კომიქსი

ჩვენი დროის გმირები

The Times They Are a-Changin'

1933 წელს, მაშინ როდესაც კომიქსი არც ისე პოპულარული ხილი იყო ამერიკაში, ჯერი სიგელს ახალი გმირის შექმნის იდეა მოუვიდა თავში. ეს უნდა ყოფილიყო ადამიანი შორეული პლანეტიდან, რომელსაც ზებუნებრივი ძალა ექნებოდა და მას კაცობრიობის კეთილდღეობისთვის გამოიყენებდა. სიგელის იდეის ვიზუალიზაცია თავის თავზე მისმა მეგობარმა, მხატვარმა ჯო შუსტერმა აიღო. მან გმირს, რომელსაც ამერიკის სიმბოლოდ გადაქცევა ეწერა, ლურჯი სამოსი ჩააცვა, წითელი მოსასხამი მიუხატა, იმავე ფერის ტრუსი ამოაცვა და გულზე ლათინური სიმბოლო S დაახატა.

1938 წელს შემქმნელებმა სუპერმენი „დეტექტიური კომიქსების კორპორაციას" მიჰყიდეს, კომპანიას, რომელსაც მომავალში ყველა DC-ის სახელით გაიცნობს. იმავე წელს „ექშენ კომიქსის" პირველი ნომერი გამოვიდა, სადაც სიგელის და შუსტერის ქმნილება პირველად იხილა მაყურებელმა. სწორედ ამ დღეს დაიბადა ამერიკის უდიდესი ლეგენდა და გმირი – სუპერმენი.

სუპერმენმა მალევე მოიპოვა წარმოუდგენელი პოპულარობა. ის ამერიკის სიმბოლოდ იქცა, მისი გულზე გამოსახული ნიშანი S კი დღეს ჯვრის შემდეგ ყველაზე ცნობადი სიმბოლოა. სუპერმენმა კომიქსების ოქროს ერა დაიწყო და ათწლეულები სუპერგმირის ეტალონი იყო, უძლეველი, კეთილშობილი, მომხიბვლელი, თავგანწირული, მაღალი მორალისა და ზნეობის მატარებელი პერსონაჟი, რომელიც პლანეტა ქრიფთონითზე გაჩნდა. მამამისმა ის ჯერ კიდევ ჩვილი გამოუშვა დედამიწაზე. კალ ელი (სუპერმენის ნამდვილი სახელი) კანზასელი ფერმერების, ჯონათან და მართა კენტების ოჯახში მოხვდა. ცოლ-ქმარმა უცხოპლანეტელ ბავშვს კლარკი უწოდეს და შვილივით გაზარდეს.

კლარკ კენტი უნაკლო პერსონაჟი იყო, რომელმაც ათეულობით ახალი კომიქსის პერსონაჟს ჩაუყარა საფუძველი. კაპიტანი ამერიკა, ადამიანი ობობა, ბეტმენი – ეს გმირები კომიქსის ოქროს ხანაში, სუპერმენის მსგავსად, კეთილი გმირები იყვნენ, შეცდომებს არასოდეს უშვებდნენ და მათი მეტოქე მუდამ წმინდა ბოროტება იყო. ანტაგონისტები, რომლებიც არანაირ სიმპათიას არ იწვევდნენ, მათი დანაშაულის მოტივი, ნაივური და ზედაპირული იყო.

კომიქსების ოქროს ეპოქას ვერცხლის მოჰყვა, შემდეგ ბრინჯაოსი. ცვლილებები კი არსად ჩანდა, მხოლოდ აქა-იქ თუ მოხდებოდა რაიმე განსხვავებული. DC-ისა და Marvel-ის კომიქსების სამყარომ გაფართოება დაიწყო და სუპერგმირებმა კინოში გადაინაცვლეს, სადაც მხოლოდ სუპერმენმა გაამართლა. XX საუკუნის ბოლომდე ჰოლივუდმა კომიქსების ეკრანიზაცია არ მიიღო. ამერიკას ახალი გმირები სჭირდებოდა, ეს გმირები კი მხოლოდ 80-იან წლებში გამოჩნდნენ.

60-70-იან წლებში ამერიკამ ყველაფერი ნახა – ვიეტნამის ომი, მთვარე, ჰიპები, მარტინ ლუთერ კინგი, პირველი სუპერ ბოული. ამ წლებში დაბადებულ ბავშვებს „X გენერაცია" (Generation X) უწოდეს. იქს გენერაცია მშობლების ჩრდილში იმყოფებოდა. მათ სიახლე სჭირდებოდათ, არაფერში აინტერესებდათ უნაკლო სუპერგმირები, ნაკლებმიმზიდველი იყო თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული ხალხი – მათთვის დაუჯერებლად ალტრუისტი და გულისარევამდე კეთილი. სუპერმენი და კაპიტანი ამერიკა მეორეხარისხოვნები გახდნენ, ხოლო კომიქსი გრაფიკული ნოველის „მსხვერპლად" იქცა...

ფრენკ მილერი და ალან მური – ეს ორი მწერალი რევოლუციის უმთავრესი შემოქმედია. მათ 86-88 წლებში ბეტმენი აიყვანეს კომიქსების ოლიმპოს სათავეში, როცა „ბეტმენი: პირველი წელი", „მომაკვდინებელი ხუმრობა" და „ბნელი რაინდის დაბრუნება" დაწერეს. ბეტმენი სუპერგმირი აღარ იყო. ის ჩვეულებრივი მოკვდავი გახდა, რომელიც ძალადობაზე და შურისძიებაზე უარს არ ამბობს. ის შიშის სიმბოლოდ იქცა. ბეტმენი გახდა ანტიგმირი, რომლის მთავარი მტრებიც არა სუპერძალის მქონე პერსონაჟები იყვნენ, არამედ ადამიანები, ვისაც ხშირ შემთხვევაში მენტალური პრობლემები ჰქონდათ და მათი ბექგრაუნდიც კარგად მოფიქრებული ადამიანური ისტორია იყო.

ბეტმენის გრაფიკულ ნოველებს ალან მურმა დაურთო „გუშაგები" (Watchmen), რამაც კომიქსებს გამოუსწორებელი დაღი დაასვა. გრაფიკული ნოველა კომიქსების ოქროს ხანის კუბოზე ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვან ლურსმნად იქცა. „გუშაგები" იყო სუპერგმირების გუნდი, რომელმაც ეპოქას ნამდვილი სახე და გმირები დაანახა – დაუნდობელი, ამორალური, ეგოისტი პერსონაჟები. რორშახი, ოზიმანდიასი, დოქტორი მანჰეტენი, კომედიანტი ანტიპოდები იყვნენ იმ ხატების, რომლებიც 30-40-იან წლებში შეიქმნა.

ალან მური ყოველ თავში ძველ გმირებს დასცინის და ამას თავისი პერსონაჟების საპირისპირო საქციელით აკეთებს. კულმინაცია ნიუ იორკის აფეთქებაა, რომელსაც არა რომელიმე ანტაგონისტი, არამედ ერთ-ერთი უდიდესი გმირი, ოზიმანდიასი ახორციელებს. მიზეზი – მილიონების სახელით მილიარდების გადარჩენა. რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც დაცლილია ყველანაირი ემოციებისგან და გრძნობებისგან. მან გააკეთა ის, რასაც არცერთი გმირი არასდროს იზამდა.

სუპერგმირები მიწაზე დაეშვნენ და ღირებულებების გადაფასება დაიწყეს. ბეტმენის პოპულარობას, Wolverine-ისა და Daredevil-ის მსგავსი ანტიგმირების წინ წამოწევა მოჰყვა. სპაიდერმენი, რკინის კაცი, კაპიტანი ამერიკა, იქს ადამიანები მტკივნეულად, მაგრამ მაინც ყველა აჰყვა პროცესს. სუპერმენი ვერაფრით ინელებდა პირველობის დაკარგვას. პატარა, ეგოისტი ბავშვივით იყო, რომელიც სხვაზე ყურადღების გადატანას ვერ იტანს, რომელიც უფროსებს არ უჯერებს და იმას აკეთებს, რაც უნდა. სუპერმენის ქრიფთონითი 90-იანი წლები აღმოჩნდა, როდესაც კლარკ კენტმა არა მარტო პირველობა დაკარგა, არამედ ათეულობით გმირის ფონზე დაიკარგა. ეს კი უკვე მეტისმეტი იყო. სუპერმენი მოკვდა. ერთ დროს უძლეველი გმირი, გარდაიცვალა.

სუპერმენის სიკვდილმა შედეგი გამოიღო – ყველას გაახსენდა ერთ დროს ამერიკის უდიდესი გმირი. ყველას მოენატრა და DC-ს მისი გაცოცხლება „მოუწია". შედეგად, კლარკ კენტი კომიქსების სამყაროში წარმატებით დაბრუნდა, პირველობა ვერ დაიბრუნა, მაგრამ მისი ისტორიები საინტერესო გახდა. ეს იმიტომ, რომ ისიც მიხვდა მთავარს – ეპოქა იცვლება და მისი შეხედულებები ძალიან მოძველდა. ის უფრო მეტად დედამიწელი გახდა.

XXI საუკუნის დასაწყისში კინოკომიქსების ბუმი დაიწყო. Marvel-მა თავისი სამყაროს ყველა მნიშვნელოვან პერსონაჟზე ფილმი გადაიღო (ადამიანი ობობა, რკინის კაცი, თორი, შურისმაძიებლები, იქს ადამიანები), თუმცა უმთავრეს კინოეკრანიზაციად მაინც DC-ის ქმნილება, ბეტმენზე გადაღებული ტრილოგია იქცა. კრისტოფერ ნოლანი მიხვდა მთავარს, იმას, რომ ალან მური და ფრენკ მილერი მართლები იყვნენ და მაყურებელს ბნელი, პირქუში, მაქსიმალურად რეალისტური გმირები სჭირდება, ვისთანაც იდენტიფიკაციას მოახერხებს. ბეტმენმა მაყურებელს მისცა ის, რაც ადამიან ობობას, ყველა შურისმაძიებელსა და იქს ადამიანს ერთად არ აქვს – მთავარი გმირი, როგორც რიგითი ადამიანი, ისე წარმოუდგინა. ბეტმენი სუპერგმირზე მეტად პოლიტიკოსია, რომელიც ბევრ შეცდომას უშვებს.

კინოკომპანია Warner bro-მ ნოლანს სუპერმენის კინოში გაცოცხლება სთხოვა. ბრიტანელმა რეჟისორის სავარძელზე უარი თქვა და ადგილი ზაკ სნაიდერს დაუთმო, რომელმაც წლების წინ „გუშაგების" ეკრანიზაცია გადაიღო, ალან მურის იმ გრაფიკული ნოველის, რომელმაც თავის დროზე კომიქსების სამყარო შეცვალა.

ზაკ სნაიდერი და კრისტოფერ ნოლანი სუპერმენისგან ახალი გმირის შექმნას აპირებენ. გმირის, რომელსაც წითელი შორტები აღარ ეცმევა, რომლის თითოეული ნაბიჯიც არა ალტრუიზმით, არამედ მისი წარსული ცხოვრების გამოცდილებით აიხსნება. როგორც ბეტმენის ტრილოგიაა ორად გაყოფილი ბრუს უეინზე და ბეტმენზე, ასე იქნება აქაც. სნაიდერის ფილმის დიდი ნაწილი სუპერმენის ადამიანური მხარის, კლარკ კენტის გაცნობას, მისი მოტივების გაგებასა და გაანალიზებას დაეთმობა. სუპერმენი სუპერმენი არ იქნება. ის ფოლადის ადამიანია, რომელმაც უნდა დაიმსახუროს, რომ მაყურებელმა სუპერმენი უწოდოს.

როგორც ბილი იტყოდა, არსებობენ გმირები და მათი ალტერ ეგოები. სპაიდერმენის ალტერ ეგო პიტერ პარკერია, ბეტმენის ბრიუს უეინი. როდესაც ადამიანი ობობა დილით იღვიძებს, ის პიტერ პარკერია და მხოლოდ კოსტიუმის ჩაცმის შემდეგ ხდება სუპერგმირი. ანალოგიურია ბეტმენის შემთხვევაც, სუპერმენი კი სუპერმენად იღვიძებს. მისი ფორმა, რომელსაც სიმბოლო S ამშვენებს, არა მისი კოსტიუმი, არამედ ყოველდღიური სამოსია. აი, ის ტანსაცმელი კი, რაც კლარკ კენტს აცვია, ნიღაბია, რომელსაც სუპერმენი ყოველდღე ატარებს. ის გმირად იღვიძებს და იძინებს. კლარკ კენტის პერსონაჟით სუპერმენი ჩვენს ნამდვილ სახეს გვაჩვენებს – სუსტს, მშიშარას და საკუთარი თავის რწმენის არმქონეს. მიუხედავად ამისა, ის არასოდეს გაბოროტებულა და არ უღალატია ადამიანებისთვის. ეპოქაში. როდესაც მარველის გმირებს სამოქალაქო ომი ჰქონდათ (კაპიტანი ამერიკა რკინის კაცს დაუპირისპირდა), ბეტმენი თანამედროვე კომიქსის გმირის სიმბოლოდ იქცა, თუმცა სუპერმენი მაინც უდიდეს გმირად დარჩა. ზაკ სნაიდერს ყველანაირი წინაპირობა აქვს, სუპერმენი რეტრო და თანამედროვე გმირების იდეალურ სინთეზად აქციოს.

კომენტარები