ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელთა შორის

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები დღეს თურქეთთან გამარჯვებას გეგმავს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
msy.gov.ge

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, დღეს ბოლო მატჩს გამართავს. B ჯგუფის პირველ შეხვედრაში ქართველებმა, ფავორიტ საფრანგეთთან ფრედ - 0:0 ითამაშეს, მეორე მატჩში კი სერბეთთან 1:0 დამარცხდნენ. იმის შანსი, რომ გია ცეცაძის გუნდი ჯგუფიდან გავა, ძალიან მცირეა, რადგან ჯვაროსნებს დღეს თურქეთთან გამარჯვება სჭირდებათ, პარალელურად კი ჯგუფიდან გასულმა სერბებმა ფრანგები უნდა დაამარცხონ.

"ფრით დავიწყეთ, შემდეგ კი მარცხი განვიცადეთ. ახლა დროა, რომ თურქეთის წინააღმდეგ მატჩი მოვიგოთ", - აცხადებს გია ცეცაძე. ოპტიმისტურად არის განწყობილი თურქეთის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელიც: "მიუხედავად იმისა, რომ ორი შეხვედრა წავაგეთ, უკანასკნელი მატჩის მოგება და სახლში სამი ქულით დაბრუნება რაღაცას ნიშნავს. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვთვლი, რომ ბოლო მატჩის მოგება მნიშვნელოვანია. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს ტურნირი იმსახურებს და მის დონეს როგორც შეეფერება", - განაცხადა ოკან ბურქმა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, დისკვალიფიკაციის გამო, კაპიტანი ბაჩანა არაბული დააკლდება. შეხვედრა თბილისის დროით, 17:30 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები