საპრეზიდენტო არჩევნები 2013

თამარ კინწურაშვილი: არსებითია, რომ კომისიამ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს

radiotavisupleba.ge

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მიიჩნევს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ უწყებას დაექვემდებარება უწყებათაშორისი კომისია. თამარ კინწურაშვილის თქმით, მთავარია, კომისიამ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს:

"არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, უწყებათაშორისი კომისია იუსტიციასთან იქნება თუ უშიშროების საბჭოსთან. არსებითია, რომ დღეს არსებულ გამოწვევებს უპასუხოს ამ ფორმატმა, რაც კომისიის თავმჯდომარემ თავის საბოლოო რეკომენდაციებში აღნიშნა. ეს არის, პირველ რიგში, ძალადობრივი გარემო, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა უმცირესობების ჯგუფების მიმართ და ამ საქმეების არასათანადო გამოძიება. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და პოლიტიკური ლიდერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რაც ხელს უშლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას", - ამბობს კინწურაშვილი.

თავის მხრივ, იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას ელიან და პროცესისთვის მზად არიან:

"თუკი ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ბუნებრივია, სამინისტრო მზად არის, იკისროს ამ მოვალეობის შესრულება და სრულყოფილად მოახდინოს იმ სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა, რომელზეც პრემიერმა ისაუბრა რამდენიმე ხნის წინ. მჯერა, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით, იუსტიციის სამინისტროში ამ ორგანოს ყოფნა არ იქნება იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი და ნეიტრალურობა არ იქნება უფრო ნაკლებად დაცული, ვიდრე ეს არის დღეს უშიშროების საბჭოში", - ამბობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დავით ჯანდიერი.

საარჩევნო კანონში პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია უშიშროების საბჭოს მართვიდან იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ქვეშ გადავა.

 

კომენტარები