საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერი

ბაქრაძე: როცა ხელისუფლება საქმეს ვერ გვაჩვენებს, ქვების სროლაზე გადადის

Georgian Parliament speaker David Bakradze talks to the media after a meeting with representatives of the opposition Georgian Dream coalition at the government office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენი პრაიმერი მიმდინარეობს. ზუგდიდის თეატრში დელეგატების შეკრებას წინ უსწრებდა ქართული ოცნების აქტივისტთა მხრიდან ბოთლებისა და ქვების სროლის ინციდენტი.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე ზუგდიდის თეატრთან განვითარებულ ძალადობას გამოეხმაურა და  საკუთარი გამოსვლის შესავალ ნაწილში განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებმაც მათ ქვები დაუშინეს, გამგებლების დავალებით მოიყვანეს.

"როდესაც აქ მოვდიოდი, სულ სხვა რამ მინდოდა მეთქვა, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო. ამ რეგიონს ძალიან კარგად ახსოვს, რა ხდება და საით მიდის ქვეყანა, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი მეორე ნაწილს უწყებს ქვების სროლას, ამ რეგიონს კარგად ახსოვს, რა მოჰყვა ქვების სროლას 1990-იან წლებში, 2000-იან წლებში. ჩემი მთავარი კითხვა დღეს არის ეს, ამ რეგიონს ეს ესმის და ახსოვს, მაგრამ ესმის ეს ჩვენს ხელისუყფოლებას? რას ნიშნავს ის, როცა საზოგადოების ერთ ნაწილს ახალისებ იმისთვის, რომ მეორე ნაწილს ქვა ესროლოს? იმიტომ რომ, რაც დღეს აქ გარეთ ხდება, ეს არ არის ემოციური ადამიანების ემოციის გამოხატვა. ეს არ არის გაბრაზებული ადამიანების ბრაზის გამოხატვა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ორგანიზებულად გამგებლების დავალებით მიიყვანეს მიკროავტობუსებით; არ მიყვარს ასეთი ბრალდებებით ტყუილად გამოსვლა, დღეს ამას ვამბობ და პასუხისმგებელი ვარ ჩემს სიტყვებზე. მე მინდა დავუსვა ხელისუფლებას კითხვა: ესმის, თუ არა, მას როცა ასეთი დაპირისპირებას უკეთებ ორგანიზებას და ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლისგანაც გამგებლებმა ასეთი დავალება მიიღეს. იმიტომ რომ თუ ასეთი ადამიანები არ დაისჯებიან და ხელისუფლება არ გაიაზრებს, რომ ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ჩვენ ვიტრიალებთ იმავე წრეზე, რა წრეზეც 20 წელი დავდიოდით და რამაც მთელ საქართველოს და ამ რეგიონს უამრავი სისხლი და ტრაგედია მოუტანა; ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ და აქეთ დაბრუნება არ უნდა დავუშვათ. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად და გავაკეთოთ ჩვენი საქმე. მაშინ როცა ხელისუფლებას არ შეუძლია გაკეთებული საქმე გვაჩვენოს, ქვების სროლაზე გადადის. ჩვენ ქვების სროლას ჩვენი სიმართლით ვუპასუხებთ, იმიტომ რომ სიმართლე ყველანაირ ქვაზე უფრო მტკივნეული და ძლიერია. ჩვენი ძალა დღეს არა - ქვებში არამედ ჩვენს სიმართლეშია", - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები