ზუგდიდის ინციდენტი

ზუგდიდში დაკავებული პირები 100-100 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

hcoj.gov.ge

100-100 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ ზუგდიდში დაკავებული 12 პირი, რომლებმაც გუშინ, 20 ივლისს, ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრებსა და პრაიმერის დელეგატებს თეატრის წინ ქვები და ბოთლების დაუშინეს. ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლების ფაქტს ადასტურებენ.

თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის 12 მონაწილე სამართალდამცავებმა გუშინ, 20 ივლისს, დააკავეს. მათ მიმართ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობდა.

აქტივისტების დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოძალადეების "სამაგალითოდ დასჯის" პირობა დადო.

"პოლიცია იცავდა და იცავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ექსცესები და ვუმზრუნველოთ მათი უსაფრთხოება... მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ადამიანები იქნებიან დადგენილნი და სამაგალითოდ დასჯილები. ჩვენ ვთქვით და შევპირდით მოსახლეობას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ნამდვილად სამაგალითო. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ. შესაბამისად, ჩვენ არ დავუშვებთ და ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას", - განაცხადა  ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები