ევროპის ენერგომომარაგება

ნაბუქოს ტრანსადრიატიკული მილსადენი ჩაანაცვლებს

Turkey's Prime Minister Erdogan talks during signing ceremony of Nabucco Intergovernmental Agreement in Ankara
Stringer/turkey / REUTERS

ნაბუქოს პროექტის ტრანსადრიატიკული მილსადენით ჩანაცვლების გადაწყვეტილება შაჰ დენიზ II-ის კონსორციუმმა 28 ივნისს მიიღო. რადიო ამერიკის ხმამ აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირება ენერგოსაკითხებში ვილსონის ცენტრის ექსპერტს, დოქტორ ალექსანდროს პეტერსენს სთხოვა.

"[ნაბუქოს] პრობლემა ის იყო, რომ ის იყო ძალიან დიდი, ჯდებოდა ძალიან ძვირი და არ ჰყავდა დიდი ინვესტორები", - აცხადებს პეტერსენი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული იყო ბუნებრივი გაზის ტრანზიტი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან აღმოსავლეთ ევროპის გავლით ავსტრიაში. ტრანსადრიატიკული მილსადენით კი გაზის ტრანსპორტირება იტალიაში საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით მოხდება.

პეტერსენი აცხადებს, რომ "საქართველო სავარაუდოდ არაფერს დაკარგავს", რადგან საქართველოში ნაბუქოს მილების აშენება ისედაც არ იყო დაგეგმილი. პროექტის თანახმად, სამხრეთ კავკასიის მილსადენი, რომლიც უკვე გადის საქართველოზე, ნაბუქოსთან დასაკავშირებლად სხვა  მილსადენს უნდა შეერთებოდა.

"ნაბუქოზე არ ვიცოდით, სინამდვილეში აშენდებოდა თუ არა და, შესაბამისად, მიიღებდა თუ არა საქართველო სატრანზიტო თანხას. ტრანსადრიატიკულის შემთხვევაში კი ეს ზუსტად ვიცით", - აცხადებს პეტერსენი.

ვილსონის ცენტრის ექსპერტი ვარაუდობს, რომ ნაბუქოს პროექტის ჩავარდნას გავლენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე ექნება.

"განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც გაზპრომს მონოპოლია აქვს და კრემლი ხშირად სწორედ ენერგორესურსებს იყენებს ამ ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაზე. თუმცა, ეს გავლენა დიდხანს ალბათ არ გაგრძელდება. ტრანსადრიატიკულ მილსადენს სავარაუდოდ არაერთი განშტოება ექნება, რომლებიც პირდაპირ ამ ქვეყნებში ჩაიტანს გაზს და, შესაბამისად, შეამცირებს მათ რუსულ გაზზე დამოკიდებულებას", - აცხადებს პეტერსენი.

ტაპ-ის პროექტს დააფინანსებენ ნორვეგიული სტატოილი, პროექტ შაჰ დენიზ-2 კონსორციუმის წევრები - ბრითიშ პეტროლიუმი, აზერბაიჯანის სოკარი, ტოტალი და სხვები.

 

 

კომენტარები