დედაქალაქის თვითმმართველობა

საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე უმრავლესობა უკვე შეთანხმდა

თბილისის საკრებულოში ფრაქციების - დედაქალაქის თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა და ქართული ოცნება - თბილისის თავმჯდომარემ გიორგი მუსხელიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცება პარიტეტული პრინციპით აღარ მოხდება.

მუსხელიშვილისა და იონათამიშვილის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ სასამართლოსათვის მიმართვით ხელიდან გაუშვა აღნიშნულ თანამდებობებზე კანდიდატების პარიტეტული პრინციპით წარდგენის შანსი. მისივე თქმით, ოპოზიციამ ასევე შეიკავა თავი საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და 13 კომისიის თავმჯდომარეების დასახელებისგან.

მუსხელიშვილის განმარტებით, საკრებულოს ახალი თავმჯდომარის კანდიდატურზე უმრავლესობის წევრები უკვე შეთანხმებული არიან. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს ირაკლი შიხიაშვილი, თუმცა მუსხელიშვილი და იონათამიშვილი ამის დადასტურებისგან ჟურნალისტებთან თავს იკავებენ.

ხვალ, 26 ივლისს, საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადარჩევის, ასევე საკრებულოს ახალი თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და 13 კომისიის თავმჯდომარეების არჩევის საკითხი დადგება. გუშინ საქალაქო სასამართლომ არ მიიღო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრების სარჩელი, რომლითაც ისინი 19 ივლისის საკრებულოს სხდომის ლეგიტიმურობას და მის შედეგებს აპროტესტებდნენ.

დღესვე საკრებულოში მიმდინარე პროცესებს თბილისის მერი გამოეხმაურა. გიგი უგულავას განცხადებით, ახალ უმრავლესობას უფლება აქვს თბილისის საკრებულოში ახალი თავმჯდომარე აირჩიოს.

"დღეს იქ შეიკრა ახალი უმრავლესობა, რომელსაც შეუძლია და უფლება აქვს ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და ხელახლა დააკომპლექტოს კომიტეტები. მე ამ პროცესს მხოლოდ თვალყურს ვადევნებ და საჭიროდ არ ვთვლი ჩემი მხრიდან ჩარევას, რადგან მერი და მერია არის ცალკე არჩევითი ორგანო", - განაცხადა უგულავამ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას იტყვის ყოფილ თანაგუნდელ ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურაზე, მერმა უპასუხა, რომ "არაფერს". 
 

 

 

 

კომენტარები