ჩემპიონთა ლიგა

ჩისკო: სტიაუა ძლიერი გუნდია, მაგრამ ბრძოლა ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია

ჩისკო
fcdinamo.ge

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

დინამო თბილისმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, ფარერის კუნძულების სტრეიმური, ანგარიშით - 6:1 დაამარცხა და, სავარაუდოდ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. დინამოელები საპასუხო შეხვედრას, სტრეიმურის წინააღმდეგ 23 ივლისს გამართავენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, რუმინულ სტიაუასა და მაკედონიის ვარდარს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

სტიაუამ ვარდარი შინ 3:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი, სწორედ გამორჩეულ რუმინულ კლუბს აქვს.

ტაბულასთან საუბარში, დინამო თბილისის შემტევმა, გასული სეზონის ბომბარდირმა ესპანელმა ჩისკომ, შესაძლო მეტოქეზე კომენტარი გააკეთა.

"სავარაუდოდ, ჩვენი მეტოქე სტიაუა იქნება. არ არის პრობლემა, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია და ამის მისაღწევად სტიაუას დამარცხება უნდა შევძლოთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ უფრო სუსტი მეტოქე შეგვხვედროდა, მაგრამ დინამო ახლა ძალიან ძლიერი გუნდია და ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა. ამ ეტაპზე, მხოლოდ ფარერის კუნძულებზე გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობთ და იმედი მაქვს, სტუმრადაც წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა ჩისკომ.

კომენტარები