შსს

ირაკლი ღარიბაშვილი პატრულის თანამშრომლებს: მე ნამდვილად ვამაყობ თქვენით

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

"მე ნამდვილად ვამაყობ თქვენით. მე ვამაყობ იმ წარმატებით, იმ მიღწევებით, რომლებიც თქვენ შეძელით ამ წლების განმავლობაში და, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში ჩემთან ერთად" - ამ სიტყვებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მიმართა.

დღეს, 20 ივლისს აჭარის რეგიონის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები და კატარღა გადაეცა. სპეციალურ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა  მადლობა გადაუხადა პოლიციის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის, რომელიც ხშირად, ღარიბაშვილის თქმით, პოლიციელებს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.

"მსახურობდე საპატრულო პოლიციაში, არის განსაკუთრებული პატივი და ამავდროულად დიდი ტვირთი. ეჭვი ალბათ არავის ეპარება, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი ღირსეულად წარვდგეთ საზოგადოების წინაშე იმ მიღწევებით, რომელიც უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტემაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით. პატრულის საქმიანობის მარეგულირებელი ახალი სამართლებრივი ბაზა - ეს იქნება პოლიციის ეთიკის კოდექსი, პატრულის ქცევის ინსტრუქციები , კანონპროექტები პოლიციის შესახებ და საგზაო მოძრაობის შესახებ და სხვა - ითვალისწინებენ პატრულის საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ადამიანებთან ურთიერთობის, მათთან დაახლოების დანაშაულის პრევენციისა და მასზე რეაგირების ახალი, უფრო მაღალი დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სტანდარტის შემოღებას", - განაცხადა მინსტრმა.

ახალი რეფორმა, ღარიბაშვილის თქმით, ითვალისწინებს პროპორციულად  უფრო მაღალი სტანდარტის  პასუხისმგებლობას. ამიტომაც,  მთელი სისტემის მასშტაბით იგეგმება თანამშრომელთა ტესტირება ევროპელ და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად, ტრეინინგების ჩატარება და კვალიფიკაციის ამაღლება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დანაშაულის პრევენციისა და მასზე სათანადო რეაგირების მიზნით, ბოლო პერიოდში გაიზარდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების რაოდენობა და მომსახურების ზონა.

"საპატრულო პოლიცია უკვე ფარავს აქამდე აუთვისებელ რეგიონებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრის თქმით, ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით დამატებითი ზომები გატარდა აჭარის მოსახლეობის და დამსვენებელთა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.

"სპეციალურად გამოვყავით მინი-კუპერების მარკის ავტომობილები, რომლებიც ტურისტულ ზონებში პატრულირებას უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის. ამავე მიზნით დაემატა მოტოციკლეტები", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები