პოსტკომუნისტური ევროპა

პოსტკომუნისტური ევროპის „დაბრუნებული” ლიდერები

ქეთი ზუკაკიშვილი
0 კომენტარი

ბუდაპეშტი უპრეცედენტო წყალდიდობასთან ერთად, პოლიტიკურ სკანდალებთან გამკლავებასაც ცდილობს. ბოლო დროს, უნგრეთის ხელისუფლების მიერ ევროპული პრინციპებიდან გადახვევა საერთაშორისო საზოგადოების განსჯის საგანია.

კრიტიკოსების აზრით, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ ქვეყნის „მოდერნიზაციისა" და „კომუნისტებისგან გაწმენდისკენ" გადადგმულ ნაბიჯებს არაერთი პრობლემა ახლავს თან. ორბანის მოწინააღმდეგეები პრემიერის ავტორიტარიზმზე და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე პარტიული კონტროლის დამყარებაზე საუბრობენ, მომხრეები კი – ეკონომიკის ზრდას, საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირებას უსვამენ ხაზს.

ფიდესი – სამოქალაქო კავშირის ლიდერი და უნგრეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ხელისუფლების სათავეში ორჯერ, სრულიად განსხვავებული სახით მოგვევლინა. 1998-2002 წლებში ორბანმა დინამიკური ლიდერის რეპუტაცია დაიმკვიდრა და გარდამტეხი რეფორმებით დააჩქარა საკუთარი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მისი მმართველობა უკვე არაერთხელ შეაფასეს „ავტორიტარიზმისკენ გადახვევად".

ორბანი ხელისუფლებას სოციალისტური პარტიის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის და მმართველი ძალის პოლიტიკური გაკოტრების ფონზე დაუბრუნდა, თუმცა ამჯერად, თავადაც განსხვავებული გეზი აიღო. მისი მმართველობის სტილის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკომისია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის საბჭო, ადამიანის უფლებათა დამცველი ავტორიტეტული ორგანიზაციები. მიუხედავად ამისა, გამოკითხვები 2014 წლის საპარლემენტო არჩევნებზე კვლავ ფიდესის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. ამ ფონზე, აქტუალურია რეგიონის სხვა „დაბრუნებული" ლიდერების პოლიტიკური ანატომიაც.

მილოშ ზემანი ჩეხეთის პოლიტიკურ წრეებში ჯერ კიდევ 1968 წელს, პრაღის გაზაფხულის დროს გამოჩნდა, თუმცა მალევე, საბჭოთა ინტერვენციის მიუღებლობის გამო, კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს. 1990-იანი წლების დასაწყისში ახლადაღორძინებულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჩაუდგა სათავეში და 1998-2002 წლებში ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტიც მოირგო. სულ ახლახან, ზემანი ჩეხეთის მესამე პრეზიდენტად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე მან ასევე ყოფილი პრემიერი, ვაცლავ კლაუსი შეცვალა. პირველი ანტიკომუნისტური – სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვაცლავ კლაუსი 1992-97 წლებში ჩეხეთის პრემიერი იყო, ხოლო 1998-2002 წლებში – პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი. 2003 წლიდან შემდეგი 10 წლის მანძილზე მას პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

პოსტკომუნისტური ტრანზიცია პრობლემური იყო სლოვაკეთში, რადგან ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ გამარჯვებულმა და ჩეხოსლოვაკიის „ხავერდოვანი" გაყოფის გმირმა ვლადიმირ მეჩიარმა მოგვიანებით თავად მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. სლოვაკეთის სახალხო პარტიის ლიდერი ქვეყანას 1998 წლამდე მართავდა, სანამ მნიშვნელოვანი დაძაბულობის ფონზე, თუმცა საარჩევნო ყუთებთან, არ მოხდა მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

დღესაც სლოვაკეთს „დაბრუნებული" პოლიტიკოსი მართავს. რობერტ ფიცო პოლიტიკაში კომუნისტური პარტიიდან მოვიდა, შემდგომ სოციალ-დემოკრატების ლიდერი გახდა და 2012 წელს მეორედ მოხვდა პრემიერმინისტრის პოსტზე. მისი წინამორბედი, მიკოლას ძირუნდა, რომელსაც პრემიერის პოსტი ორჯერ ეკავა – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად მოგვევლინა.

მარტ ლაარი პირველი თაობის ანტიკომუნისტი და დამოუკიდებელი ესტონეთის ერთ-ერთი პირველი პრემიერმინისტრია. კონსერვატორ პოლიტიკოსს სკანდალის გამო საპარლამენტო უნდობლობა გამოუცხადეს და პოსტი ნაადრევად დაატოვებინეს, თუმცა არაერთი წარმატებული რეფორმის ავტორი თანამდებობაზე 1990-იანების ბოლოს კვლავ დაბრუნდა. ლაარმა საკუთარი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის პოზიციიდანაც. დღეს იგი ესტონეთის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობს.

„დაბრუნებულთა" სიაშია ედგარ სავისაარი – ესტონეთის ანტიკომუნისტური მოძრაობის, სახალხო ფრონტის, ერთ-ერთი ლიდერი და პირველი არაკომუნისტი პრემიერმინისტრი, რომელიც მოგვიანებით შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროებს ხელმძღვანელობდა, 2007 წლიდან კი ტალინის მერია.

სავისაარის ლატვიელი თანამოაზრე, ივარს გოდმანისი, ლატვიის სახალხო ფრონტიდან ჯერ პრემიერმინისტრის თანამდებობაზე აღმოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა მთავრობაში და ფინანსთა, შინაგან საქმეთა და პრემიერმინისტრის პოზიციებს იკავებდა. ერთ-ერთი უმდიდრესი ლატვიელი ბიზნესმენი ანდრის შკელე მთავრობას 1995-97 და 1999-2000 წლებში ხელმძღვანელობდა. 2009 წელს ისევ დაბრუნდა პოლიტიკაში და სახალხო პარტიის ლიდერად მოგვევლინა.

ხელისუფლების სათავეებს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდნენ ბოსნიელი ჰარის სილაჯიჩი და სლოვენიელი ბორუტ პაჰორი, რომელმაც სამთავრობო კრიზისის გამო პრემიერმინისტრის თანამდებობა დაკარგა, თუმცა შარშან ქვეყნის პრეზიდენტად მოგვევლინა. ასევე სლოვენიელი ლიბერალი პოლიტიკოსი იანეშ დრონოვშეკი და კონსერვატორი იანეშ იანშა ორ-ორჯერ იკავებდნენ პრემიერის თანამდებობას.

1990-იანებიდან 2000-იანი წლების ბოლომდე თითქმის მუდმივად მმართველ პოზიციებს ინარჩუნებდნენ მაკედონიელი ბრანკო ცრვენკოვსკი და ხორვატი სტიპე მესიჩი. ხელისუფლებიდან ფაქტობრივად არასოდეს წასულა იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის მემკვიდრე და სლობოდან მილოშევიჩის თანამებრძოლი, მილო ჯუკანოვიჩი, რომელიც მონტენეგროს 1990-იანი წლებიდან მცირე ინტერვალებით მართავს.

პოსტკომუნისტური ალბანეთის პირველმა პირმა სალი ბერიშამ იმ დროს ერთადერთ – შრომის პარტიაში რიგითი წევრობით დაიწყო. მოგვიანებით, ბერიშა ერთპარტიულ რეჟიმს გაემიჯნა, ქვეყნის ლიბერალიზაციისთვის ბრძოლაში ჩაერთო და 1992 წელს ქვეყნის პრეზიდენტად მოგვევლინა. მისი მმართველობის პერიოდში, ტოტალური ფინანსური მაქინაციებისა და სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ პროტესტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა და 2000-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო ბერიშა აიძულა თანამდებობიდან გადამდგარიყო. მოგვიანებით, სოციალისტებად სახელგადარქმეული კომუნისტების წარუმატებელი მმართველობის შედეგად, ბერიშამ დიდ პოლიტიკაში დაბრუნება კვლავ მოახერხა.

უნგრეთში, პოლონეთსა და ჩეხოსლოვაკიაში კომუნიზმის წინააღმდეგ დისიდენტური მოძრაობა ფაქტობრივად არასოდეს შემწყდარა. 1956 წლის უნგრეთის მასობრივი პროტესტი, 1968 წლის პრაღის გაზაფხული, 1970 წლის პოლონეთის საპროტესტო ტალღა, უფრო მოგვიანებით კი – ქარტია 77, სოლიდარობა და რომის კათოლიკური ეკლესიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა – ამ ყველაფერმა აქაური კომუნისტების გარკვეული ადაპტაცია გამოიწვია და პოსტკომუნისტური ტრანზიცია შედარებით გაამარტივა.

ანტიკომუნისტური ოპოზიცია ყველაზე ძლიერი იყო პოლონეთში. კომუნისტების მიერ სოლიდარობასთან მოლაპარაკების და რეფორმების გატარების მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებრივი უკმაყოფილება არ დამცხრალა. 1990 წელს პოლონეთის დემოკრატიულად არჩეული პირველი პრეზიდენტი სოლიდარობის ლიდერი ლეხ ვალენსა გახდა. მომდევნო წელს კი, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ პირველად, ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის 100-ზე მეტმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ სცადა, თუმცა უმრავლესობა სოლიდარობის მოძრაობიდან აღმოცენებულმა კანდიდატებმა მიიღეს.

ვალენსა, რომელმაც სოლიდარობა დააფუძნა და ანტიკომუნისტური ბრძოლისთვის 1983 წლის ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა, წინააღმდეგობრივი პრეზიდენტი აღმოჩნდა. მიუხედავად უდიდესი ისტორიული დამსახურებისა, ერთი მხრივ, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების, მეორე მხრივ კი – კონფრონტაციული ხასიათის და მთავრობის მუდმივი ცვლილებების გამო, მას რეფორმების გატარება გაუჭირდა. მოგვიანებით, პოლონეთის კონსტიტუციით პრეზიდენტის ძალაუფლება შეიზღუდა.

ვალენსასა და სოლიდარობის სხვა ლიდერებს შორის დაწყებული დაპირისპირება კარგად გამოიყენეს ყოფილმა კომუნისტებმა: 1995 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ კვასნიევსკიმ ვალენსა დაამარცხა. მიუხედავად ვალენსას პოლიტიკური წარუმატებლობისა, სოლიდარობის მოძრაობამ არსებობა ყოფილი ლიდერისგან დამოუკიდებლად გააგრძელა. 1997 წელს ის ხელისუფლებაში დაბრუნდა და დღემდე უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფაქტორად რჩება. ამჟამად მოქმედი წამყვანი პოლიტიკური ძალები სწორედ მისი წიაღიდან აღმოცენდნენ. რაც შეეხება თავად ვალენსას, მას 2000 წელსაც ჰქონდა დიდ პოლიტიკაში დაბრუნების მცდელობა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმების მხოლოდ 1% მიიღო.

ყოფილმა კომუნისტებმა გავლენა 2005 წლამდე შეინარჩუნეს და პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე ფრთაზე სტაბილურად დომინირებდნენ, მემარჯვენე პარტიები კი ყოველი არჩევნების წინ სტიქიურად იქმნებოდნენ და მალევე უჩინარდებოდნენ. 2005 წელს ლეხ კაჩინსკის გაპრეზიდენტების და 2006 წელს იაროსლავ კაჩინსკის პრემიერმინისტრად მოსვლის შემდეგ, საბოლოოდ მოხდა ყოფილი კომუნისტების მარგინალიზაცია. დღესდღეობით პოსტკომუნისტური სპექტრის აღარც მემარცხენე და აღარც მემარჯვენე წამყვანი პარტიები აღარ შემორჩნენ თავდაპირველი სახით: ძალაუფლება სოლიდარობის მოძრაობიდან აღმოცენებულ ორ ძირითად პარტიას: კონსერვატიულ სამართალი და სამართლიანობასა და ლიბერალურ სამოქალაქო პლატფორმას შორის იცვლება.

საკმაოდ სწრაფად დასტაბილურდა პარტიული სპექტრი ჩეხეთსა და უნგრეთში, ძირითადი პარტიები აქ სოციალისტები და ფიდესის კონსერვატორები არიან, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უნგრეთში არჩევნების შედეგად ერთპარტიული უმრავლესობა იქმნება ხოლმე, მაშინ როცა ჩეხეთისათვის უფრო მეტად კოალიციური პოლიტიკაა დამახასიათებელი და მთავრობებს, როგორც წესი, ცალკე აღებული ვერც კონსერვატორები და ვერც სოციალ დემოკრატები ვერ აყალიბებენ.
მემარცხენე ფლანგი სტაბილურია ბულგარეთსა და რუმინეთში. რეგიონის სხვა სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ამ ქვეყნებში პირველ თავისუფალ არჩევნებში უმრავლესობა სოციალისტებად რეფორმირებულმა კომუნისტებმა მოიპოვეს. მას შემდეგ, ყოფილ კომუნისტებს ყოველ არჩევნებზე ახალ-ახალი მემარჯვენე პარტიები თუ პარტიათა კოალიციები უწევდნენ კონკურენციას, რომლებიც მალევე იშლებოდნენ. ერთადერთ ქვეყანაში, სადაც კომუნისტური დიქტატურისგან სისხლისღვრის გზით გათავისუფლდნენ, რუმინეთში, ყოფილი კომუნისტები პრაქტიკულად ყველა წამყვანი პოლიტიკური ძალის სათავეში არიან. ჩაუშესკუს დიქტატურის შემდგომი პირველი პრეზიდენტი იონ ილიესკუ ქვეყნის სათავეში 2000 წელს დაბრუნდა და ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება უზრუნველყო.

ბულგარეთი იმითაცაა საინტერესო, რომ 2001-2005 წლებში პრემიერმინისტრად ბულგარეთის უკანასკნელი მეფე მოგვევლინა. სიმონ მეორის, იგივე სიმონ ბორისოვ საქსე კობურგ გოტას, მცირეწლოვნების გამო, სამეფოს რეგენტები მართავდნენ, როდესაც 1946 წელს ბულგარეთში კომუნისტური მმართველობა დამყარდა და მონარქია გაუქმდა. სიმონის მმართველობა არც ამჯერად აღმოჩნდა ხანგრძლივი – 2009 წლის არჩევნებში მისმა პარტიამ ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების მხოლოდ 3% მიიღო. მხოლოდ ბოლო წლებში შექმნილმა, ყოფილი პრემიერმინისტრის ბოიკო ბორისოვის ევროპული განვითარების პარტიამ (გერბ) მოახერხა, ერთი ვადით მმართველობის შემდეგ წამყვან პოლიტიკურ ძალად დარჩენილიყო. მაისში არჩევნებზე გერბმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ სამთავრობო კოალიციის ფორმირება ვერ შეძლო და ოპოზიციაში გადავიდა.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კომუნისტების მარგინალიზაცია მოხდა ლატვიასა და ესტონეთში, სადაც ანტიკომუნისტური ძალების გაძლიერებას ხელი მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობამაც შეუწყო. ტოტალიტარული რეჟიმისგან გათავისუფლებისას, ლიტვისგან განსხვავებით, ლატვიასა და ესტონეთში კანონიერად მცხოვრებ უცხოელებს მოქალაქეობა ავტომატურად არ მიენიჭათ. ასეთი უცხოელების უდიდესი ნაწილი კომუნისტური სტატუსკვოს მომხრე ეთნიკურად რუსი იყო. შესაბამისად, მათ მიერ მოქალაქეობის არქონამ და ხმის მიცემის შეუძლებლობამ ანტიკომუნისტების პოზიციები გააძლიერა.

მეზობლებისგან განსხვავებით, ლიტვის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანმა ალგირდას ბრაზაუსკასმა 1980-იანების მიწურულს ეროვნულ მოძრაობას დაუჭირა მხარი და მოსკოვთან კავშირი გაწყვიტა, რითაც მთლიანად საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა. ბრაზაუსკასის პოსტკომუნისტურმა დემოკრატიულმა შრომის პარტიამ არჩევნებში წარმატებას მიაღწია, თავად ბრაზაუსკასი კი ჯერ პოსტსაბჭოთა ლიტვის პირველი პრეზიდენტი, ხოლო შემდეგ პრემიერმინისტრი გახდა. მოგვიანებით ბრაზაუსკასის პარტია ლიტვის უძველეს – სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შეერწყა და მას შემდეგ სტაბილურად წარმოადგენს ქვეყნის წამყვან მემარცხენე ძალას, რომელიც დღესაც სამთავრობო კოალიციის სათავეშია. თავის მხრივ, მთავრობის სათავეში მეორედ დაბრუნდნენ ლიტველი კონსერვატორი და ლიბერალი პრემიერები – ანდრიუს კუბილიუსი და რონალდას პაქსასი. ეს უკანასკნელი 2003 წელს პრეზიდენტად აირჩიეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ იმპიჩმენტის გზით გადააყენეს. პრეზიდენტი გახდა ვალდას ადამკუსი, რომელსაც ეს თანამდებობა პაქსასამდეც ეკავა – 1998-2003 წლებში.

როგორც დავინახეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური სპექტრის სტაბილიზაცია ნაციონალური თავისებურებების გათვალისწინებით, არაერთგვაროვნად მიმდინარეობს. თუმცა ერთი რამ მთელი რეგიონისთვის მეტ-ნაკლებად საერთოა: მოქალაქეთა პარტიული კუთვნილება და პოლიტიკური ინსტიტუტების ნდობა დასავლეთ ევროპასთან და აშშ-სთან შედარებით ბევრად დაბალია. ეს პარტიებს დაფინანსების ალტერნატიული წყაროს ძიებისა და კორუფციისაკენ უხსნის გზას, რაც პოლიტიკური სკანდალებისა და კრიზისის რისკს ზრდის.

თუმცა, რეგიონისთვის საერთოა ისიც, რომ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არასოდეს ხდება არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება. ყველაზე ფართო მანდატის მქონე პარტიას, როგორც წესი, საშუალოდ, დეპუტატების 30%-მდე ჰყავს, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროებას აჩენს და ერთპიროვნული და დაუბალანსებელი გადაწყვეტილებების მიღებას ფაქტობრივად გამორიცხავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები