხელისუფლების წინაშეც იდგა. თუმცა, დროა, არჩევნების გზით მოსულმა ხელისუფლებამ კარგად გააანალიზოს წარსული შეცდომები. სწორედ ამიტომ, ცივილიზებული სამყაროს დიპლომატიური წრის წარმომადგენლები ხშირად მიგვანიშნებენ იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენის თემა არის ძალზე ფაქიზი. ის უნდა წარიმართოს ფრთხილად და ყველა პროცედურის დაცვით, ისე, რომ კითხვის ნიშნები არ ჩნდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ის, რაც დღეს ხდება: გაუარესდება საინვესტიციო გარემო, შემცირდება ეკონომიკა. ჩვენ დავშორდებით ცივილიზებულ მსოფლიოს და ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

2. შრომის კოდექსი და საუბრები კანონზე მინიმალური ხელფასის შესახებ – შრომის კოდექსში მიმდინარე ცვლილებებს საქართველოში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მთავრობა ცვლილების მიზეზად განიხილავს მოსაზრებას, რომ დასაქმებულთა უფლებები დარღვეულია, რადგან დამსაქმებლებს შეუძლიათ დაქირავებული ადამიანების გათავისუფლება ყოველგვარი მიზეზის გარეშე. საქმე ის არის, რომ სინამდვილეში, მიმდინარე ცვლილებები უფრო მეტად დაიცავს არაკვალიფიციურ ადამიანებს, რის გამოც შემცირდება კონკურენციის დონე შრომის ბაზარზე და გაუარესდება საინვესტიციო გარემო.

შრომითი ურთიერთობა წარმოიქმნება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება შეიძლება იყოს ზეპირი ან გაფორმდეს წერილობით, კონტრაქტის სახით. მეწარმის (ანუ დამსაქმებლის) მიზანია წარმართული საქმიანობიდან მაქსიმალური მოგების მიღება. მიზნის მიღწევაში მას ეხმარება დასაქმებული, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს მეწარმის სასარგებლოდ. მეწარმეს სჭირდება კვალიფიციური ადამიანი, რომელიც შეძლებს მეწარმის მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ამდენად, მეწარმის ინტერესშია შეინარჩუნოს კვალიფიციური რესურსი. მეტიც, გაუფრთხილდეს მას, იზრუნოს მის მოტივაციაზე, განვითარებაზე, შეუქმნას ხელსაყრელი სამუშაო გარემო, დაუნიშნოს საბაზრო განაკვეთით დადგენილი ხელფასი და სხვა.

მეწარმეს ისევე სჭირდება კვალიფიციური რესურსი, როგორც ხარისხიანი ნედლეული კონკურენტუნარიანი პროდუქციის/მომსახურების შესაქმნელად. კვალიფიციური რესურსის დაკარგვის შედეგად, მეწარმე კარგავს მაქსიმალური მოგების მიღების ალბათობას. ასევე, დიდია რისკი, რომ კვალიფიციურ ადამიანს კონკურენტი მეწარმე დაასაქმებს. სინამდვილეში, კვალიფიციური ადამიანის გათავისუფლებით მეწარმე უფრო მეტს კარგავს, ვიდრე თავად კვალიფიციური ადამიანი. ამდენად, კვალიფიციური დასაქმებული დამატებით დაცვას არ საჭიროებს. კანონში მოსალოდნელი ცვლილებები კი მას დამატებით არანაირ პრივილეგიას არ აძლევს და გრძელვადიან პერიოდში, არც სტაბილურობის განცდას უზრდის. პრივილეგიების მოლოდინში სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.

ცვლილების მთავარი არსი ის არის, რომ ამ ტიპის ადამიანებს შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმდეთ უვადოდ. აღნიშნული ფაქტი რადიკალურად ცვლის შრომის ბაზარზე არსებულ სიტუაციას. კვალიფიციური ადამიანი კარგავს უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე გადასვლის შანსს, რადგან მის ადგილს დაიკავებს არაკვალიფიციური დასაქმებული. მეწარმე, რომელსაც სურს მოგების გაზრდა და შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანების დასაქმება, ამას ვერ ახერხებს და შეზღუდულია, რადგან კანონი იცავს არაკვალიფიციურ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, მეწარმე ერიდება ინვესტიციების განხორციელებას. მაშასადამე, შრომის კოდექსში მიმდინარე ცვლილებები აუარესებს საინვესტიციო გარემოს.

რაც შეეხება კანონს მინიმალური ხელფასის შესახებ – მისი მიზანია, რომ მინიმალური ხელფასის ზღვარი გაუთანაბრდეს საარსებო მინიმუმის დონეს. საარსებო მინიმუმის თემა მსჯელობის სხვა საგანია, ხოლო მისი დათვლის მეთოდოლოგია ბუნდოვანი და საკამათოა. პირობითად, გავაკეთოთ დაშვება, რომ მიდგომა სამართლიანია და გავაანალიზოთ ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების ეკონომიკური შედეგები.

სახელფასო განაკვეთები ეკონომიკაში დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია მოთხოვნა შრომაზე და როგორია შრომის მიწოდება. მოთხოვნას შრომაზე ქმნის ინვესტორი, რომელიც აცხადებს ვაკანსიას და ეძებს შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანს. შრომის მიწოდებას ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც გამოთქვამენ მზადყოფნას, გარკვეულ საფასურად გარკვეული სამუშაო შეასრულონ მეწარმის სასარგებლოდ. რაც მეტია მოთხოვნა შრომაზე და ნაკლებია შრომის მიწოდება, მით მაღალია სახელფასო განაკვეთიც. და პირიქით, რაც უფრო დაბალია მოთხოვნა შრომაზე და მაღალია შრომის მიწოდება, მით უფრო დაბალია სახელფასო განაკვეთი. ეს არის საბაზრო ეკონომიკის პრინციპი. ფასს მოთხოვნა და მიწოდება განსაზღვრავს.

როდესაც წესდება ფასის ქვედა ზღვარი, რომელიც საბაზრო ფასზე მაღალია, მეწარმეები იძულებული ხდებიან დასაქმებულებს გადაუხადონ უფრო მეტი ხელფასი, ვიდრე ამას თავისუფალ ბაზარზე აკეთებდნენ. ამ შემთხვევაში, მეწარმეების წინაშე დგება ოპტიმიზაციის ამოცანა. გარდა ამისა, მეწარმეები უფრო აქტიურად ცდილობენ სამუშაო ადგილების შემცირებას არაკვალიფიციური მუშახელისთვის, რაც ამცირებს მოთხოვნას და, ამავე დროს, ზრდის მიწოდებას სამუშაო ბაზარზე. გარდა იმისა, რომ ეს ფაქტორი აუარესებს საინვესტიციო გარემოს, იზრდება უმუშევრობაც.

ქსენოფობიური გამოვლინებები სამთავრობო წრეებსა და საზოგადოებაში – სტატიაში „რატომ ეწინააღმდეგებით პროგრესს და ეკონომიკის განვითარებას" (ტაბულა, #126) ვასაბუთებ იმ გადაწყვეტილების აბსურდულობას, რომელიც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის საკითხს. მოვიტან ამონარიდს: „მაქვს ეჭვი, რომ მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან გამოთქმული მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ქსენოფობიის ნიშნებს შეიცავს, რადგან საგანგაშო იმაში, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეისყიდოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ, არაფერი არ არის".

საზოგადოებაში რომ ქსენოფობიური მიდრეკილებები ძლიერია, ამას მოწმობს მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენები. რამდენად მოქმედებს ეს ფაქტორი საინვესტიციო გარემოზე? საქმე ის არის, რომ დამსაქმებელი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, თუ რა ეროვნების, კანის ფერის, რელიგიური მრწამსის თუ სექსუალური ორიენტაციისაა. როდესაც დამსაქმებელი გრძნობს აგრესიას საზოგადოების მხრიდან, იგი თავს იკავებს ინვესტიციებისგან. მეტიც, 21-ე საუკუნეში ინფორმაციის გავრცელების პრობლემა არ დგას და, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტორი აფრთხობს ყველა პოტენციურ ინვესტორს, რომელიც ქვეყანაში კაპიტალის დაბანდებას ფიქრობს.

საქართველოში ეკონომიკა ვერ ვითარდება, რადგან პროფესიული განათლების დონით მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით განვითარებულ ქვეყნებს. ჩვენ ვერ ვქმნით ახალ ტექნოლოგიებს, კონკურენტუნარიან სამეცნიერო კვლევებს, ვერ ვთავაზობთ საერთაშორისო საზოგადოებას ინოვაციურ პროდუქტს. დღეს მსოფლიოში 200-მდე ქვეყანაა, სადაც ცხოვრების დონე დაბალია და იაფი რესურსი აქვს. ყველა ეს ქვეყანა ცდილობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას. ინვესტორს დიდი არჩევანი აქვს და ამ მიმართულებით კონკურენციაც ძალზე მაღალია. ასეთ ვითარებაში, პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებებიც კი დიდ გავლენას ახდენს სამეწარმეო აქტივობაზე. ხოლო ჩვენ მიერ განხილული მაგალითები მნიშვნელოვნად აზიანებს საინვესტიციო გარემოს. სწორედ ეს გარემოება მაფიქრებინებს, რომ რეცესია არ არის შემთხვევითი. საქმე გვაქვს სისტემური კრიზისის ნიშნებთან და ამ საკითხზე მეტი დაფიქრება გვმართებს.

კომენტარები