საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ილია მეორე: ეკლესია იქცა რუსეთის სახელმწიფოებრიობის ღერძად

0 კომენტარი
პატრიარქი და პუტინი ფოტო: kremlin.ru

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი, ილია მეორის მიერ, მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძრის სატრაპეზო დარბაზში 24 ივლისს წარმოთქმულ სიტყვას აქვეყნებს. ილია მეორეს მიაჩნია, რომ რუსული გზა საკუთარ თავში მატერიალური განვითარების პარალელურად, სულიერი განვითარების ხელის არშეშლას გულისხმობს.

"ყველაზე მთავარი, რაც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააკეთა საკუთარი ხალხისთვის - ეს არის მცდელობა გაეზარდა მისი ხალხი რწმენის, სასოებისა და სიყვარულის ძალით. მართლმადიდებელი რწმენა იმდენად ახლოს იყო რუსი ხალხის სულთან, რომ მან მიიღო ეს, როგორც ღვთის უდიდესი ნიჭი. კიდევ რა გააკეთა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ? მართლმადიდებელი ეკლესია იქცა რუსეთის სახელმწიფოებრიობის ღერძად. რუსული იდეის ცენტრად. ყველაზე მთავარია - სწორად განისაზღვროს ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება. მეცხრამეტე საუკუნის რუსი ფილოსოფოსების აზრით, მატერიალურმა განვითარებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს სულიერ განვითარებას: ასეთია რუსული გზა", - განაცხადა რუსეთში ილია მეორემ.

კათოლიკოსმა ილიამ ქართულ იდეაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართველმა ფილოსოფოსებმა და რელიგიურმა მოღვაწეებმა ქართული იდეა სამი ღირებულებით განსაზღვრეს:

"ქართველი ფილოსოფოსები და რელიგიური მოღვაწეები მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეძებდნენ ქართულ იდეას და მათ ის იპოვეს. ის მდგომარეობს სამი უდიდესი ღირებულების შენახვაში: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს, სამივე ღირებულებამ შეიძლება იარსებოს მხოლოდ ერთად: ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა და ცხოვრება ღმერთში, სამშობლოს ღირებულება, სადაც ჩვენი კულტურული ფესვებია გადგმული და სულიერი ძალა ჩვენი წინაპრებისა მებრძოლ და მოზეიმე ეკლესიასთან ურთიერთობაში. და მესამე უდიდესი ღირებულება - ეს არის ადამიანი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, ადამიანური სიცოცხლის ღირებულება, რომელიც მისდევს მხსნელის მოწოდებას: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მთ. 5:48)", - მიმართა პატრიარქმა რუს თანამწირველს.

აღსანიშნავია, რომ დევიზი - "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" - პატრიარქ ილია მეორეს ეკუთვნის. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ქებურია

კომენტარები