დემოგრაფიული აღორძინების ფონდი

ვასაძე: ახალგაზრდობაში ჯანსაღი ფასეულობების პროპაგანდა უნდა მოხდეს

facebook.com/mes.gov.ge

დღეს, 16 ივლისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, - სენაკის, ჩხოროწყუსა და ავსტრალიის მიტროპოლიტის შიო მუჯირის, ბიზნესმენების, ლევან ვასაძის, ლაშა პაპაშვილის, მამაუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ზაზა ნიშნიანიძისა და პალიტრა მედიისერთ-ერთი დამფუძნებლის და კვირის პალიტრის მთავარი რედაქტორის, გოგა თევდორაშვილის წარდგენა მოხდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძეა. აღნიშნული ფონდი მთავრობის მიერ არის მხარდაჭერილი.

 ლევან ვასაძის თქმით, ფონდმა ამოსავალ წერტილად აიღო გაეროს სტატისტიკა.

”თუ ჩვენ არაფერს შევცვლით, საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისთვის შემცირდება დაახლოებით 1 200 000 კაცით. გაეროს აზრით, ეს მოხდება თითქმის მხოლოდ ქართული ეროვნების ხარჯზე. ანუ, თუ დღეს დაახლოებით 3 მილიონი ქართველი ცხოვრობს, გაერო გვეუბნება, რომ თუ არაფერს არ შევცვლით, სადღაც 35 წლის შემდეგ, თქვენი რაოდენობა განახევრდება. ამიტომ, როცა ჩვენ ვსვამთ კითხვას, როგორ უნდა გაიზომოს ჩვენი ამ ფონდის მოქმედება, მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა გაიზომოს 2050 წელს, ღვთის მადლით, ბევრი ჩვენგანი მოესწრება ამ თარიღს, ჩვენ დავუმტკიცებთ გაეროს, რომ ეს არ მოხდა და საქართველოს მოსახლეობა არ შემცირდა ერთი მესამედით, მაშინ ჩვენ შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქმე გვიკეთებია, ახლა კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ეს, იმდენად კომპლექსური და მრავალვექტორიანი საკითხია, რომ ასეთ პრესკონფერენციაზე ვერ გავცემთ პასუხს, ეს არის, მე ვიტყოდი, პირდაპირ კავშირში ადამიანურ ღირებულებებთან. თუკი ჩვენ გავხდებით ქვეყანა, რომელიც ოცნებობს მხოლოდ სამომხმარებლო ნივთებზე და უარყოფს ოჯახს, როგორც სიწმინდეს, ჩვენ შეიძლება მართლა დაგვემართოს ეს. ძალიან საინტერესოა, რომ მდიდარ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეს დემოგრაფიული პრობლემა მწვავედ დგება, თვისობრივად განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობა არის და ჩვენისთანა ღარიბ ქვეყნებში, პირიქით, მოსახლეობა მრავლდება. ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხეთ, რომ ვიყოთ ღარიბები და ვმცირდებოდეთ, თითქოს მდიდარი ქვეყანა ვართ. და ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, ამაზე უნდა ვიფიქროთ და ჩვენს თავს ვკითხოთ, რომ რატომ ხდება, რომ შემოსავლები აფრიკული ქვეყნის დონეზე გვაქვს და გამრავლება გერმანიის ან ინგლისის და რა უნდა გაკეთდეს ეროვნული აზროვნების, იდეოლოგიის თვალსაზრისით", - ამბობს ლევან ვასაძე.

კითხვაზე, როგორ აპირებს იდეოლოგიაზე გავლენის მოხდენას, ვასაძემ უპასუხა:

"ეს ძალიან რთული შეკითხვაა, იდეოლოგია ცოტა სახიფათო ტერმინია. მე მიმაჩნია, რომ ახალგაზრდობაში უნდა მოხდეს საუბარი და თუ გნებავთ პროპაგანდა, ჯანსაღი ფასეულობების. ადამიანისთვის მთავარია, რომ იმისთვის, რომ ის იყოს ბედნიერი, მას ჰყავდეს დედა, მამა, ცოლი, შვილი - ამის წინ წამოწევა რომ მოხდეს და არა იმ ყალბი სამომხმარებლო ფასეულობებისა, რომელიც ადამიანებს ყალბი ბედნიერების განცდას უქმნის და სინამდვილეში მარტოხელასა ქმნის", - თქვა ვასაძემ.

კომენტარები