საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: არ შეიძლება ბერიას მიმართ თბილი გრძნობები მამოძრავებდეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა
პრეზიდენტი facebook-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით იმ ადამიანებს მიმართავს, ვისაც "ნანუკას შოუში" პრეზიდენტის მიერ მიცემული ინტერვიუს შემდეგ, "სურვილი გაუჩნდა, ლავრენტი ბერიას თაყვანისმცემლად გამომიყვანონ".

"მე ვიზრდებოდი ქართული ინტელიგენციის მრავალთაობიან ოჯახში და, სხვებთან ერთად, მზრდიდნენ და ჩემს მსოფლმხედველობას აყალიბებდნენ ჩემი დიდი ბებია და ბაბუა. ბებიაჩემის, თამარ აბაშიძის, ძმა უშუალოდ ბერიას ბრძანებით დახვრიტეს 1937 წელს, ხოლო მამამისი, ჭიათურის საბადოების ყოფილი მფლობელი, მრავალი წლით გადაასახლეს და პრაქტიკულად ამ გადასახლებით გაანადგურეს, ვინაიდან დაბრუნებიდან სულ ცოტა ხანში გარდაიცვალა.

ჩემი დიდი ბაბუა, ნიკოლოზ წერეთელი, ასევე პირადად ბერიას ბრძანებით გაუყენეს მისი ძმის, ალექსანდრე წერეთლის, კვალს და ათი წლით გაამწესეს ციმბირის ბანაკში მათ ბიძასთან, მიხაკო წერეთელთან კავშირის გამო, მე კი უნივერსიტეტის პირველ კურსზე დამაპატიმრა უკრაინის "კგბ"-მ და სტალინის და ბერიას დრო რომ ყოფილიყო, იგივე ბედი არ ამცდებოდა.

ამიტომ, ალბათ ხვდებით, რომ არ შეიძლება ბერიას მიმართ რამე თბილი ან თუნდაც პოზიტიური გრძნობები მამოძრავებდეს.

ამის მიუხედავად, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ ჯალათის ბრძანებით აშენდა თბილისის ახალი ცენტრი, გადაწყდა მეტროს მშენებლობა და ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასთან ერთად, ბოლო წლებში ჩვენ იმავე და უფრო დიდი მასშტაბის მშენებლობები წამოვიწყეთ, ნაწილი დავასრულეთ კიდეც, მაგრამ თბილისის ცენტრალური არტერიის პროექტი, რომელიც რკინიგზის გადატანით იქმნებოდა, სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ შეაჩერა. არადა, ეს არის ყველაზე პერსპექტიული და მასშტაბური პროექტი, რომელიც ოდესმე განხორციელებულა თბილისში და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დაწყებულია. ამ პროექტის შუა გზაზე მიტოვება მავნებლობაა და სხვა არაფერი", - წერს სააკაშვილი.

კომენტარები