როდესაც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში მიმდინარე მოდის კვირეულებზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციების ჩვენება დამთავრდა, გარდა მოულოდნელად დაბრუნებული პანკური ესთეტიკის და ექსტრავაგანტული ბეწვის პალტოების, რთული იყო სხვა რაღაცაზე გვეფიქრა. წინ მართლაც საინტერესო შემოდგომა გველის, ზედმეტად მასკულინური სამოსით და უჩვეულოდ მხიარული გრაფიკული პრინტით, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ზაფხულის მოდა კი განსხვავებულ ტენდენციებს გვკარნახობს. მართალია, ის საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა რამდენიმე ტრენდი განსაკუთრებით განსაზღვრავს ჩაცმულობის აქტუალურობას:
იაპონია – ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დრეს-კოდთან დაკავშირებული ინსპირაცია ამომავალი მზის ქვეყანას უკავშირდება. მეტიც, სამოსში ყოველ სეზონზე აზიური მოტივები სულ უფრო მოსაბეზრებელი ხდება, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, იაპონური სტილი კვლავ აქტუალური გამხდარიყო. ეს, ალბათ, Prada-ს შთამბეჭდავი საზაფხულო კოლექციის დამსახურებაა. ძიუდოს წინდები, ტრადიციული ფეხსაცმელი – გეტა, ქამარი ობი, კიმონოს სტილის თხელი პიჯაკები და რთული ნაქარგები სამოსზე, ასევე ორიგამის ფორმის კაბები მოდურია ისე, როგორც არასდროს. Emillio Pucci-ს, Haider Ackermann-ის, Dries Van Noten-ის, Lanvin-ის, Etro-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები აღნიშნულ ტრენდზე სწორ წარმოდგენას გვიქმნის.
შავ-თეთრი – როგორი უცნაურიც უნდა იყოს, მონოქრომატულობა ამ სეზონზე გაცილებით მოდურია, ვიდრე სიჭრელე და მხიარული ფერები. მეტიც, შავ-თეთრის კონტრასტული კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტენდენციაა. Louis Vuitton-მა სამოსი ჭადრაკის დაფად აქცია, Alexander Wang-თან კი ეს ორი ფერი დეკონსტრუქციის უკეთ წარმოსაჩენად იყო გამოყენებული. Balenciaga-მ და Paul Smith-მა შავი სმოკინგის ტარება თეთრ მაისურებზე შემოგვთავაზეს. პრინტში დომინირებდა შავ-თეთრი ზოლებიც Michael Kors-თან, Dolce&Gabbana-სთან, Costume national-თან...
რეტრო – ყოველთვის აქტუალურია. ამჯერად მოდაში ოთხმოცდაათიანებისა და სამოციანების ესთეტიკა დაბრუნდა. მბზინავი ქსოვილი, თამამი ფორმები და გრანჟი გასული საუკუნის ბოლოს გვაბრუნებს, მაშინ, როდესაც რომანტიკულ სილუეტებს, ვიწრო მხრებს, ძალიან მოკლე კაბებს, მაღალ ვარცხნილობას და color block-ს იმ დროში გადავყავართ, როდესაც ფრანსუაზა არდი ყველაზე ლამაზი იყო, ბითლზი კი – რევოლუციის სინონიმი. Jean Paul Gaultier-მ და Lanvin-მა ქედი ოთხმოციანებსაც მოუხარეს, როდესაც განიერ მხრებზე გააკეთეს აქცენტი.
ყვავილები – როგორი ლამაზიც უნდა იყოს ეთნიკური პრინტი ან ნახატი პოლოკის შემოქმედების მოტივებზე, თბილ სეზონზე ყვავილები ყოველთვის ყველაზე ადეკვატური ტრენდი იქნება. ისიც აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში (მაგალითად, Bottega Veneta-სთან, Boss Black-თან) ფერთა გამა ზედმეტად მშვიდი, „საშემოდგომო" განწყობის მატარებელი იყო. ყვავილები გაჩნდა აქსესუარებზეც – Erdem-ის ფეხსაცმელზე, Dolce&Gabbana-ს ჩანთებზე. საინტერესოა ყვავილები,როგორც აპლიკაცია – სამოსი ამ დეტალით იყო გაფორმებული Giambatista Valli-სთან, Chanel-თან, Chloe-სთან. ამგვარად დიზაინერებმა ერთდროულად მოცულობის გაზრდას და სინაზის განცდის წარმოქმნას მიაღწიეს.
Safari – ისევე, როგორც ყვავილები, მოსალოდნელი ტენდენცია იყო. ეს სტილი ყოველთვის ასოცირდება კომფორტთან, რაც პრიორიტეტული ხდება ცხელი დღეების დადგომისთანავე. უდაბნოს ფერების პალიტრა ბევრი ბრენდის კოლექციაში ფიგურირებს, მათ შორისაა Max Mara, Simonetta Ravizza, Kenzo, Salvatore Ferragamo... ნატურალური ქსოვილი, oversize, მოხერხებული კომბინეზონები და თავისუფალი სტილის კაბები მიკერებული ჯიბეებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ აფრიკაში მოგზაურად ვიგრძნოთ თავი.
Transparent – Missoni, MaxMara, Helmut Lang, Chloe, Emillio Pucci, Akris, Reed Krakoff, Alberta Ferretti, Blugirl, Temperley London, Rick Owens, Givenchy, Cacharel, Stella McCartney – ეს სახელები ავტორიტეტული რომ არ იყოს, ზაფხულის ჰაერის ტემპერატურის გათვალისწინებით, თხელი შიფონისა და ორგანზას ქსოვილით შეკერილი გამჭვირვალე სამოსი მაინც ყველაზე მიმზიდველი იქნებოდა. სიფრიფანა, ჰაეროვანი კაბები, როგორებიც ვნახეთ Cacharel-თან, Missoni-სთან თუ Reed krakoff-თან, ამ სეზონის ყველაზე მოთხოვნადი და ლამაზი ტენდენციის ნაწილად იქცა.