ევროკავშირი-საქართველო

კვირიკაშვილი: ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები დავასრულეთ

government.gov.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დასრულდა. დღეიდან კი მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე იწყება. 

"დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც თავის მხრივ ასოცირების შეთანხების ნაწილია. მოლაპარაკებების პროცესის დასრულება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მიმდინარე წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ. დღეიდან იწყება მუშაობა შეთანხმების ტექსტის სამართლებრივ ექსპერტიზაზე და მის ხელმოსაწერად მომზადებაზე. ამ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მაქსიმალურად სწრაფად და ამავე დროს ხარისხიანად დასრულება, ახალი მთავრობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენდა, ეს არის საქართველოს ევროპული არჩევანის კიდევ ერთი დადასტურება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოლაპარაკებების პროცესმა აჩვენა, საქართველოს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთნდობასა და ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

მისივე თქმით, ამ შეთანხმებით მისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველო მიიღებს შესაძლებობას, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში მოახდინოს როგორც საქონლის, ასევე, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში. 
"განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეთანხმება გულისხმობს არა მარტო საიმპორტო ტარიფების ლიბერალიზაციას, არამედ ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მოხსნასაც. წვდომა ევროკავშირის, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს და მდიდარ ბაზარზე, არის მძლავრი იმპულსი ქართული ბიზნესისა და ექსპორტის განვითარებისთვის. ეს შეთანმება ასევე მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

კომენტარები