სემინარი

სიახლე: ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასუქები

აგრარული უნივერსიტეტი

ბაზალეთის სასწავლო ცენტრმა ორდღიან ინტენსიურ საზაფხულო სემინარს უმასპინძლა. სემინარი მეხილეობაში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეხილეობის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

ორგანიზატორების თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრაქტიკოსები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ერთად განიხილავენ სოფლის მეურნეობის სფეროსთვის საინტერესო თუ პრობლემურ საკითხებს და ერთმანეთთან აჯერებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ შესაძლებლობებს.

"რეალურად ისე ხდება, რომ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სრულიად წყდებიან იმ ადამიანებს, ვინც თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში აცოცხლებს. აუცილებელია, ჩვენ გადავცეთ მათ ის ცოდნა, რაც ჩვენ გვაქვს და მათგან მოვისმინოთ მათი მოსაზრებები თუ პრობლემები. ეს ხელს შეუწყობს როგორც მეცნიერების განვითარებას, ისე პრაქტიკული უნარების და მიდგომების გაუმჯობესებას, რაც აუცილებლად აისახება დარგის პროდუქტიულობაზე", - აღნიშნა მეხილეობის ინსტიტუტის დირექტორმა ზვიად ბობოქაშვილმა.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს ფერმერებმა, აგრობიზნესის წარმომადგენლებმა, საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა, ჟურნალისტებმა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულმა სხვა პირებმა. 

სემინარზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის, ხილის მოყვანის ძირითადი თავისებურებები, ბაღის გაშენების, გასხვლის, მყნობის, განოყიერების და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მიდგომები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

როგორც სემინარში მონაწილე ფერმერებმა იოსებ ფარიხელაშვილმა, ნიკა ომაძემ და იზოლდა ქიტესაშვილმა აღნიშნეს, ყველაფერი, რაც მათ სემინარის მსვლელობისას მოისმინეს, მომავალ საქმიანობაში გამოადგებათ, თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც ახალი ტიპის სასუქების აღმოჩენა იყო.

ნანობიოორგანული სასუქების შესახებ ინფორმაცია მათ ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასუქების რიგის, Biozar-ის აღმოსავლეთ ევროპის და აზიის ოფიციალური წარმომადგენლობის, Golden Era-ს თავმჯდომარემ, მაჰმუდ ოგკოიმ მიაწოდა.

"ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასუქები ქართველი ფერმერებისთვის მოგებიანი იქნება. ერთი კილოგრამი ამ სასუქის გამოყენება ერთი ტონა შხამქიმიკატების გამოყენების ტოლფასია. ამასთან, ნანობიოორგანული სასუქები ეკოლოგიურად უფრო სუფთაა, გაცილებით იაფი ღირს და ნაკლებ ადამიანურ რესურსს მოითხოვს. უხეში გამოთვლებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოყენებით პროდუქცია დაახლოებით 40%-ით გაიზრდება", - აღნიშნა ოგკოიმ.

მისი თქმით, ახალი ტიპის სასუქებს უკვე იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, მეზობელ თურქეთშიც, სადაც ეს პროდუქცია სერტიფიცირებულია. საქართველოში უკვე ჩატარდა ლაბორატორიული ტესტები და კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგისტრაციის უფლებისთვისაც მიმართა. 

კომენტარები