ცენტრ პოინტი ჯგუფის საქმე

დექსუსის დამფუძნებელი საქმეში აუდიტორული კომპანიების ჩართვას ითხოვს

კომპანია დექსუსის დამფუძნებელი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე მთავარ პროკურორს სთხოვს, კომპანიების დექსუსისა და ცენტრ პოინტის საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიები ჩართოს.

ღია წერილში, რომლის ადრესატი არჩილ კბილაშვილია, ირაკლი კილაურიძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია საქმის ფინანსურ ჭრილში შესწავლა:

"მოგეხსენებათ, კომპანია დექსუსის და კომპანია ცენტრ პოინტის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას აქვს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გამოძიების ობიექტურად და სწორი მიმართულებით წარმართვას.

ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებული საქმის მოცულობითი და სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ჭეშმარიტების დადგენის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საქმის შესწავლა მოხდეს ფინანსურ ჭრილში, ფინანსური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის გზით. თქვენ, როგორც უდავოდ კომპეტენტურ იურისტს, გაქვთ სოლიდური გამოცდილება კომპანიების სამართლებრივი პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით და მოგეხსენებათ, რომ სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია საფუძვლიანი ფინანსური შესწავლის გარეშე. ამის დასტურია ის, რომ კეთდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ცენტრ პოინტის მიერ გადმოცემული აქტივების ღირებულების, დექსუსის მიერ გაწეული სამუშაოს და კომპანიის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე იწვევს ძალიან დიდ საზოგადოებრივ ინტერესს და აქვს განსაკუთრებული მოცულობითი ხასიათი, გვინდა გთხოვოთ, გამოძიების ეტაპზე საქმეში ჩართოთ ისეთი სპეციალისტები (აუდიტორული კომპანიები), რომელთა მიმართ არსებობს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობა (PwC, Deloitte, Ernst & Young, KPMG)", - ნათქვამია წერილში.

ღია მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ხსენებული სპეციალისტები ფაქტებს სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემენ, თუმცა ფინანსურ დოკუმენტაციას სწორ ანალიზს გაუკეთებენ და ობიექტურ დაკვნას გასცემენ. კილაურიძე მთავარ პროკურორს საქმის გამოძიებაში უშუალოდ ჩართვასაც სთხოვს:

"გვესმის, რომ ხსენებულ საქმეში უშუალო მონაწილეობა კანონმდებლობის თანახმად, არ არის თქვენი, როგორც მთავარი პროკურორის, ვალდებულება. თუ გავითვალისწინებთ საქმის სირთულეს და აგრეთვე თქვენს პირად დიდ გამოცდილებას ამ კატეგორიის სამართლებრივ დავებში, გვინდა გთხოვოთ, რომ შეძლებისდაგვარად უშუალოდაც ჩაერთოთ საქმის გამოძიებაში მეტი სიცხადის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, აღნიშნული თხოვნა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ გამოძიებას და ეჭვქვეშ ვაყენებთ კომპეტენციას. პირიქით, ვადასტურებთ, რომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს გამოძიების მიმართ ნდობის ან კომპეტენციის კუთხით ეჭვის შეტანისთვის", - ნათქვამია არჩილ კბილაშვილისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

ცენტრ პოინტისა და დექსუსის დამფუძნებლებს - მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და ივანე ცაგურიას, თბილისის პროკურატურამ ბრალი თაღლითობისა და მითვისების მუხლით 11 ივლისს წაუყენა.

კომენტარები