რუსეთის ფედერაცია

ალექსეი ნავალნი სასამართლომ გაათავისუფლა

ალექსეი ნავალნი მეუღლესთან ერთად
ria.ru

კიროვის მხარის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ცნობილი ბლოგერისა და ოპოზიციონერის, მოსკოვის მერობის კანდიდატის, ალექსეი ნავალნის თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით და ის განაჩენის ძალაში შესვლამდე გაათავისუფლა.

ოთხშაბათს საღამოს პროკურატურამ აპელაციით მიმართა სასამართლოს და დააყენა შუამდგომლობა, ნავალნის ხელწერილით გათავისუფლების შესახებ. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ განაჩენის ძალაში შესვლამდე ნავალნის დაკავება უკანონოა.

პროკურატურის განცხადებით, ნავალნის ადრე არ დაურღვევია გაუსვლელობის ხელწერილი და, ამასთან, განაჩენის ძალაში შესვლამდე დაპატიმრება მას მოაკლებს ამომრჩეველთან ურთიერთობის თანასწორ ხელმისაწვდომობას.

თავად ნავალნი ბრალდების მხარის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია. მიმომხილველების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნავალნის გათავისუფლებით რუსეთის ხელისუფლებას სურს მოსკოვის მერის არჩევნებს ლეგიტიმაცია შემატოს. ნავალნი აპირებს საარჩევნო კამპანია გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ბლოგერსა და ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი დამნაშავედ ცნეს კრიმინალური სქემის ორგანიზებაში. ნავალნის Кировле”-ის საქმეზე დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებას ედავებოდნენ. ნავალნი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

თავად 37 წლის აქტივისტი და ბლოგერი მიიჩნევდა, რომ ბრალდება, თითქოს მან 2009 წელს, როცა ჯერ კიდევ კიროვის რეგიონის გუბერნატორი იყო, სახელმწიფოს კუთვნილი 16 მილიონი რუბლი ანუ თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი მიითვისა, პოლიტიკურად მოტივირებულია და ამის მიზეზი მისი პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებაა.

კომენტარები