17 მაისის მოვლენები

უფლებათა დაცვის კომიტეტმა 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო

parliament.ge

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, LGBT პირების უფლებადამცველთა შენიშვნების მიუხედავად, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში და ასევე ნათქვამია, რომ საპატრიარქოს მიერ 17 მაისამდე გაკეთებულ არცერთ განცხადებაში "არ ყოფილა მოწოდება ძალადობისკენ, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ასეთი მიდრეკილების მქონე ადამიანებს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად განიხილავს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შემდეგ დღეებშიც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ეკლესია ემიჯნება ძალადობას".

დასკვნაში ასევე საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზეც, "რომელმაც შექმნილ ვითარებაში გამოავლინა მაქსიმალური ძალისხმევა და პასუხისმგებლობა, რითაც შესაძლებელი გახდა შესაძლო ფატალური შემთხვევების თავიდან აცილება და მთელ რიგ შემთხვევებში გამოვლენილი ძალადობისგან პირების დაცვა".

პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ კომიტეტმა დაბალანსებული დასკვნა წარმოადგინა,

"მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არ ყოფილიყო პოლიციის და სასულიერო პირების მხრიდან დიდი ძალისხმევა, იქნებოდა მსხვერპლი. ეკლესიის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია - მისთვის მიუღებელი და შეუწყნარებელია რაიმე სახის ძალადობა. ცალკეული პიროვნების გადაწყვეტილება ცალკეული პიროვნების შეცდომაა და ამაში ეკლესიის პასუხისმგებლობა არაა", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.

გუშინდელ სხდომას საპატრიარქოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ. 

კომენტარები